Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც საექსტრადიციო პატიმრობაშია, გლდანში, ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, გადაიყვანეს. ის 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს.

სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღის წინ, 3 ოქტომბერს, ინფორმაცია გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“.

„არ გამოვრიცხავ, რომ დამძიმდა მდგომარეობა. მაგრამ ჩვენც გვქონდა მოთხოვნილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მისი მდგომარეობა დამძიმდა“, - უთხრა ადვოკატმა „მთავარ არხს“.

რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქმრის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ციხიდან აცნობეს:

„გუშინ საღამოს დამირეკა ციხიდან ერთმა კაცმა და მითხრა, რომ აფგანი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წავიყვანეთო. ახლა საავადმყოფოშია.

დღეს შიმშილობის მე-18 დღეა, აზერბაიჯანში 242 დღე იშიმშილა და მთელი თავისი ჯანმრთელობა შესწირა, 40 კილოგრამს იწონიდა. ამიტომ შიმშილობა არ შეუძლია, ექიმებმა უთხრეს კიდეც, კარგად უნდა იკვებეო, ჯანმრთელობა არ გივარგაო... ეს შიმშილობა მოკლავს აფგანს“.

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.

4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.

15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა სადიგოვის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG