Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-ი გამოდის მოწოდებით, არ მოხდეს აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში


ფოტოკოლაჟი: აფგან სადიგოვი
ფოტოკოლაჟი: აფგან სადიგოვი

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს Azel.TV-ის მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების მცდელობა. ამის შესახებ განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.

Amnesty International-ი მიუთითებს საქართველოს ვალდებულებებზე საერთაშორისო სამართლის თანახმად. არგადაცემის პრინციპის მოთხოვნების მიხედვით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სადიგოვისა და მის მეუღლის დაცვა, ამგვარი მიმართვის არსებობის შემთხვევაში, ამბობს კრივოშეევი.

„ალბათ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირებით მას ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი რისკი შეექმნება, წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთის, უსამართლო სასამართლოს ჩათვლით. სადიგოვის საქმე აგრძელებს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციას. Amnesty International-ი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებულად დადანაშაულება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც დააპატიმრეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო“, - ამბობს კრივოშეევი.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს. Amnesty International-ის ინფორმაციით, მას 2020 წლის მაისში შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძალვის ბრალდებით.

სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა სამართლიან სასამართლოზე მისი უფლების დარღვევით, აფგან სადიგოვი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო წასვლა. სადიგოვის ოჯახი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მისი კრიტიკული ჟურნალისტიკის საპასუხოდაა შეკერილი.

ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, აფგან სადიგოვი გლდანის ციხეშია. მას კვირას, 4 აგვისტოს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის თქმით, ვინაიდან აზერბაიჯანულ მხარეს გადაცემული არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, საექსტრადიციო პროცედურები მალე ვერ დაიწყება.

"მათგან მოწოდებული გვაქვს მხოლოდ, რომ აღიძრა საქმე და გამოცხადდა ძებნა, მაგრამ საქმის აღძვრასთან დაკავშირებული მტკიცებულები და სხვა მასალები არ აქვს არც პროკურატურას და არც დაცვის მხარეს", - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა 6 აგვისტოს.

უფლებადამცველი თავისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული პატიმრობის გასაჩივრებას სააპელაციო წესით მაქსიმუმ ხვალ ან ზეგ აპირებს.

"ორშაბათს, 5 აგვისტოს, ჩამბარდა გადაწყვეტილება, შვიდი დღე გვაქვს გასაჩივრებისთვის, სააპელაციო სასამართლომ მიმართვა უნდა განიხილოს 5 დღის ვადაში. ასევე ვცდილობთ, რომ გავაგზავნოთ მოთხოვნა მიგრაციის დეპარტამენტში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, რამაც ეს საქმე უნდა შეაჩეროს გარკვეული დროით, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით", - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.

მისივე ინფორმაციით, ხუთშაბათს სადიგოვთან გამომძიებელთან ერთად შევა და დაისმება კითხვა, აქვს თუ არა სურვილი, დაჩქარებული წესით დაიწყოს საექსტრადიციო წარმოება.

"ეს რომ წარმოიდგინოთ, არის საპროცესო შეთანხმების მსგავსი. რა თქმა უნდა, უარს განაცხადებს, არ მგონია, თანხმობა განაცხადოს ექსტრადირებაზე. ამის დაფიქსირების შემდეგ დაიწყება ეს პროცედურები".

აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ გაავრცელა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავს. არსებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა სადიგოვი დააკავეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG