„სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია. მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.
15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა სადიგოვის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას.
ფორუმი