აფგან სადიგოვი თბილისში დააკავეს 3 აგვისტოს, მეორე დღეს კი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.
მას აზერბაიჯანში ფულის გამოძალვას ედავებიან - ბრალდების მიხედვით, სადიგოვი შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარით ცდილობდა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვას.
სადიგოვის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები საქმეს „შეკერილს“ და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ჟურნალისტს არაადამიანური მოპყრობა ელის.
„მეორე შეხვედრისას უძლური ჩანდა“
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. სამშობლოში მას უკვე ორჯერ ჰქონდა მოხდილი სასჯელი.
2016 წელს სასამართლომ აფგან სადიგოვი დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმაში ცნო დამნაშავედ და წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა;
2020 წელს ის ისევ დააკავეს, ამჯერად ჩინოვნიკისთვის ფულის გამოძალვის მცდელობის ბრალდებით და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. საბოლოოდ, დაკავებიდან ორი წლის თავზე, საპატიმრო შეწყალების გზით დატოვა.
გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა, აფგან სადიგოვს 2018 წელს თითო თვით ორჯერ ჰქონდა მისჯილი ადმინისტრაციული პატიმრობა.
სადიგოვმა, რომელიც თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა, 17 ივლისს თბილისის აეროპორტიდან თურქეთში გამგზავრება სცადა, თუმცა იქ უთხრეს, რომ საქართველოდან მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო წასვლა.
ივლისში მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეგობრები და კოლეგები აფრთხილებდნენ, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანში კვლავ დაეპატიმრებინათ. სადიგოვი ამას უკავშირებდა თავისი საინფორმაციო პორტალის, azel.tv-ის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკას.
საბოლოოდ, აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს თბილისის ცენტრში და 4 აგვისტოს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.
სევინჩ სადიგოვა, დაკავებული აფგან სადიგოვის ცოლი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მის ქმარს ქართულ ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან - ის უკმაყოფილოა ციხის კვებით.
სევინჩ სადიგოვას თქმით, დაკავების შემდეგ მან ორჯერ შეძლო ქმართან შეხვედრა, 21 აგვისტოს და 5 სექტემბერს. პირველი შეხვედრისას მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ეჩვენა, რაც ორი კვირის მერე შეიცვალა:
„მეორე შეხვედრისას უძლური ჩანდა. თან ამბობდა, რომ საერთოდ არ მაჭმევენ და სათანადო პირობებში არ ვარო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სევინჩ სადიგოვამ.
ის მიიჩნევს, რომ მისი ქმარი პოლიტიკური პატიმარია და დარწმუნებულია, რომ სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში, აფგან სადიგოვს გაათავისუფლებდნენ.
აღარაა საქართველო უსაფრთხო სივრცე?
აქციაზე შეკრებილები აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებასა და აზერბაიჯანისთვის არგადაცემას ითხოვდნენ.
„ჩვენ გვინდოდა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სოლიდარობის და იმის ჩვენება, რომ [აფგან სადიგოვი და მისი ოჯახი] მარტოები არ არიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამთა მიქელაძემ, ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პროგრამის დირექტორმა და აქციის თანაორგანიზატორმა.
თამთა მიქელაძის თქმით, დაკავებულ ჟურნალისტს აზერბაიჯანში უსამართლო მართლმსაჯულება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება:
„სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში, ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება იმ ციხეებში...
მესამედ ლამობს რეჟიმი მის დაპატიმრებას აბსურდული და „შეკერილი“ საქმეებით“.
ცხადია, რომ იქ მას არ ექნება მართლმსაჯულებაზე წვდომა და საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა“, - თქვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარიზმის გამოხატულებას უწოდებს.
„პრობლემების მიუხედავად, ქართული სივრცე წლების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც გარემო, სადაც გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, მათ შორის, სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც გარანტირებულია კონსტიტუციით და ევროპული კანონმდებლობით, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს“, - თქვა მამუკა ანდღულაძემ.
ფორუმი