Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“ - ბრიტანეთის ელჩი ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონს გამოეხმაურა


ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი

საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განცხადება გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული, ლგბტ უფლებების შემზღუდავი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ.

ელჩის შეფასებით, ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას.

„ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთა პაკეტს. ეს კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის.

ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას.

შეშფოთებულები ვართ, რომ კანონთა პაკეტი მიღებულ იქნა ასეთ მოკლე დროში“, - ვკითხულობთ ელჩის განცხადებაში, რომელიც ფეისბუკში, ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნდა.

გარეტ უორდმა დაასახელა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ორი კანონი, რომლებიც, მისი განცხადებით, ეჭვქვეშ აყენებენ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას”, - წერია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაში.

"საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი და მასთან ერთად მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლებსაც 3 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი. კანონის ბოლო მუხლის თანახმად, ის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტოს უფლებამოსილება არ გამოუყენებია.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს 84 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. ის დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.

ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.

კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გაეგრძელებინა მასზე მუშაობა.

კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის“, - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან.

18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში, მოკლეს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე. საქართველოს პრეზიდენტი მის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG