Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი


ჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. მიმართვა ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის.

მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს“, - აცხადებს ბორელი.

„ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით ნულის წინააღმდეგ მესამე, საბოლოო, მოსმენით გუშინ, 17 სექტემბერს, მიიღო.

პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობის უკან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პაკეტი არ პასუხობს ოჯახების გამოწვევებს.

კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გაეგრძელებინა მასზე მუშაობა.

კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის“, - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG