Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო


ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მოქალაქეებმა პარლამენტთან გააპროტესტეს. 17 სექტემბერი, 2024 წელი
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მოქალაქეებმა პარლამენტთან გააპროტესტეს. 17 სექტემბერი, 2024 წელი

„ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით ნულის წინააღმდეგ მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო. პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებსაც. ოპოზიციის დიდ ნაწილს „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.

ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.

პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობის უკან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პაკეტი არ პასუხობს ოჯახების გამოწვევებს.

ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მოქალაქეებმა პარლამენტთან გააპროტესტეს. 17 სექტემბერი, 2024 წელი
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მოქალაქეებმა პარლამენტთან გააპროტესტეს. 17 სექტემბერი, 2024 წელი

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე განცხადება გაავრცელეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. მათ დაგმეს სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი პარლამენტში. ორგანიზაციების შეფასებით, კანონების პაკეტის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.

„კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვანებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია, საბაზისო საჭიროებებზე ხელმიუწვდომლობა, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა, რესურსების უსამართლო და უთანასწორო გადანაწილება, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება, განადგურებული გარემო და სხვა. ერთადერთი გზა, ვუპასუხოთ ამ და სხვა რეალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრინციპული და მტკიცე წინსვლაა - სწორედ ის, რისი შეფერხებასაც ხელისუფლება, მათ შორის ამ საკანონმდებლო პაკეტითაც, ცდილობს“, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება.

კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გააგრძელონ მასზე მუშაობა.

კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის“, - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან.

ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამას წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება. ეს კანონი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განცხადებებისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზია.

„ქართული ოცნება“ უფრო შორს არის წასული და საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტიც აქვს ინიციირებული, თან ისე, რომ მის მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგიონებში უკვე ჩაატარა შეხვედრები კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ფარგლებში.

მმართველი პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობით აირჩევენ, მაშინ შეძლებს მის მიღებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაასახელა თავიანთი მთავარი არგუმენტი, რატომაა საჭირო ამ საკითხის კონსტიტუციაში ასახვა.

„ოდესმე, 10-15 წლის შემდეგ, შეიძლება ფსევდოლიბერალური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ თეორიულ დონეზე ყველაფერი უნდა დავუშვათ, რომელმაც შესაძლოა, ეს კანონები გააუქმოს, რადგან მარტივი გასაუქმებელი იქნება 76 ხმით, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, ვერ გააუქმებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები“, - თქვა მდინარაძემ.

კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) შესწორებას ითვალისწინებს. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლში წერია:

1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

პროექტის თანახმად, ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

პროცედურულად, სწორედ ამ შესწორების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი კონსტიტუციური კანონის, საქართველოს კონსტიტუციური კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღება, რომელიც კონსტიტუციის ნაწილი გახდება. ის ფაქტობრივად იმეორებს უკვე მიღებული კანონის შინაარსს.

კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი შემდეგი მოწვევის პარლამენტში ამავე რაოდენობის დეპუტატი მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით დაადასტურებს. დღეის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობაში 83 წევრია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG