Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტიგმა კლავს“ - გაეროს აივ/შიდსის პროგრამა საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს


2021 წლის 5 ივლისი. რუსთაველის გამზირი მას შემდეგ, რაც სიძულვილის ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს.
2021 წლის 5 ივლისი. რუსთაველის გამზირი მას შემდეგ, რაც სიძულვილის ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამა (UNAIDS) გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ღრმა შეშფოთება გამოიწვია ცოტა ხნის წინ საქართველოში მიღებულმა კანონმა, რომელიც მიმართულია ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ. UNAIDS-ი მიიჩნევს, რომ ის საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

UNAIDS-მა მხარდაჭერა გამოუცხადა ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელობის განცხადებას იმის შესახებ, რომ ახალი კანონმდებლობა განათლების, საჯარო დისკუსიებისა და შეკრების სფეროებში სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკრიმინაციულ შეზღუდვებს აწესებს.

„ეს კანონები არღვევენ ფუნდამენტურ უფლებებს ღირსებასა და თანასწორობაზე, სტიგმის გაძლიერებითა და ჯანმრთელობის ძირითად სერვისზე ლგბტქ+ თემის ხელმისაწვდომობის დაბრკოლებით, - წერია განცხადებაში, - ეს თავის მხრივ, ძირს უთხრის საქართველოს ძალისხმევას შიდსის აღმოფხვრისა და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით“.

UNAIDS-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციული კანონებით, მათი ადგილი აღარ რჩება თანამედროვე საზოგადოებაში: ისინი [კანონები] იწვევენ შევიწროებას, დისკრიმინაციას, ძალადობასა და სოციალურ გარიყულობას, რაც საფრთხეს უქმნის აივ-ის ეპიდემიის დასრულებას.

„ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გააუქმოს ეს კანონები, რამდენადაც ისინი მომავალში გამოიწვევენ მარგინალიზებული თემის მხოლოდ იზოლაციას და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, - ვკითხულობთ განცხადებაში, - სტიგმა კლავს, ისევე როგორც სოლიდარობა იხსნის სიცოცხლეს. ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მდგრადობისა და საყოველთაო თანასწორობისთვის“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 3 ოქტომბერს ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. ხელმოწერის შემდეგ კანონი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება. მისი ბოლო მუხლის თანახმად, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტოს უფლებამოსილება არ გამოუყენებია.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს 84 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. ის დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.

ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.

კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გაეგრძელებინა მასზე მუშაობა.

კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის“, - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან.

18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში, მოკლეს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე. საქართველოს პრეზიდენტი მის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG