საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. ხელმოწერის შემდეგ კანონი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება. მისი ბოლო მუხლის თანახმად, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტოს უფლებამოსილება არ გამოუყენებია. შესაბამისად, კონსტიტუციის თანახმად, დოკუმენტს პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი.
შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა კანონპროექტზე ხელმოწერაზე უარის თქმის გამო.
„სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს - ოჯახსა და ბავშვებს“, - წერს პაპუაშვილი.
პარლამენტის სპიკერმა უცხოელი პარტნიორების კრიტიკასაც უპასუხა.
„კარგად მესმის, რომ ამ კანონის ხელმოწერა კრიტიკას გამოიწვევს ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან, მაგრამ ქართველებს არასდროს შეგვშინებია სხვათა შეფასებების, როდესაც ამას ჩვენი რწმენა, საღი აზრი და ქვეყნის ერთგულება გვავალდებულებდა და როდესაც ვხედავდით, რომ ცივილიზაციური დინებები არასწორ კალაპოტს ჭრიდნენ“, - აღნიშნა მან.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს 84 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. ის დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გაეგრძელებინა მასზე მუშაობა.
კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის“, - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან.
18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში, მოკლეს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე. საქართველოს პრეზიდენტი მის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
ფორუმი