თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ბრუნდება - 27-30 სექტემბერს, საქართველოს პენცენტრის მოწვევით, თბილისში 16 ქვეყნიდან 20 უცხოელი მწერალი ჩამოვა. ფესტივალის მთავარი თემაა პროტესტი ლიტერატურაში და მის მიღმა.
რადგან წელს ფესტივალს არა აქვს სახლი (მას აქამდე „მწერალთა სახლი“ მასპინძლობდა, თუმცა მისი დირექტორის შეცვლის და მწერლების ბოიკოტის შემდგომ სურათი შეიცვალა), დაგეგმილი ღონისძიებები სამ სხვადასხვა ადგილას ჩატარდება - სახვითი ხელოვნების მუზეუმში, გოეთეს ინსტიტუტსა და მოძრაობის თეატრში.
თბილისის ლიტერატურული ფესტივალის დირექტორი ნატაშა ლომოური რადიო თავისუფლებას უყვება, რომ წლევანდელი ფესტივალის დაგეგმვისას ბევრ სირთულეს წააწყდნენ, შეხვედრის ოთახიც კი არ ჰქონდათ ორგანიზატორებისთვის, არ არსებობდა არც ფესტივალის ჩასატარებლად საჭირო ფინანსები, თუმცა საბოლოოდ, საელჩოების და დასავლური კულტურული ფონდების დახმარებით, ფესტივალის ჩატარება მაინც დაიგეგმა.
„საინტერესო დეტალია, რომ ყველა ქართულმა ბიზნესმა, რომელსაც მხარდაჭერა ვთხოვეთ, უარი გვითხრა“, - იხსენებს ნატაშა ლომოური.
ფესტივალი მაინც ტარდება, ისევე როგორც ჩატარდება ლიტერატურული პრემია „ლიტერაც“, რომელიც კულტურის სამინისტრომ გააუქმა. ორგანიზატორებისთვის ეს პრინციპული საკითხი იყო, რადგან არ სურდათ, ამდენი წლის შრომა, კონტაქტები დაკარგულიყო და პოპულარული ფესტივალი გამქრალიყო. მით უმეტეს, რომ როგორც ნატაშა ლომოური ამბობს, ეს ამ მასშტაბის ერთადერთი ლიტერატურული ფესტივალი იყო მთელ კავკასიაში:
„ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ის მწერლები, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ჩვენთან ჩამოდიოდნენ, ხდებოდნენ თავიანთ ქვეყნებში საქართველოს ელჩები. მართალია ისინი არ არიან პოლიტიკოსები ან პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანები, თუმცა მათ აზრს უსმენენ, ისინი ყვებიან ჩვენს ამბებს და მნიშვნელოვანია, რა ინფორმაციას წაიღებენ ისინი საქართველოდან“, - უთხრა ნატაშა ლომოურმა რადიო თავისუფლებას.
წელს ფესტივალზე ჩამოვლენ:
ოლგა პოვოროზნიკი (უკრაინა)
პოეტი და რეჟისორი. არის დოკუმენტური ფილმების, ვიდეოპოეზიისა და დისციპლინების გადაკვეთის ნიადაგზე შექმნილი სახელოვნებო პროექტების ავტორი. ოლგა პოვოროზნიკის პოეტური კრებული „წყლის სახელი“ 2019 წელს გამოიცა. მისი ნამუშევრები იბეჭდება ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა: „გამომცემელთა ფორუმის ალმანახი“, „Czas literatury“, „Przekrój“ და ანთოლოგიებში: „მიაკუში: თანამედროვე უკრაინული გასტრონომიული პოეზიის ანთოლოგია“, „პოეტების ახალგაზრდა რესპუბლიკის ანთოლოგია“, „ნიუიორკული ელეგიები: უკრაინული ლექსები ქალაქზე“, „განგაშის სირენებს შორის. ახალი ლექსები ომზე“.
დენვერ ბათსონი (აშშ)
7 პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორის 2 - შეიქმნა ვიზუალურ არტისტებთან თანამშრომლობით. მისმა ბოლო წიგნმა „საფრთხობელას მრავალი ალიბი“ (Cloudbank Book, 2022) მოიპოვა Vern Rutsala-ს პრემია პოეზიაში. ბათსონი თანამშრომლობს იმპროვიზატორული და კამერული ჯაზის მუსიკოსებთან და წარმოდგენებს მართავს იტალიურ Surf Academy-ს წარმომადგენლებთან (ალტისტი მეთ მანერი, პიანისტი ლუსიენ ბენი) და Maneri’s Ash-ის კვარტეტთან ერთად.
ვიგდის იორთი (ნორვეგია)
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი. ბავშვებისა და მოზრდილებისთვის დაწერილი პოპულარული წიგნების ავტორი. ორს მინიჭებული აქვს მრავალი პრემია და ჯილდო. მათ შორის: გამომცემლობა „გილდენდალის“ პრემია (2011), კრიტიკოსთა ჯილდო (2012), The Honorary Brage-ისა და ამალია სკრამის ჯილდოები (2014), გამომცემლობა Aschehoug-ის ჯილდო (2015), Booksellers Prize (2016).
ვიგდის იორთის ნაწარმოებები გამოქვეყნებულია 30 ქვეყანაში. 2024 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა მისი რომანი „ანდერძი და მემკვიდრეობა“ (მთარგმნელი ნათია სებისკვერაძე).
კლერ კაიზერი (აშშ)
თანამედროვე კავკასიის ისტორიის პროფესორი და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ევრაზიული, რუსული და აღმ. ევროპული კვლევების ცენტრის პროფესორის თანაშემწე. ფლობს პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს ისტორიაში, ხოლო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მიღებული აქვს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიური სამსახურის სკოლის დასრულების შემდეგ.
კლერ პ. კაიზერი ავტორია 2023 წელს Cornell University Press-ის მიერ გამოცემული წიგნისა „Georgian and Soviet: Entitled nationhood and the Specter of Stalin in the Caucasus“, რომელიც 2024 წელს ქართულ ენაზე გამოსცა გამომცემლობამ „ზიარი“ სათაურით: „ქართველი და საბჭოელი: ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“.
ვლადიმირ ნეკლიაევი (ბელარუსი)
პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ბელარუსის პენცენტრის საპატიო პრეზიდენტი. სწავლობდა მინსკის ელექტრონული კომუნიკაციების ტექნიკურ სკოლაში (1962-1966), მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტსა (1971) და მინსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (1973).
პოეზიისა და პროზის მრავალი კრებულის ავტორი, ეროვნული და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი. 2011 წლის ნობელის პრემიის ნომინანტი; იყო მრავალი ჟურნალ-გაზეთის რედაქტორი და ბელარუსის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1999-2001).
პოლიტიკური მიზეზით 1999-2004 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში ვარშავასა და ჰელსინკიში. 2010 წელს გახდა საზოგადოებრივი მოძრაობის „თქვი სიმართლე!“ ლიდერი. ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს რევოლუციის შემდეგ დაწყებული რეპრესიების გამო ვლადიმირ ნეკლიაევმა იძულებით დატოვა ქვეყანა, რის შემდეგაც ცხოვრობს და მოღვაწეობს პოლონეთში.
ლეო ვარდიაშვილი (დიდი ბრიტანეთი)
მწერალი. 12 წლის ასაკში ოჯახთან ერთად პოსტსაბჭოთა რეჟიმის გამო დატოვა საქართველო და თავშესაფარი ითხოვა ინგლისში. სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტში. „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც გამოიცა დიდ ბრიტანეთში Bloomsbury-ს, ამერიკაში Riverhead Books-ისა და გერმანიაში Ullstein-ის გამომცემლობების მიერ. ქართულ ენაზე გამოსცა 2024 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ (მთარგმნელი დავით ახალაძე). მისი გამოცემის უფლება, საქართველოს ჩათვლით, სულ 19 გამომცემლობას აქვს შეძენილი. ლეო ვარდიაშვილი ამჟამად მეორე რომანზე მუშაობს.
ერიკ ლი (აშშ)
მწერალი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პროფკავშირული აქტივისტი; ასევე, ლონდონის სამეფო ისტორიული საზოგადოების მკვლევარი და LabourStart-ის, საერთაშორისო სავაჭრო გაერთიანების მოძრაობის საინფორმაციო ვებგვერდის, დამაარსებელი რედაქტორი.
ერიკ ლი მე-20 საუკუნის ისტორიის შესახებ დაწერილი მრავალი წიგნის ავტორია. საქართველოს ეძღვნება მისი სამი წიგნი: ექსპერიმენტი, საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921, (2018), ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში (2020) და ყველაზე ბოლოს გამოცემული 1924 წლის აგვისტოს აჯანყება: საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება. სამივე წიგნი ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურად და ქართულად, ისე სხვა ენებზე. მთლიანობაში, ერიკ ლიმ ოცდაათი წელი მიუძღვნა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ასპექტის კვლევას. 1922 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
ლაურა აჩერბონი (იტალია)
პოეტი და ფოტოგრაფი, 6 პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორის 2024 წელს გამოცემული „წყლამდე და წყლის შემდეგ“ და 2020 წლის - „წყალი, წყალი, ცეცხლი“.
აჩერბონის ლექსები იბეჭდება სხვადასხვა იტალიურ და საერთაშორისო ჟურნალში და ნათარგმნია 15-ზე მეტ ენაზე. სხვადასხვა დროს იყო ნიდერლანდების, ბელგიის, მაკედონიის, კორუნიის, შვეიცარიის, გერმანიის, შვედეთისა და არგენტინის საერთაშორისო ფესტივალებისა და წიგნების ბაზრობის სტუმარი. მიღებული აქვს ისეთი ლიტერატურული პრემიები, როგორიცაა Lerici Pea giovani (1996), Premio internazionale di poesia Piero Alinari (2011), Premio Achille Marazza Opera Prima (2012). 2016 წლიდან ლაურა აჩერბონი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „ვერსოპოლისის“ პროექტის რჩეული პოეტია.
ნორბერტ ჰუმელტი (გერმანია)
პოეტი, მთარგმნელი და კულტურის ჟურნალისტი. დაიბადა ქ. ნოესში 1962 წელს. 2006 წლიდან ცხოვრობს ბერლინში, ასწავლის ლაიფციგის გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტში და მუშაობს ჟურნალში „ტექსტი+კრიტიკა“.
პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები 1984 წელს შექმნა, ხოლო ლექსებს 1986 წლიდან წერს. 1993 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული სათაურით „მკვეთრი კოდები“, რომელსაც 4 წლის შემდეგ მოჰყვა რომანტიკული სიყვარულის კონცეფციებზე აგებული „სიმღერის საღერღელი“, ხოლო შემდეგ „ნიშანი თოვლში“ (2001), „უხმაურო შრიფტები“ (2004), „პანის საათი“ (2011) და „მზის სიმღერა“ (2020). 2022 წელს გამოიცა ჰუმელტის დოკუმენტური კრებული „1922: ჯადოსნური წელიწადი სიტყვებისთვის“, ხოლო ჯერჯერობით ბოლო წიგნია „ჩაკეცილი გვერდი: ესეები ლიტერატურაზე“ (2024).
აუსტა ფანეი სიგურდარდოუთირი (ისლანდია)
პოეტი, ვიზუალური არტისტი, კომპოზიტორი, მომღერალი და კინორეჟისორი. მიჩნეულია ისლანდიაში პოეზიისა და ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პერფორმერად. მისი პირველი პოეტური კრებული „მარადიულობა“ ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ და შვედურ ენებზე. 2017 წელს მიიღო Ljóðstafur Jóns úr Vö-ის პრემია პოეზიაში და ნომინირებულ იქნა 2021 წელს, პომპიდუში ბერნარ ჰაიდსაიკის პრემიაზე. მისი ბოლოდროინდელი წიგნებია „ფანჯარა - სიზმრის ჩაწერა“ და „აფთარი, სახელად გუშინ“.
მარლენ ტისო (საფრანგეთი)
არასდროს უსწავლია ლიტერატურა პროფესიონალურად, სამაგიეროდ, შეისწავლა (ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზით) ელექტრონიკა და კომპიუტერული პროგრამირება. 30 წლის ასაკამდე არ გაუმჟღავნებია ლიტერატურული ინტერესი და მხოლოდ ორიათასიანი წლებიდან დაიწყო ტექსტების გამოქვეყნება ინტერნეტში.
მისი პირველი პოეტური კრებული „ჩვენი წილი უდაბური მიწები“ 2010 წელს გამოიცა. იმავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი რომანიც „უკუღმა ნაქსოვი“. მთლიანობაში, გამოქვეყნებული აქვს 10 პოეტური კრებული, ორი რომანი და მოკლე მოთხრობები. მისმა ერთ-ერთმა მოთხრობამ მოიპოვა საფრანგეთის კულტურის პრემია აუდიოწიგნებისთვის. ტისოს ერთ-ერთი კრებული „ფარდაგების ყვავილებქვეშ“ (2013) დაჯილდოვდა CoPo-ს პრიზით და ითარგმნა ქართულად მაია ქაცანაშვილის მიერ. ტისოს ბოლოდროინდელი კრებულებია: „ჩიხში მოქცეული ხმა“ (2020), „Life is a Beatles’ song“ (2020), „გადახაზული სიტყვები“ (2020) და „17 სთ. 30 წუთი“ (2022).
არმენ ოჰანიანი (სომხეთი)
მწერალი, ესეისტი, რედაქტორი და ლიტერატურის მთარგმნელი. არმენ ოჰანიანი ავტორია მოთხრობების კრებულისა „კიკოსის დაბრუნება“ და რომანების ტრილოგიისა „დედის მიწა“. მის შემოქმედებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მისივე სამოქალაქო აქტივიზმი. 2017 წლიდან არმენ ოჰანიანი PEN Armenia-ს პრეზიდენტია. მისი ლიტერატურული ფსევდონიმია არმენი სომხეთიდან. 2024 წელს გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოსცა მისი მოთხრობების კრებული „ანტიმიმინო“ (მთარგმნელი ასია დარბინიანი).
როდოლფო ჰესლერი (ესპანეთი)
პოეტი და მთარგმნელი დაიბადა 1958 წელს სანტიაგო-დე-კუბაში. ათი წლის ასაკიდან ცხოვრობს ბარსელონაში. დამთავრებული აქვს ლოზანას (თუ ლოზანის?) უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტი. ავტორია 13 პოეტური კრებულისა: „ქვიშის ლექსები“ (1982), „ტრაქტატი მაქციაზე“ (1988), „Elleife“ (1993), „ამბავი წმინდა აზრის მშვენიერებისა“ (1997); „ციურიხის ქუჩის ლექსები“ (2000), „პეიზაჟი, ლურჯი პერიოდი“ (2001) “აბანოზის ხის თავი“ (2007), „კაჭკაჭის დღიური (2014), „მგლის ენა“ (2019); „წეროთა საავადმყოფო“, (2021), ბეირუთული დღიური (2022), ალექსანდრიის მწვანე ტრამვაი (2023), „საპონი ნაბლუს ქალაქიდან“, (2024).
როდოლფო ჰასლერს მიღებული აქვს სხვადახვა ჯილდოები პოეზიის ნომინაციაში; მისი წიგნები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, პორტუგალიულ და ქართულ ენებზე.
ურშულა ჰონეკი (პოლონეთი)
გამოცემული აქვს 4 პოეტური კრებული: „ჭვავის რქა“, „სახელით“, „გამოზამთრება“ და „პოლტერგაისტი“. მისი მოკლე მოთხრობების კრებული „თეთრი ღამეები“ ინგლისურად თარგმნა ქეით უებსტერმა და დაიბეჭდა 2022 წელს. ჰონეკს მიღებული აქვს სტანისლავ ბარაჩანკის, კოშჩელსკისა და კონრადის სახელობის პრემიები. არის 2022 წლის Prix Grand Continent-ის ფინალისტი. 2024 წელს მისი სახელი ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.
გიუნელ მოვლუდი (აზერბაიჯანი)
1993 წელს ომის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდებარე მშობლიური ქალაქი, რის შემდეგაც 5 წელი გაატარა აზერბაიჯანის საბირაბადის რეგიონში მოწყობილ დევნილთა ბანაკში. 2012 წელს შტატგარეშე თანამშრომლად დაიწყო მუშაობა „აზადლიქში“ - რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულენოვან განყოფილებაში, ხოლო 2013 წელს რედაქტორისა და მწერლის სტატუსით შეუერთდა „Meydan TV“-ს.
მოვლუდს გამოქვეყნებული აქვს 3 პოეტური კრებული: „სიბნელე და ჩვენ“ (2004), „5 XL“ (2011) და „პასუხი გვიან ნაშუადღევს“ (2013). მისი ლექსები და რომანები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ქართულ, სომხურ, უკრაინულ, გერმანულ და ნორვეგიულ ენებზე.
მატიე კორპატო (შვეიცარია)
წერს ლექსებს და პიესებს. ასწავლის ფრანგულ ლიტერატურას ფრაიბურგის უნივერსიტეტში. არის ლიტერატურული გამოცემა „L'Épître“-ის რედაქტორი. 2020 წლიდან ლიტერატურული ფესტივალის - „Textures“ დირექტორია. მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრემია და გრანტი. კორპატოს ნაწარმოები „ემა ბაღში” (Emma au jardin) 2023 წლის ოქტომბერში გამოსცა გამომცემლობამ Empreintes.
კარლის ვერდინში (ლატვია)
არის 5 პოეტური კრებულის ავტორი. ესენია: „ყინულმჭრელები“ (2001), „ხაჭო არაჟნით“ (2004), „მე“ (2008), „ზრდასრულები“ (2015), „მზა პოეზია“ (2020) და „ლივონური ბალადები“ (2023). გამოცემული აქვს, ასევე, საბავშვო პოეზიის 4 კრებული: „ანბანის წვნიანი“ (2007), „მამიკო“ (2016), „დეიდა დილი“ (2018) და „მხიარული წვეულება“ (2023).
მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: გაზეთ „დიენას“ ჯილდო კულტურის სფეროში (2001, 2008, 2015), „პოეზიის დღე“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის (2008), იანის ბალტვიკლსის პრემია საბავშვო ლიტერატურაში (2016), პრემია პოეზიის საუკეთესო კრებულისთვის (2016), პრემია საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში ემილი დიკინსონის რჩეული ლექსებისთვის (2018) და ლატვიის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია საუკეთესო საბავშვო წიგნისთვის (2024).
იოზეფ ჰრდლიჩკა (ჩეხეთი)
გამოქვეყნებული აქვს 3 პოეტური კრებული: „ფლოტილია სიბნელიდან გამოცურავს” (2010), „კატა ცეცხლში“ (2014), Magnesia Litera-ს ჯილდოზე ნომინირებული „ძვლების წინაპრები“ (2021) და ესეებისა და ლექსების კრებული „სამყაროს შიგნით“ (2012). ჰრდლიჩკა ასწავლის ლიტერატურას პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში, სადაც მისი სამუშაო დარგებია შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა და პოეზიის თეორია და ისტორია. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორისაა: „სამყაროს სახე-ხატები ჩეხურ ლიტერატურაში“ (2008), „პოეზია და კოსმოსი“ (2017), „პოეზია დევნილობაში“ (2020). თანაავტორთა ჯგუფთან ერთად მუშაობდა პოეზიის შესახებ გამოცემულ შემდეგ წიგნებზე: „ლექსები და ადგილები“ (2015), „ადგილთა ხმები“ (2016), „ლექსების გმირები“ (2017), „ნივთები ლექსებში“ (ჩეხური გამოცემა 2020, ინგლისური გამოცემა 2022).
კრისტოფ ჰასენცალი (გერმანია)
ფლობს ერფურტის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში, სამართალსა და ლიტერატურათმცოდნეობაში, ხოლო მაგისტრის ხარისხს - ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის გამოყენებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით.
მუშაობს ბერლინში უფლებების დაცვის უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე დამოუკიდებელი ვაჭრობის გერმანელი გამომცემლების ორგანიზაციაში „Suhrkamp and Insel“. მისი მოვალეობების ნაწილია უფლებების საერთაშორისო გაყიდვები საფრანგეთში, სკანდინავიაში, საბერძნეთში, კავკასიურ ქვეყნებსა და აზიის სხვადასხვა ბაზარზე. არის ასევე „Suhrkamp and Insel“-ის აუდიოწიგნების კონტენტმენეჯერი და პასუხისმგებელია მესამე მხრისთვის გადასაცემი შიდა ბაზრის აუდიოწიგნების ლიცენზიებზე.
კატია ვოლტერსი (გერმანია)
მთარგმნელი. დაიბადა 1971 წელს საქართველოში. ცხოვრობს გერმანიაში. თარგმნის პოლონურ, გერმანულსა და იდიშენოვან ებრაულ ლიტერატურას ქართულად და გერმანულად. მის მიერ თარგმნილ უცხოელ ავტორებს განეკუთვნებიან: ხორხე ლუის ბორხესი, ოლგა ტოკარჩუკი, ისააკ ბაშევის ზინგერი, სალომეა პერლი, თადეუშ ბოროვსკი, მარეკ ჰლასკო, პეტერ ჰანდკე და ა.შ. ქართველ ავტორთაგან გერმანულ ენაზე თარგმნა ზვიად რატიანი, ნატო ინგოროყვა, დათო ტურაშვილი, ალეკო შუღლაძე, შორენა ლებანიძე, ლუკა ბაქანიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე და ა. შ. ოლგა ტოკარჩუკის რომანის „წიგნები იაკობისა“ თარგმანში მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“.
თბილისის ლიტერატურული ფესტივალი არასოდეს შემოფარგლულა მხოლოდ ლიტერატურით - მას ყოველ წელს ჰქონდა კონკრეტული ფოკუსი და წელსაც, პროტესტი შემთხვევით არ გამხდარა მისი მთავარი თემა - რუსული სტილის „აგენტების კანონის“ მიღების ფონზე, ფესტივალის ორაგნიზატორები მიიჩნევენ, რომ ამაზე ლაპარაკი და ევროპის მხარდაჭერა ახლა გადამწყვეტია. მოწვევის წერილებშიც სწორედ ამას უსვამდნენ ხაზს.
მწერლები ყოველთვის დგანან მნიშვნელოვანი პროცესების ავანგარდში და ეს გაზაფხულის საპროტესტო აქციებზეც გამოჩნდა.
„დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაზე ვილაპარაკოთ - მწერლები ყოველთვის დგანან მნიშვნელოვანი პროცესების ავანგარდში და ეს გაზაფხულის საპროტესტო აქციებზეც გამოჩნდა. ასევე, რადგან ეს ფესტივალი ტარდება პენცენტრის ეგიდით, ამას კიდევ დამატებითი დატვირთვა შემოაქვს, რადგან „პენი“ მთელ მსოფლიოში ემსახურება თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, - ამბობს ნატაშა ლომოური.
შემთხვევითი არც ის არის, რომ წლევანდელ ფესტივალს ესტუმრება ბელარუსული პენცენტრის საპატიო პრეზიდენტი ვლადიმირ ნეკლიაევი, რომელიც მისი არაერთი კოლეგის მსგავსად, ლუკაშენკას რეჟიმის გამო თავის ქვეყანაში აღარ ცხოვრობს და თავის კოლეგებთან, სომხეთის პენცენტრის პრეზიდენტ არმენ ოჰანიანსა და საქართველოს პენცენტრის ერთ-ერთ დამფუძნებელ რატი ამაღლობელთან ერთად ილაპარაკებს ამ საკითხებზე.
ასევე, ფესტივალი გამოეხმაურება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს, ამ თემაზე ამერიკელი მწერლის, ერიკ ლის მიერ დაწერილი წიგნით, გაიმართება დისკუსია თანამედროვე ქართული პოეზია უცხოელი მთარგმნელების თვალით - როდოლფო ჰესლერისა და ნორბერტ ჰუმელტის მონაწილეობით, ქართული წარმოშობის ბრიტანელი მწერალი ლეო ვარდიაშვილი ქართველ მკითხველს წარუდგენს თავის ცნობილ ბესტსელერს, „ერთი დიდი ტყის მახლობლად“, დაგეგმილია სომეხი მწერლის, არმენ ოჰანიანის წიგნის „ანტიმიმინოს“ პრეზენტაცია, ქართული პოეზიის ესპანური ანთოლოგიის პრეზენტაცია და სხვა არაერთი ღონისძიება.
შეზღუდული რესურსების გამო, წლევანდელი ფესტივალი ყველაზე მოკლევადიანია და მხოლოდ ოთხ დღეს გრძელდება, თუმცა მისი ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ის მთავარ სათქმელს მაინც იტყვის.
ფორუმი