Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ასაკრძალად კონსტიტუციურ უმრავლესობას ითხოვს. რას ამბობს კანონი?


"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვაა. ფოტო გადაღებულია ამბროლაურში, 2024 წლის 25 აგვისტოს.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვაა. ფოტო გადაღებულია ამბროლაურში, 2024 წლის 25 აგვისტოს.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება არა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრა, არამედ ყოფილი მმართველი პარტიის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.

„ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განზრახვა აქვს - ამჟამინდელ მმართველ პარტიას მეოთხე ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა და თანაც, საკონსტიტუციო უმრავლესობით.

ამას კი იმით ასაბუთებს, რომ ასაკრძალია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, „ნაცმოძრაობა თავისი სატელიტებით და მემკვიდრე პარტიებით“, რაც, ხელისუფლების მაღალჩინოსნების განმარტებითვე, გულისხმობს ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს.

როგორც ირკვევა, „ქართულ ოცნებას“ მათთვის საპარლამენტო მანდატების შეჩერებაც სურს. აი, რას ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:

„მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრობა. ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება“.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ არგუმენტაცია პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვის შესახებ ლოგიკას მოკლებულია.

სინამდვილეში, რომელიმე პარტიის აკრძალვისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არა არის აუცილებელი. პროცესის წამოსაწყებად საკმარისია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს სამიდან ერთმა: პრეზიდენტმა, მთავრობამ ან პარლამენტარების მინიმუმ მეხუთედმა.

პარლამენტარების მეხუთედი 30 დეპუტატია. „ქართულ ოცნებას“ ახლა სამი ამდენი ჰყავს და კიდევ უფრო მეტს ითხოვს - საკონსტიტუციო უმრავლესობას 113 დეპუტატი მაინც სჭირდება.

პარტიის აკრძალვის პროცესის შემდეგ ეტაპზე, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს - საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მასზეა.

„თუ [საკონსტიტუციო სასამართლო] ჩათვლის, რომ პარტია ცნოს არაკონსტიტუციურად, ასეც იქცევა და პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად მისი საპარლამენტო წარმომადგენლობა უქმდება“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

ამდენად, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ავტომატურად ხდება - თუ პარტია არაკონსტიტუციურად ჩაითვლება, მას მაშინვე ერთმევა საპარლამენტო წარმომადგენლობაც. გაუქმებულ მანდატებს კი არც არავინ ანაცვლებს - პარლამენტი შემდეგ მოწვევამდე არასრული შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას.

ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბარი მმართველი პარტიისთვის მხოლოდ საბაბია ძალაუფლების შესანარჩუნებლად:

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„იმას ხომ არ იტყვიან, რომ [საკონსტიტუციო უმრავლესობა] განუსაზღვრელი ძალაუფლებისთვის სჭირდებათ? თავის მომხრეებშიც ვერ გაყიდიან ამას. ამიტომ, რაღაც არგუმენტები არის საჭირო ამ საქმისთვის.

ლოგიკური კითხვა ჩნდება - 2016-2020 წლებში ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და რა ვერ გააკეთეს მაშინ ისეთი, რაც ახლა უნდა გააკეთონ?“.

მენაბდე დასძენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს "ქართული ოცნება" აკონტროლებს“ და მმართველ პარტიას მართლა რომ სურდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ყველა საჭირო ბერკეტი უკვე მათ ხელშია.

კობახიძე კობახიძის წინააღმდეგ

კობახიძის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პარტიად გამოცხადებაზე ან პარტიების აკრძალვის მართებულობაზე პირველად არ კეთდება.

2018 წელს პრორუსულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივ რეჟიმად“ უნდა შეფასებულიყო. „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვდა „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულების“ ექვსი თვის ვადაში გამოძიებას და „ყველა კონკრეტული დამნაშავის“ პასუხისგებაში მიცემას.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და პარლამენტმა ის ჩააგდო, თუმცა „ოცნების“ ზოგიერთმა დეპუტატმა მაინც მისცა ხმა.

პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეზოლუციის პათოსს ეთანხმებოდა, თუმცა მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ მისი შინაარსი „იყო გაუმართავი, დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით“.

2022 წელს ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდა მაშინდელ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, როცა ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული მოძრაობის“ ასაკრძალად კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა.

კობახიძემ, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას „ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევა“ უწოდა.

„შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს ყველა შემთხვევაში, როგორც ადვოკატი“, - თქვა ამჟამინდელმა პრემიერმა ნინო ლომჯარიას ინიციატივის პასუხად, რომელსაც მმართველი პარტია ხშირად ესხმის თავს.

გამოდგება თუ არა მოლდოვის გადაწყვეტილება მაგალითად?

2024 წელს ირაკლი კობახიძე მოლდოვის მაგალითზე ლაპარაკობს. 2023 წლის ივნისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული პარტია „შორი“ აკრძალა.

პარტიის საქმიანობის გადახედვა 2022 წლის ნოემბერში მოლდოვის მთავრობამ მოითხოვა, მას შემდეგ, რაც „შორს“ ბრალი დასდო რუსეთის დახმარებით ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

„მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთნაირი სტანდარტი უნდა მოქმედებდეს [ევროკავშირის წევრობის] ყველა კანდიდატ ქვეყანაში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ეს განცხადება სიმართლეს ორი მიზეზის გამო არ შეესაბამება. პირველი ისაა, რომ „შორს“ მანდატები არ გაუქმებია - პარტიის სიით არჩეული დეპუტატები პარლამენტში დარჩნენ, თუმცა დამოუკიდებელ პარლამენტარებად გააგრძელეს საქმიანობა.

მეორე: მოლდოვის პარლამენტი ერთპარტიული იმ შემთხვევაშიც არ იქნებოდა, „შორის“ დეპუტატებს მანდატები რომ შესჩერებოდათ. 2021 წლის არჩევნებში „შორმა“ ხმების 5.74% აიღო და მესამე ადგილზე გავიდა. მეორეადგილოსანმა „კომუნისტებისა და სოციალისტების ჯგუფმა“ საპარლამენტო საქმიანობა კვლავინდებურად გააგრძელა.

„ზოგადად, პარტიის აკრძალვა კონსტიტუციური პრაქტიკაა, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვახუშტი მენაბდემ, - ასეთი რაღაცები ხდება, ოღონდ ძალიან იშვიათად და ძალიან მკაფიო, მყარი არგუმენტებით. ეს ძალიან რთულად დასასაბუთებელი საკითხია“.

წარმოიდგინოს, რომ მანდატები არ გვაქვს

ლევან ხაბეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ყოფილი ლიდერი, მისი პარტიის აკრძალვის მუქარას არასერიოზულად მიიჩნევს, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მიერ ამ საკითხის წამოწევას კი „ქართული ოცნების“ უუნარობას მიაწერს, ამომრჩეველს სიახლე შესთავაზოს.

„მათ 12 წლის თავზე არ შეუძლიათ მოსახლეობას შესთავაზონ პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას“, - უთხრა ლევან ხაბეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი

„ამომრჩეველმა მას მანდატი იმიტომ მისცა, რომ გაჭირვება, მაღალი ფასები და უმუშევრობა არ იყოს და ემიგრაციაში არ გარბოდეს ხალხი. ჰკითხოს მის ამომრჩეველს. მის ამომრჩეველსაც აინტერესებს ეს პრობლემები, რომლებიც გადასაწყვეტია და ამ ადამიანებისთვის ეს პრობლემები არ გადაწყდება, თუ ვინმეს მანდატს ჩამოართმევენ ან აკრძალავენ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG