Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აზერბაიჯანის შეკვეთას ასრულებენ“ - ინტერვიუ საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლთან


სევინჯ სადიგოვა
სევინჯ სადიგოვა

აგვისტოში თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, საიტ Azel.tv-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი. აზერბაიჯანის პროკურატურა მას მუქარასა და გამოძალვას ედავება.

ივლისში ჟურნალისტი შეეცადა უსაფრთხოების მიზნით ოჯახთან ერთად თურქეთში წასულიყო, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა ამის საშუალება არ მისცეს. მისი მეუღლე სევინჯ სადიგოვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მისი ქმარი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ზვიად მჭედლიშვილთან ინტერვიუში სევინჯი ჰყვება, რომ მაისში აზერბაიჯანში მისი მეუღლის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და ძებნა გამოაცხადეს, თუმცა ოჯახს ამის შესახებ არავითარი შეტყობინება არ მიუღია. 2016 და 2020 წლებში სადიგოვს ორჯერ წაუყენეს ბრალი, ჯერ ბაქოს საქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელზე თავდასხმის, ხოლო შემდეგ გამოძალვის მუხლებით. 2020 წელს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეიწყალა.

სადიგოვს ბრალი არ უღიარებია, ციხეში კი შიმშილობა გამოაცხადა. თუ თბილისი მას ბაქოს გადასცემს, შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს.

ინტერვიუ საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლთან
please wait
ინტერვიუ საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლთან

No media source currently available

0:00 0:08:54 0:00

რადიო თავისუფლება: თქვენი მეუღლე აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის ორი თვით დატოვა პატიმრობაში. მოგვიყევით, რა ხდება ახლა?

სევინჯ სადიგოვა: აფგანი საქართველოში შარშან, 24 დეკემბერს ჩამოვიდა, რადგან შეიძლებოდა აზერბაიჯანში დაეჭირათ. როდესაც საქართველოდან სხვა ქვეყანაში წასვლა გვინდოდა, თბილისის აეროპორტში უარი უთხრეს. პოლიციამ თქვა, მისი საბუთები წესრიგში არ არისო. ურჩიეს შსს-სთვის მიემართა.

წავედით, ადვოკატს დაველაპარაკეთ, სახალხო დამცველს შევხვდით. ომბუდსმენმა გვითხრა, რომ შსს-ს მათაც მიმართეს. მაგრამ შსს-ში აცხადებენ, რომ არაფერი იციან. 3 აგვისტოს კი დააპატიმრეს.

რადიო თავისუფლება: აზერბაიჯანში მას მუქარასა და გამოძალვას ედავებიან, არა?

სევინჯ სადიგოვა: პირველსავე დღეს ვთქვი, რომ ეს ტყუილია. ჩემი ქმრის ხასიათი გადასარევად ვიცი. თუ რამე მასალა ჩაუვარდა ხელში, აუცილებლად ეთერში გაუშვებს, არავის დაურეკავს და ეტყვის, რომ მასზე მასალა აქვს და თუ არ გადაუხდიან, გამოაქვეყნებს.

რადიო თავისუფლება: დავაზუსტებ, რომ გასაგები იყოს: ჩვენ ვსაუბრობთ ვიდეოზე, რომელიც, სავარაუდოდ, დევს საქმის მასალებში. ბრალდება ააგეს აფგანის ამ ვიდეოზე, რომელშიც თითქოსდა იგი იმუქრება და, სავარაუდოდ, ფულის გამოძალვას ცდილობს.

სევინჯ სადიგოვა: დიახ, დიახ, მას ორი ადამიანი უჩივის. უბრალო ხალხი არაა, ისინი ხელისუფლებასთან მუშაობენ.

რადიო თავისუფლება: მუშაობენ საჯარო სამსახურში?

სევინჯ სადიგოვა: კი, მაისში მათ პროკურატურაში იჩივლეს, პოლიციაში. 10 მაისს კი აზერბაიჯანის შსს-მ, პროკურატურამ და პოლიციამ აფგანის ძებნა გამოაცხადეს. მაგრამ აფგანს სახლში შესაბამისი შეტყობინება რატომ არ მიუვიდა? მე ერთი საბუთი ავიღე Asan xidmət-ში, ეს უწყება აზერბაიჯანში სახელმწიფო დოკუმენტაციას გასცემს, მაგალითად, პასპორტს. მინდოდა გამეგო, აფგანის წინააღმდეგ სასამართლო თუ იყო, ძებნა თუ იყო… იმ დოკუმენტებში, რომლებიც მათ მომაწოდეს, ასეთი არაფერი ჩანდა. რატომ არ მიუთითეს, რომ ეძებდნენ?

რადიო თავისუფლება: მათ მოგცეს საბუთი, რომ მასზე არაფერია აღძრული, მას შემდეგ, რაც საქმე აღძრეს?

სევინჯ სადიგოვა: აი, 10 მაისს გამოაცხადეს ძებნა. მე კი ეს დოკუმენტები 8 ივნისს მივიღე. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამას პოლიტიკური მოტივი აქვს. პირველად ხომ არ ვუყურებ ამ ყველაფერს?!

რადიო თავისუფლება: და მაინც, საქართველოში რატომ წამოვიდა, თუ აზერბაიჯანში დევნის ეშინოდა? ბოლო წლების განმავლობაში საქართველო აზერბაიჯანის ხელისუფლების ოპონენტებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის, თუნდაც ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების ამბავი რომ გავიხსენოთ.

სევინჯ სადიგოვა: ფიქრობდა, რომ მაინც ახლოა და აქ დიდი ხნით არ აპირებდა დარჩენას. თუმცა ვთავაზობდი, მოდი, დავრჩეთ, მუშაობა დავიწყოთ, ლტოლვილებად ჩავბარდეთ-მეთქი. მიპასუხებდა, რას ამბობ, აქაურობა აზერბაიჯანის ასლიაო.

ბავშვები ამბობენ: დედა, აღარ გვინდა ასეთი ცხოვრება, დავიღალეთო. გოგონა პატარაა, 10 წლის, ამბობს სიცოცხლე აღარ მინდაო. ბავშვები ასე რომ არ ლაპარაკობდნენ, საერთოდ აზერბაიჯანში დავრჩებოდი. მათ გამო ვთქვი წამოვალ-მეთქი (საქართველოში). აღარ უნდოდათ იქ ცხოვრება. აქაც, საქართველოშიც, მეზობლის კარზე რომ აკაკუნებენ, ბავშვებს ეშინიათ, როგორც აზერბაიჯანში. ამას არ ველოდი. მეგონა, აქ კარგად იყო ყველაფერი. მაგრამ ახლა ისინი მემუქრებიან, მწერენ, ფეისბუკის მესინჯერში მწერენ, სტატუსებს წერენ, რომ პრობლემებს უნდა ველოდო.

რადიო თავისუფლება: ვინ გწერთ?

სევინჯ სადიგოვა: ვიღაც კაცია, მარნეულში ცხოვრობს. ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა: „ილჰამ ალიევზე რას ლაპარაკობო? პრობლემები შეგექმნება. ილჰამ ალიევმა შენი ქმარი რა იცის? პატარა ბავშვები გყავს. მაგათ მიხედე. ადვოკატს დაელაპარაკე, იქნებ, გამოუშვან“.

რადიო თავისუფლება: მუქარებზე საუბრობთ, პოლიციას თუ მიმართეთ საქართველოში?

სევინჯ სადიგოვა: არა. არ ვენდობი. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ არ მჯერა მათი. ისინი რომ კარგად მუშაობდნენ, კანონს პატივს სცემდნენ, ასე არ მოგვექცეოდნენ.

თუ რამე მომივა, ბავშვებს თუ რამე მოუვათ, აფგანს თუ ციხეში რამე დაემართება, ეს აზერბაიჯანის შეკვეთით იქნება. საქართველო ამ შეკვეთას ასრულებს. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა.

რადიო თავისუფლება: სანამ ივნისში საქართველოდან თურქეთში გამგზავრებაზე უარს გეტყოდნენ, რამე მსგავსი ნიშანი თუ იყო? რამე ხომ არ გაგიგიათ ისეთი, რაც გაფიქრებინებდათ, რომ აფგანის დაკავებას აპირებენ? ელოდით ამას?

სევინჯ სადიგოვა: აზერბაიჯანიდან სიაც კი მივიღეთ, ვის დააპატიმრებდნენ. აფგანიც ეწერა. სხვა ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც კი რეკავდნენ, აფგანს ეუბნებოდნენ, დაგაპატიმრებენო.

რადიო თავისუფლება: ეს გაფრთხილება უფრო იყო თუ მუქარა?

სევინჯ სადიგოვა: მუქარა, ხშირად გვემუქრებოდნენ.

რადიო თავისუფლება: გემუქრებოდნენ, რომ დაგაპატიმრებდნენ?

სევინჯ სადიგოვა: გენერალი მემუქრებოდა ტელეფონით. აზერბაიჯანის შსს-ს გენერალი ვუგარ ალეკპეროვი (სავარაუდოდ, საუბარია ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეზე - რ.თ.) მეუბნებოდა: „შენი ქმარი რასაც უნდა იმას წერს, ასე ვის გაუგია? არ იცი, რომ პრობლემები ექნება? ცოლი ხარ, უთხარი, ასე ნუ შვრება“. ეს მუქარა არაა?

რადიო თავისუფლება: რამდენად მაღალია ალბათობა, რომ აფგანს აზერბაიჯანს გადასცემენ?

სევინჯ სადიგოვა: მგონია, რომ შეუძლიათ ასე მოიქცნენ. არ ვენდობი მათ. ისინი ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ ამას დემოკრატია არ ჰქვია.

რადიო თავისუფლება: იცით, როდის შეიძლება ექსტრადირება დაინიშნოს? და რას ფიქრობთ, რა ელის აზერბაიჯანში?

სევინჯ სადიგოვა: სასამართლო როდის გაიმართება, არ ვიცი. აზერბაიჯანში რა ელის? მოკლავენ! ისინი აფრთხილებდნენ აფგანს. როდესაც 2016 წელს პირველად გამოვიდა ციხიდან, ჰყვებოდა, რომ დაიბარეს და უთხრეს, თუ არ გაჩუმდებოდა, ქელეხისთვის თადარიგი დაეჭირა.

რადიო თავისუფლება: სასამართლოს შემდეგ ცხადი გახდება, გადასცემენ თუ არა აფგანს. ამის მერე რას აპირებთ? აქ დარჩენას გეგმავთ თუ სხვა ქვეყანაში გადასვლას?

სევინჯ სადიგოვა: მინდა, რომ აფგანი გამოუშვან, რომ მთელი ოჯახი ერთად ვიყოთ. რა თქმა უნდა, აქ არ დავრჩები. ადრე მიყვარდა საქართველოში ყოფნა, მინდოდა აქ დარჩენა, ბავშვებსაც უყვარდათ და უნდოდათ დარჩენილიყვნენ, მაგრამ ახლა გვეშინია. მინდა, ბავშვები სხვა, უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ. სადაც უნდა ვიყო, აფგანის გასათავისუფლებლად ვიმუშავებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოუშვან.

რადიო თავისუფლება: რაც დააპატიმრეს, მას მერე შეხვდით?

სევინჯ სადიგოვა: არა. როცა დააპატიმრეს, მინდოდა მისი ხმა მაინც მომესმინა, გამეგო როგორაა, სადაა. პენიტენციარულ სამსახურს ელექტრონულ ფოსტაზე მივწერე, ფეისბუკზეც. პროკურატურას მივწერე. ვწერდი, თუ ჩემს ქმარს რამე დაემართება, თქვენი ბრალი იქნება-მეთქი.

დარეკვის უფლება მომცეს. მისი ხმა რომ გავიგონე, გულზე ოდნავ მომეშვა. ძალიან დარდობს ჩვენზე, ბავშვებზე, იცის, რომ აქ მარტოები ვართ, აქ სახიფათოა. ამის გამო ძალიან ნერვიულობს. ჩვენ მასზე ვდარდობთ, ის - ჩვენზე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წერილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ზვიად მჭედლიშვილს (თარგმანი უცვლელად):

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო

პრეს-სამსახური

24.08.2024

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის წარმომადგენელს ზ. მჭედლიშვილს

პატივცემულო ზვიად მჭედლიშვილი!

თქვენი მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ განხილულია.

გატყობინებთ, რომ მოქალაქე სევინჯ სადიგოვა იქნა დაბარებული ქ. ბაქოს პოლიციის მთავარ სამმართველოში, მასსა და (სხვა) მოქალაქეს შორის საჯარო სივრცეში ვიდეო გადაღებისას მომხდარი კამათის გამო. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განმარტებები.

სევინჯ სადიგოვასა და მისი ქმრის პროფესიული საქმიანობა არ განიხილებოდა.

პატივისცემით,

უფროსი (პრეს-სამსახურის) ელშად გაჯიევი

ფორუმი

XS
SM
MD
LG