აფხაზური წყაროები შამბას „მთავრობაში“ დაბრუნების ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებენ: მწვავე საკადრო კრიზისსა და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას სურვილს - შეძლებისდაგვარად შეამსუბუქოს ხალხის რისხვა, რაც აფხაზეთში რუსეთისთვის სასურველი კანონების ლობირებას მოჰყვა.
სერგეი შამბა თბილისთან ყოველთვის დიალოგის მომხრე და მოსურნე იყო. ამის გამო ის ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთხელ გაკიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს გადაუდგამს კომპრომისული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ.
სერგეი შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე მესამედ გახდა. 1997 წლიდან, ჯამში, ამ პოსტზე 13 წლის განმავლობაში მუშაობდა.
თავის ძველ, ახალ სამსახურში შამბა 7 აგვისტოს მივიდა, რუსეთთან ერთად დასავლეთის ქვეყნებიც გაიხსენა და თქვა, რომ ახლა მას სულ სხვაგვარ დროში უწევს მუშაობა:
- „არაერთხელ მითქვამს, რომ აფხაზეთის ახალგაზრდა დიპლომატია ყალიბდებოდა შეხებითა და თანამშრომლობით ისეთ დიდ დიპლომატიურ სკოლებთან, როგორიც აქვთ რუსეთს, ბრიტანეთს, გერმანიას, ამერიკას, საფრანგეთს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობით. ეს იყო სხვა არა მარტივი, რთული დრო. ახლა არანაკლებ რთული დროა, იცვლება მსოფლიოს სისტემა და აფხაზეთი ჩართულია ამ პროცესში“;
- „ჩვენ უნდა მოვემზადოთ სერიოზული რყევებისთვის. თუკი ვაწარმოებთ სწორ საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მაშინ შევძლებთ თავი ავარიდოთ ბევრ უბედურებას“.
"უშიშროების საბჭოს მდივნის" პოსტზე შამბა შეცვალა რაულ ლოლუამ, რომელიც მანამდე არ დაამტკიცეს გუდაუთის რაიონული ადმინისტრაციის უფროსად.
დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ შამბას დანიშვნას 6 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო 7 აგვისტოს „მინისტრი“ კოლექტივს ბჟანიას მოადგილემ, ბადრა გუნბამ წარუდგინა.
„ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ სერგეი მირონოვიჩმა - აფხაზი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილემ, ომის შემდგომ პერიოდში არსებითი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში", - თქვა გუნბამ და დაამატა, რომ შამბას "დიპლომატიურობა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება" ყოველთვის საჭირო და სასარგებლო იყო.
დიალოგი, კომუნიკაცია
შამბას ოკუპირებული აფხაზეთის გარეთაც იცნობენ, განსაკუთრებით კარგად კი რამდენიმე მოვლენის გამო:
- 2006 წელს შამბა თბილისში ჩამოვიდა, როცა ოკუპირებული აფხაზეთიდან სამშვიდობო გეგმაპპ0 [”მომავლის გასაღები”] ჩამოიტანა. მასში იყო დიალოგისა და დაახლოების მზაობა, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესი;
- 2005 წელს, „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სერგეი შამბა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ავტონომიურ რეგიონში - სამხრეთ ტიროლში [იტალიის ჩრდილოეთით, ავსტრიის საზღვარზე] ჩავიდა, რისთვისაც სოხუმში მწვავედ გააკრიტიკეს. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“, სტანისლავ ლაკობამ თქვა, რომ ტიროლის ავტონომიური რეგიონის მაგალითი „აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ არ გამოადგება. შამბა ირწმუნებოდა, რომ ამ მხრივ კომპრომისებზე წასვლა არც უფიქრია.
შამბას წლების განმავლობაში არ შეუცვლია პოზიცია, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
2023 წლის ნოემბერში, სერგეი შამბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) დეპუტატს, ვახტანგ ყოლბაიას ვიდეოჩართვით ესაუბრა და ამისთვისაც გაკიცხეს. საუბარს ჟურნალისტი უძღვებოდა.
ამ შეხვედრაზე შამბამ თქვა, რომ „საჭიროა კავშირების სხვადასხვა არხების ამოქმედება“ და, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“:
„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, - აცხადებდა სერგეი შამბა.
ვახტანგ ყოლბაიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ მისთვის მოულოდნელობა იყო სოხუმიდან თანამდებობის პირის ["უშიშროების საბჭოს მდივანი"] დიალოგზე დათანხმება. მისი განცხადებით, პოლიტიკურ დონეზე საუბრის შესაძლებლობაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა შესაძლოა - იყოს ეკონომიკაზე.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მოელის, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრის“ პოსტზე შამბას მუშაობის პერიოდში - იქნება კომუნიკაცია ქართულ მხარესთან და „ხშირ შემთხვევაში - შესაძლოა არაფორმალურ ფორმატებშიც“.
„საჭიროების შემთხვევაში, შამბას ქართულ მხარესთან კონტაქტების გამონახვა არ გაუჭირდება. მას ძველი საკომუნიკაციო არხები დარჩენილი აქვს... ამ ადამიანს [შამბას] ამ მხრივ მნიშვნელოვანი რესურსი აქვს და ამის გამოყენება საჭიროა. მაგრამ „ოცნების“ ოცნებები რომ არის - რუსეთთან სიამტკბილობით ტერიტორიებს დავიბრუნებთო, მაგ დონეზე არაფერი მოსალოდნელი არ არის“, - ეუბნება ზურაბ ბენდიანიშვილი რადიო თავისუფლებას.
„მათ (საქართველოს) 30 წელია სურთ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგებია, ეს ვის უკვირს?!" - ეს სიტყვები სერგეი შამბამ 2024 წლის მაისში წარმოთქვა, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში ცდილობდნენ გაეშიფრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაპირება, რომ - 2030 წლისთვის საქართველო გაერთიანდება.
„კონფედერაციის საკითხების ან ამ სახელმწიფოსთან რაღაც სხვა ურთიერთობის განხილვას ჩვენ არ ვგეგმავთ“, - ესეც შამბას სიტყვებია.
„ჩვენი 'აღთქმული მიწა', ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს.
რატომ დააბრუნეს?
სერგეი შამბას "საგარეო საქმეთა მინისტრის" პოსტზე დაბრუნება ოკუპირებულ აფხაზეთში არავის გაჰკვირვებია, რადგან მთელი თვის განმავლობაში, მოარული ხმები სწორედ ასეთ მოლოდინს აჩენდნენ. იმასაც ამბობდნენ - რომ შამბა ამ ინიციატივით მოხიბლული არ იყო.
„რეალურად, პრეზიდენტ ბჟანიას ხელთ არსებული საკადრო პოტენციალის გათვალისწინებით, სხვა არჩევანი არც იყო“, - წერს გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი, ინალ ხაშიგი თავის ტელეგრამარხზე და იქვე განმარტავს, რომ „მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელს - ოდისეი ბიგვავას არც დიპლომატიური გამოცდილება ჰქონდა, არც პოლიტიკური წონა და ის ერთი ჩვეულებრივი ფუნქციონერი იყო.
„ახლა, როცა მწვავედ გაკრიტიკებული საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის გამო, საზოგადოების მთელი რისხვა უპირატესად მისკენ [ასლან ბჟანიასკენ] არის მიმართული, მას, ერთი მხრივ, აქვს სურვილი, რომ ბედის ეს დარტყმები მარტომ არ მიიღოს, ხოლო, მეორე მხრივ - მინისტრმა შეძლებისდაგვარად უნდა მოაგვაროს [პრობლემები]...
ხოლო ამ როლისთვის ფუნქციონერი არ გამოდგება. საჭიროა პოლიტიკური ფიგურა, ბუნებრივია - დიპლომატიური მუშაობის გამოცდილებით. ამ პარამეტრებს - ბჟანიას ახლო გარემოცვიდან, აკმაყოფილებს მხოლოდ ერთი ადამიანი - სერგეი შამბა“, - წერს ხაშიგი და, სავარაუდოდ, მიუთითებს ბოლო პერიოდში ბჟანიასკენ მიმართულ საზოგადოებრივ რისხვაზე, რომელიც „აპარტამენტების კანონმა“ და რუსი ინვესტორებისთვის სასათბურო პირობების შექმნის ინიციატივებმა გამოიწვია.
„აპარტამენტების კანონი“, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ხელში ჩაგდების საშუალებას მისცემდა, მასშტაბური პროტესტის გამო „პარლამენტიდან“ ისევ უკან გაიწვიეს. აფხაზეთში ხალხის პროტესტმა შეაჩერა „აგენტების კანონის“ დამტკიცებაც. მანამდე, ბჟანიას მმართველობის მიმართ მნიშვნელოვანი უკმაყოფილება წარმოშვა ე.წ. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემამ - პროტესტის მიუხედავად, ხალხმა ამ პროცესის შეჩერება ვერ მოახერხა.
ექსპერტების შეფასებით, შამბა ხალხში გაცილებით მაღალი რეიტინგით სარგებლობს, ვიდრე მისი წინამორბედი - ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან ამ წლის მაისის დასაწყისში გაათავისუფლეს. თუმცა მან თქვა, რომ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა და მოსკოვში ახალ თანამდებობას ელოდება.
შამბას პოლიტიკას ექსპერტები ხშირად „პროაფხაზურს“ უწოდებენ, ხოლო არძინბა „რუსეთის კაცად“ იყო ცნობილი.
ფორუმი