პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ კანონპროექტს ოპოზიციიდან მხარი დაუჭირეს „გირჩმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. ოპოზიციის დიდ ნაწილს ე.წ. აგენტების კანონის მიღების გამო პარლამენტში ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.
პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ოპოზიციის დეპუტატ თეონა აქუბარდიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის.
„ფაქტია, რომ ამნისტია ეხებათ ზონდერებს. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციებზე ზონდერების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული შესაბამისი უწყების მიერ და შესაბამისი კვალიფიკაციით. ყველა მათგანზე გამოძიებას აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება შსს, არასწორი კვალიფიკაციით, ყველა ამ დანაშაულს ეხება ამნისტია. ამ პირობებში რამდენად არის სამართლიანი ამნისტია. ანუ ზონდერებს წინასწარ დაჰპირდით ამნისტიას? - მიმართა „ქართულ ოცნებას“ აქუბარდიამ და დაამატა, - ამნისტია არ ეხება მათ, ვინც „რუსულ კანონს“ აპროტესტებდა. ზოგი მათგანი დაჯარიმებულია, ზოგი ბრალდებულია და ზოგი დაპატიმრებულია“.
კანონპროექტის მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა აქუბარდია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
„მე არ ვიცი, ქალბატონი აქუბარდია რა კანონზე საუბრობდა. თუ სწორად იტყვის კანონს, სწორად განმარტავს და დეფინიციას მოახდენს, ამ შემთხვევაში მზად ვარ ვუპასუხო. არაკომპეტენტურობა ის არის, რომ არც წაკითხული აქვს ამნისტია, თორემ ამ კითხვას არ დასვამდა“.
აქუბარდიამ იონათამიშვილს უპასუხა: „შეურაცხყოფებს თქვენგან მიჩვეული ვარ, როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან“. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ სიტყვების შემდეგ თეონა აქუბარდიას მიკროფონი გაუთიშა და მიმართა: „სიტყვა ჩამოგართვით“.
„გირჩის“ პოზიცია
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე პრინციპი შესთავაზა, რომლებიც, მისი აზრით, სამართლიანია და გააკეთილშობილებს დოკუმენტს. ხვიჩია ფიქრობს, რომ დანაშაულის ჩადენის მცდელობის შემთხვევებს ამნისტია მაშინაც უნდა შეეხოს, თუკი ის არ ვრცელდება ამ ტიპის დანაშაულის ჩადენაზე.
„პირველი, რაც მე მგონია აუცილებელი მე-7 მუხლში, საჭიროა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სხვადასხვა შემთხვევები. კარგი საქმე არ არის, მაგალითად, მკვლელობის მომზადება, მაგრამ იგივე არ არის, რაც მკვლელობა. როგორ შეიძლება ამას ზუსტად ერთნაირად მოვექცეთ? მცდელობები უნდა გამოვიტანოთ მე-7 მუხლის იმ გამონაკლისებიდან, რომლებზეც ამნისტია არ ვრცელდება. დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, მცირედით მაინც შეეხოს ამნისტია პატიმარს“, - მიმართა მომხსენებელს იაგო ხვიჩიამ.
„გირჩი“ ასევე მოითხოვს, გაფართოვდეს იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლებსაც, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, ამნისტია თუნდაც ნაწილობრივ შეეხება.
„მსჯავრდებულს ეცოდინება, რომ დააშავა, გასამართლდა, მაგრამ ეპატია. და ეპატია დაზარალებულის გამო. ფაქტობრივად, კონფლიქტი აღმოფხვრილია შინაარსობრივად. გარეთ გამოსულ დამნაშავეს მივიღებთ ბევრად უფრო რესოციალიზებულს და ბევრად უფრო ადაპტირებულს გარემოსთან. არასწორია დაზარალებულის თანხმობის ამ ნაწილში არშემჩნევა“, - თქვა იაგო ხვიჩიამ.
„ქართული ოცნების“ გაფრთხილება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამნისტიის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას ის ადამიანები გააფრთხილა, რომლებმაც, მისი შეფასებით, „ამნისტიით ხელის მოთბობა“ გადაწყვიტეს.
მსჯავრდადებულთა და მათი ახლობლების პროტესტს ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალის გაფართოების მოთხოვნით, მამუკა მდინარაძე პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა.
„ყველას ვაფრთხილებთ, ნურავინ გაეხვევა ბოროტ თაღლითობაში, რომელიც გულისხმობს ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებას. ასე ატყუებენ ვიღაცებს“, - თქვა მან.
მდინარაძემ „გირჩის“ წევრებს მიმართა: ამბობენ, რომ „თქვენ შეგვევაჭრებით და რაღაც მუხლებს ჩაგვაწერინებთ ამ პროექტში... ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვაჭრობის საგანი“.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროტესტის გამოხატვა ამნისტიაზე საპირისპირო გავლენას მოახდენს.
„ყველას ვაფრთხილებ, თუ ვინმეს აქეზებენ (ამ სიტყვებსაც არ ვამბობ შემთხვევით), რომ "შენ დაიწყე შიმშილობა და ამას შეეხება", თუ უნდა ვინმეს რომელიმე მუხლს არ შეეხოს, უნდა წააქეზოს მეორე ადამიანი, პატიმარი ან მისი ოჯახის წევრი, რომ ამაზე გამოთქვას უკიდურესი პროტესტი. თუ არ შეეხება რამეს, ამ შემთხვევაში არ შეეხება. რაც არ წერია, ისეთ მუხლებს ერთადერთ შემთხვევაში შეეხება: თუ იქნება მყარი არგუმენტები - სამართლებრივი, მორალური და ა.შ.“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მდინარაძემ დააზუსტა, რომ შესაძლო თაღლითობის შემთხვევა არ ეხება „გირჩს“, თუმცა მან ახსენა ადვოკატები.
„ნურავინ ითაღლითებს (ეს არ ეხება პარლამენტის დარბაზში მყოფებს), მათ შორის, ერთი-ორი ჩემი ყოფილი კოლეგა [ადვოკატი] გამოერია ამაში, რომ ჩვენ რაღაცას ასე ვაკეთებთ, ცდილობენ, რომ "ამნისტიაში ამას ჩავაწერინებთ", ასეთი რამ არ მოხდება. ვიღაცის ხელის მოსათბობად, ამნისტიაში არცერთი მუხლი არ დაემატება“, - თქვა მან.
პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვის პარალელურად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის გარეთ მსჯავრდებულთა ნაწილის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ დოკუმენტში მუხლების დამატებას.
ამნისტიის ოფიციალური მიზანი
ამნისტიის კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია მიზეზები, რომლებიც, ოფიციალურად, ამნისტიის გამოცემის საფუძველი გახდა. ერთ-ერთ მიზნად პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემცირება არის დასახელებული.
„დღეის მდგომარეობით, ამნისტიის გამოცემის საკითხზე მსჯელობის აქტუალობას ძირითადად განაპირობებს ის გარემოება, რომ 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში პატიმართა რიცხოვნობა შეადგენდა 9 542 პირს. 2023 წელს პატიმართა რიცხოვნობა კვლავ მატებას განაგრძობდა და 9 868 პირი შეადგინა. ამჟამად, პატიმართა რიცხოვნობა 10 400 პირს შეადგენს“, - წერია დოკუმენტში.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამნისტიის პროექტის მიზანია, საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში პატიმართა გაზრდილი რაოდენობის შემცირება. ამიტომ, აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების გატარება საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - ასევე დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით.
სახალხო დამცველმა 2023 წლის ანგარიშში რეკომენდაცია გასცა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც „მიზნად დაისახავს პატიმრების რაოდენობის შემცირებას და ამ პროცესში გაითვალისწინოს როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები ციხის გადატვირთულობისა და ციხის მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით, ასევე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, გენერალური დირექტორის მიერ მომზადებული დოკუმენტი ციხის გადატვირთულობის შესახებ“.
როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა თქვა, ამნისტია შეეხება 4839 პატიმარს, დაუყოვნებლივი გათავისუფლება კი - 1000 ადამიანს.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:
- პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
- სასჯელის ½-ით შემცირება;
- სასჯელის 1/4-ით შემცირება;
- სასჯელის 1/6-ით შემცირება;
- და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება (შეეხება დაახლოებით 7000 პირს).
საპარლამენტო უმრავლესობა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას სექტემბერში გეგმავს.
ფორუმი