პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის პროექტის“ შესახებ.
ტექსტის თანახმად, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდადებულები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან შეუმცირდებათ 1/2-ით ან 1/4-ით. სასჯელის 1/6-ით შემცირება კი შეეხება სსკ-ის 225 მუხლს.
საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის 291 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება.
განახლება
მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელშიც მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება.
მუხლების ჩამონათვალის სანახავად დააჭირე აქ.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:
- პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
- სასჯელის ½-ით შემცირება;
- სასჯელის 1/4-ით შემცირება;
- სასჯელის 1/6-ით შემცირება;
- და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
„ამნისტიის პროექტით სიახლის სახით გათვალისწინებულია 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა წესს“, - აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
ვის შეეხება ამნისტია და ვის არა?
ამნისტია არ შეეხება:
- მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს;
- ნარკორეალიზატორებს;
- სქესობრივ დანაშაულებს;
- ყაჩაღობას;
- ტერორიზმს;
- კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს;
- ქურდულ სამყაროს;
- კონვენციურ დანაშაულებს;
- ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ ცნობით, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს.
კანონის პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე. კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში.
„თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენის დროს გავიზიაროთ“, - აცხადებს "ქართული ოცნება“.
პროექტის ავტორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან შსს-ს, პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა მონაწილეობით მომზადდა ამნისტიის პროექტი.
რატი იონათამიშვილის განმარტებით, ამნისტია პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება.
„ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც 9 მლნ. ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, რაც გირგვლიანის საქმეზე ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა სტრასბურგის სასამართლომ - ასეთ მასშტაბურ კრიმინალებს, რა თქმა უნდა, ამნისტიის არცერთი პროექტი არასდროს არ უნდა შეეხოს“, - უპასუხა იონათამიშვილმა შეკითხვას, შეეხება თუ არა სააკაშვილს ამნისტიის აქტი.
ფორუმი