მათი ცნობით, პატიმართა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო ქსნის, რუსთავისა და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში. „TV პირველთან“ სატელეფონო საუბარში ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტს საყოველთაო სახე ჰქონდეს და ყველა მსჯავრდადებულს შეეხოს.
„ერთბაშად პენიტენციური სისტემიდან პატიმრების დიდი ნაწილის გამოსვლა ალბათ შეუქმნის პრობლემას მართლწესრიგს“, - უთხრა პარლამენტში ჟურნალისტებს მმართველი პარტიის დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურს, რომელმაც ზემდგომ უწყებაში - იუსტიციის სამინისტროში - გადაგვამისამართა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ფეისბუკში დეზინფორმაცია უწოდა მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. „მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
11 ივლისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის პროექტის“ შესახებ.
ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდადებულები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან შეუმცირდებათ 1/2-ით ან 1/4-ით. სასჯელის 1/6-ით შემცირება კი შეეხება სსკ-ის 225 მუხლს.
საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის 291 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:
- პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
- სასჯელის ½-ით შემცირება;
- სასჯელის 1/4-ით შემცირება;
- სასჯელის 1/6-ით შემცირება;
- და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონპროექტის მიღებას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სექტემბერში, გეგმავს.
ფორუმი