Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო თავისუფალი სკამი უზენაეს სასამართლოში - მსურველები, მათი განცხადებები და კარიერა


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა.

უზენაეს სასამართლოში ერთის გარდა, ყველა მოსამართლე უვადოდაა დანიშნული. ამ ერთს ვადა 2025 წელს ეწურება და სისტემიდან წასვლა მოუწევს. იუსტიციის საბჭო შემცვლელს ეძებს. კონკურსის მონაწილე კანდიდატების ვინაობა ცნობილია.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ბოლო, 28-ე სკამის დასაკავებლად, თანაც უვადოდ, შვიდი კანდიდატი იბრძოლებს. კონკურსიის მონაწილეების სია, მათ ბიოგრაფიებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 ივლისს გაასაჯაროვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ:

  1. ივერი აბაშიძე
  2. თამარ ალფაიძე
  3. ირაკლი ბონდარენკო
  4. არჩილ კოჭლამაზაშვილი
  5. ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  6. შოთა ქადაგიძე
  7. მიხეილ ჯინჯოლია

შვიდი კანდიდატიდან - ხუთი მოქმედი მოსამართლეა, მათგან სამი: ივერი აბაშიძე, ირაკლი ბონდარენკო, არჩილ კოჭლამაზაშვილი საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის წევრები არიან, რომელსაც მოსამართლე ლევან მურუსიძე თავმჯდომარეობს, რომელიც ამ თანამდებობას მესამე ვადით იკავებს.

ლევან მურუსიძე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე
ლევან მურუსიძე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე

მოსამართლეთა ასოციაცია 1999 წლის 9 ივლისს დაფუძნდა და საქართველოს თითქმის ყველა მოსამართლეს აერთიანებს.

წესდების მიხედვით, ასოციაციის მიზნებია:

  • მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ხელშეუვალობის, მიუკერძოებლობის, პროფესიული, მატერიალური და სოციალური ინტერესების დაცვა;
  • სასამართლოს ხელისუფლების და მოსამართლეთა პრესტიჟისა და საზოგადოებაში მათი როლის ამაღლება;
  • ხელის შეწყობა იმაში, რომ მოსამართლეთა შერჩევაში მხოლოდ მაღალზნეობრივი, უნარიანი, პრინციპული, განათლებული და კვალიფიკაციური კანდიდატები მონაწილეობდნენ;
  • თითოეული მოსამართლის უფლების დაცვა;
  • იურიდიული პროფესიის განვითარება, პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება;
  • უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება.

მოსამართლეებს ამ ასოციაციის ანგარიშზე ყოველთვიურად საწევრო შესატანი შეაქვთ. 2023 წელს ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლეების ყოველწლიურ შეკრებას რესტორანში მოსამართლის დღესთან დაკავშირებით სწორედ ეს ასოციაცია აფინანსებდა.

უზენაესის მოსამართლეობის მსურველი ივერი აბაშიძე 2022 წელს ამ ასოციაციაში გამგეობის თავმჯდომარედაც აირჩიეს.

ივერი აბაშიძე

ივერი აბაშიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი
ივერი აბაშიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი

48 წლის ივერი აბაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. 2021 წლიდან ამ თანამდებობაზე უვადოდაა გამწესებული.

იუსტიციის სკოლის მსმენელისა და მოსამართლის სტატუსებით სხვადასხვა წლებში სასწავლო ვიზიტებით ნამყოფია: პარიზში, ჰამბურგსა და სტრასბურგში.

2011 წელს Open World-ის პროგრამის მონაწილე გახდა და მენეჯმენტში ცოდნა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიუმჯობესა.

მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებამდე, 2011-2018 წლებში, ივერი აბაშიძე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი და საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი. იქამდე ერთი წელი - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მენეჯერი. ამავე სასამართლოში 2004-2005 წლებში დაცვის თანამშრომელადაც უმუშავია. ეს სამუშაოა მისთვის პირველი იყო საერთო სასამართლოების სისტემაში.

ივერი აბაშიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში 2020 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა პარლამენტისთვის წარდგენილ 11 კანდიდატს შორის ვერ მოხვდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე 2020 წლის 10 დეკემბერს ივერი აბაშიძემ თქვა, რომ „სასამართლო საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორიის განმავლობაში ასეთი დამოუკიდებელი ჯერ არ ყოფილა და სასამართლოს სისტემაში "კლანი" არ არსებობს“.

რეზონანსული საქმის მაგალითად, რომელმაც „გადაარჩინა ქვეყნის დემოკრატია“ და „გაამართლა საზოგადოების მოლოდინი“, ივერი აბაშიძემ „რუსთავი 2“-ის საქმე დაასახელა.

იუსტიციის საბჭოს მაშინდელი არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე: რას ნიშნავს სტატუსი - პოლიტპატიმრები, მოსამართლემ უპასუხა, რომ „ზოგადად კანონმდებლობით, ასეა, რომ პოლიტიკური მიზნით დაპატიმრებულები“. სინამდვილეში კანონმდებლობა ტერმინ - პოლიტპატიმარს საერთოდ არ განმარტავს.

2024 წელს შევსებული ქონების დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლეს აქვს ორი მიწის ნაკვეთი შუახევის რაიონის სოფელ ქინიძეებში, ჯამში 5 700 კვ.მ. 2021 და 2023 წლებში ქალაქ ბათუმში ორი ბინა იყიდა, რომელშიც ერთად 77 818 დოლარი გადაიხადა.

მოსამართლეს სამი მსუბუქი ავტომობილი ჰყავს: აქედან ორი Toyota Rav 4 და Jeep Grand Cheroke L Laredo აშშ-ში აუქციონზე შეიძინა. ამ ავტომობილების ყიდვა, ტრანსპორტირება და განბაჟება 17 500 და 17 950 დოლარი დაუჯდა.

2023 წელს სახელფასო დანაზოგი 920 ლარი ჰქონდა. მოსამართლედ მუშაობისთვის მისი ყოველწლიური შემოსავალი 83 920 ლარია.

ირაკლი ბონდარენკო

ირაკლი ბონდარენკო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი
ირაკლი ბონდარენკო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი

ირაკლი ბონდარენკო 2022 წლის მარტიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. იქამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სიღნაღისა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებში. სამოსამართლო კარიერა საკონსტიტუციო სასამართლოში 1998 წელს სპეციალისტის თანამდებობაზე დაიწყო. 2007 წლამდე ამ ინსტანციაში ჯერ მოსამართლის თანამშემწე, შემდეგ მთავარი მრჩეველიც იყო.

2017 - 2021 წლებში მოსამართლე ბონდარენკო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს.

ირაკლი ბონდარენკო უზენაესი სასამართლოს დასაკომპლექტებლად 2024 წლის 24 იანვარს გამოცხადებულ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა სამჭოს მისი კანდიდატურა პარლამენტს არ წარუდგინა. მან გასაუბრებაზე თქვა, რომ ვეტინგის წინააღმდეგია და პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების ჯგუფი სასამართლოს წინააღმდეგ „პროპაგანდაშიც“ დაადანაშაულა.

„მოსამართლის კეთილსინდისიერება არაერთგზის მოწმდება. ეს კანონი ძალიან კარგად არის გაწერილი და აღსრულებადიცაა. არ სჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება ამ ამბავს იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დადგეს“, - თქვა ირაკლი ბონდარენკომ, რომელსაც სასამართლოში მისი თანამდებობის გამო, ვეტინგის მექანიზმი შემოღების შემთხვევაში აუცილებლად შეეხება.

ირაკლი ბონდარენკოს ბოლო წლებში სასამართლოსთან დაკავშირებული არც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები დაუტოვებია ყურადღების მიღმა. აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე თქვა, რომ „გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულების გარეშე საუბარი“.

„მრავალი წელია ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგების და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა“, - ის ამ განცხადებებს უმეტესად საკუთარ ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს.

სტუდია „მონიტორის“ 2023 წელს მომზადებული გამოძიებით, ის მეგობრობს ლევან მურუსიძესთან და მასთან ერთად სამოგზაუროდაც დადის. ამის ერთ-ერთ დასტურად ჟურნალიტებმა 2019 წელს საბერძნეთში გადაღებული ფოტო აჩვენეს, სადაც ლევან მურუსიძესა და მის ცოლთან, ლელა ჭანიასთან ერთად ირაკლი ბონდარენკო და მისი ცოლი გიული გიორგაძეცაა ასახული. გიული გიორგაძეც სასამართლო სისტემაში მუშაობს - თბილისის საქალაქო სასამართლოში კონსულტანტად. ბონდარენკოს შვილი ლელა ჭანიას ნათლულია.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკომ არ უპასუხა ჩვენს შეკითხვას, თუ რატომ არ უთითებს დეკლარაციაში სამოგზაურო ხარჯებს. მოგზაურობისა და სხვა ხარჯების შესახებ გვინდოდა დაგვესვა შეკითხვები ლევან მურუსიძისა და ლელა ჭანიასთვის, თუმცა ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე ისინი მანქანით გაიქცნენ“, - ამბობს სიუჟეტის ავტორი საგამოძიებო ფილმში.

2024 წელს გამოქვეყნებული ქონების დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ბონდარენკო ფლობს ორ ბინას, თბილისსა და ბათუმში. მის ცოლს გიული გიორგაძეს ჰყავს მსუბუქი ავტომობილი, 2016 წელს გამოშვებული „მაზდა 6“, რომელშიც 22 000 ლარი გადაიხადა.

ცოლის ყოველწლიური შემოსავალი 23 980,53 ლარია, ირაკლი ბონდარენკოსი - 107 173,2 ლარი.

არჩილ კოჭლამაზაშვილი

არჩილ კოჭლამაზაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი
არჩილ კოჭლამაზაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი

მოსამართლეთა ასოციაციის კიდევ ერთი წევრი არჩილ კოჭლამაზაშვილი 2020 წელს დანიშნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე, 2023 წლიდან ამავე ადგილზე უვადოდაა გამწესებული.

მისი პირველი სამსახური სასამართლო სისტემაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში მანდატურის თანამდებობა იყო, სადაც 2006 წელს დასაქმდა, 2011 წლიდან იუსტიციის საბჭოში გადავიდა, ისევ მანდატურად. 2015 წლიდან საბჭოში სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტში მუშაობდა. 2017-2018 წლებში მოსამართლის საქმიანობის შეფასების დეპარტამენტში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი გახდა და ორ წელიწადში მოსამართლედაც აირჩიეს.

კოჭლამაზაშვილი სწავლობდა ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც იურისტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ამ დასახელების ინსტიტუტი ფიგურირებს შალვა თადუმაძის დიპლომის სკანდალში და 2014 წელს პროკურატურის გენინსპექციის უფროსის, დავით საკანდელიძის განათლების დოკუმენტებში, რომელიც მედიამ საეჭვოდ მიიჩნია.

2023 წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, არჩილ კოჭლამაზაშვილის ცოლი, ეკა მნათობიშვილი, კახეთში, დედოფლისწყაროში ფლობს მიწას და საცხოვრებელ სახლს, არჩილ კოჭლამაზაშვილი კი ლაგოდეხში მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს ოჯახის სხვა წევრებთან იყოფს. მოსამართლის ყოველწლიური შემოსავალი 76 380 ლარია, მისმა ცოლმა 2022 წელს 15 000 ევრო მიიღო.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი

ნიკოლოზ მარსაგიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი
ნიკოლოზ მარსაგიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი

ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2019 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეა და საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებს. 2019-2020 წლებში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2020 წლიდან დღემდე, თანაც მეორე ვადით იკავებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივნის თანამდებობას. 2008-2019 წლებში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

მარსაგიშვილს საქართველოს სხვადასხვა ოლქსა და რაიონში გამომძიებლად და შემდეგ, პროკურორად მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი, მარსაგიშვილი ვეტინგის მოწინააღმდეგეა და იმ მოსამართლეებს შორისაცაა, რომლებმაც აშშ-სგან სანქცირებულ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს:

„მე ვფიქრობ, რომ უკეთესია, გარკვეული მტკიცებულებები გაჟღერდეს საჯაროდ და საზოგადოდ, რომ “აი, ამის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება” და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება ამ ინფორმაციას ემყარება კონკრეტულად“, - თქვა მარსაგიშვილმა 2023 წლის აპრილში.

2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ფლობს 9 მიწის ნაკვეთს ყაზბეგსა და თბილისში, და ერთ საცხოვრებელ ბინას, გლდანის რაიონში. გასულ წელს ბანკში ანაბარზე ინახავდა 10 368,31 აშშ დოლარს და 14 777,34 ლარს, ნაღდ ფულს კი - 6500 აშშ დოლარს. ერთ წელიწადში ხელფასის სახით ჯამში 98 247 ლარი ჩაერიცხა.

მიხეილ ჯინჯოლია

მიხეილ ჯინჯოლია სასამართლო სისტემაში პროკურატურიდან მივიდა. 2022 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ნამუშევარი აქვს ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიებშიც. დაინტერესებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებით, კიბერდანაშაულით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებით, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებში. მათ შორის იყო გერმანიაში, საფრანგეთში, მოლდოვაში.

ამ მოსამართლემ განიხილა „ვაკის პარკის საქმეზე“ დაკავებული 9 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი და 9-ვეს პატიმრობა შეუფარდა.

ვაკის პარკის საქმე: 2022 წლის 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი გადარჩა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა 9 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთი გაამართლა.

მან ქონების დეკლარაცია ბოლოს 2023 წელს შეავსო, სადაც ცარიელია გრაფა კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ. საქართველოს ბანკში ანაბარზე 11 501,45 აშშ დოლარს ინახავს. მისი ყოველწლიური შემოსავალი 76 380 ლარია, იხდის იპოთეკურ სესხს.

შოთა ქადაგიძე

შოთა ქადაგიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი
შოთა ქადაგიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი

შოთა ქადაგიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორია. საერთო სასამართლოების ამ სტრუქტურას უფლება აქვს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს. ამ სტრუქტურას მოქალაქეები მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართავენ ხოლმე.

წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დამოუკიდებელი ინსპექტორი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ.

2017-დან 2021 წლამდე შოთა ქადაგიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ის საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით აირჩია.

„იგი წლების განმავლობაში მონაწილეობდა მართლმსაჯულებისთვის საზიანო თითქმის ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, 2018 წელს მან მხარი დაუჭირა კლანის წევრებით დაკომპლექტებულ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების 10-კაციან პრობლემურ სიას“, - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2023 წელის სტატიაში.

იუსტიციის საბჭოში ყოფნისას, ქადაგიძე ე.წ. კლანს მხარდაჭერას უცხადებდა, არამოსამართლე წევრებს - ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს აკრიტიკებდა და მათ სასამართლოს დაზიანებაში სდებდა ბრალს.

„არჩევიდან დღემდე საქმიანობას ვახორციელებ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, განსხვავებით ანა დოლიძისგან და ნაზი ჯანეზაშვილისგან, რომლებიც არ არიან საბჭოს დამოუკიდებელი წევრები... ისინი დამოკიდებულნი არიან და ახმოვანებენ სასამართლო სისტემის მიმართ ოპოზოციურად განწყობილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს, რომლებიც მიზანმიმართულად ეწევიან სასამართლო სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობას “, - დაწერა ქადაგიძემ 2019 წელს გამოქვეყნებულ წერილში.

2022 წელს შოთა ქადაგიძემ იუსტიციის საბჭოს სხვა ყოფილ წევრებთან: ზაზა ხარებავასთან და ლევან გზირიშვილთან ერთად სოლიდარობა გამოუცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა.

ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი მას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეხვდა და ელჩის სახელით, გვარამიას საქმეზე ანგარიში მოსთხოვა, შემდეგ კი უთხრა, რომ აშშ-ში სასწავლო პროგრამით აღარ გაემგზავრებოდა.

„ [მომხდარი] აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში, ხოლო, მეორეს მხრივ, ეს უკვე სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი "ირიბი" ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ანუ თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ ვიზიტით წაიყვანონ, ან ანალოგიურად უკვე არსებული სიიდან არ ამოიღონ“, - განაცხადეს ხარებავამ, ქადაგიძემ და გზირიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, ის ორგანიზებას უწევს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდებს.

2001-დან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწისა და აპარატის უფროსის თანამდებობებზე. 2007-დან 2008 წლამდე უზენაეს სასამართლოში იყო მოსამართლის თანაშემწე.

2010-დან 2013 წლამდე საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.

დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე შოთა ქადაგიძის არჩევა გააპროტესტეს მართლმსაჯულების კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა და ქადაგიძე „გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გამტარებელად“ მოიხსენიეს.

„სწორედ ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელების და შესაბამისი მტკიცებულებების მოძიების თაობაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პოზიციაზე არჩეული ადამიანი სარგებლობდეს მაღალი პროფესიული რეპუტაციით და იყოს თავისუფალი როგორც გარე, ისე სასამართლოს შიგნით არსებული გავლენებისგან.

იმ პირობებში, როდესაც კორპორატივიზმი სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ინსპექტორად საბჭოს ყოფილი წევრის არჩევა, კიდევ ერთხელ, ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს ნიშნავს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა.

თამარ ალფაიძე

თამარ ალფაიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი
თამარ ალფაიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი

თამარ ალფაიძე სამართლის პროფესორია. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობდა და კითხულობს ლექციებს. არის მეცნიერი და მკვლევარი.

2021 წლის ზაფხულში ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა. მეორედ 2024 წლის თებერვალში სცადა და ახლა, მესამედაც უნდა სცადოს.

2022 წელს თამარ ალფაიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა რევაზ ეგაძესთან ერთად.

„დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა და მის საქმიანობაში ვერასდროს ვერავინ ვერ ჩაერეოდა. მე ქალბატონი ვარ და თქვენს წინაშე ვდგავარ და ველი თქვენი მხრიდან ტექნიკურ გადაწყვეტილებას. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და იმედი მაქვს, გავაფერადებთ ჩვენს მომავალსაც“, - თამარ ალფაიძის ეს სიტყვები დაამახსოვრდა უბრავლესობას, ვინც მოისმინა.

2022 წელს ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსშიც მონაწილეობდა. 2019 წელს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

თამარ ალფაიძემ თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება მაშინდელი ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ იყო: „ეს არ იყო პერსონიფიცირებული პროცესი, ეს იყო ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომ ორგანო ორ რგოლად გაყოფილიყო“.

კანდიდატმა ინსპექტორის შესარჩევ სხდომაზე ჟურნალისტები გააკრიტიკა და თქვა, რომ „მედიას აქვს მანიპულაციის ფუნქცია“.

„თქვენთან ერთად, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ჟურნალისტებს, რომ უფრო გაძლიერდნენ, უფრო კარგად გააცნობიერონ ის, რასაც აკეთებენ და წინასწარ გაითვალისწინონ, რა შედეგები რა შედეგებს მოჰყვება“, - თქვა თამარ ალფაიძემ.

უზენაეს სასამართლოში საკონკურსო თანამდებობა ვაკანტური 2025 წლიდან გახდება. ამ დროს ეწურება 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასიტაშვილის ადგილზე კონკურსი მოსამართლის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა.

მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი ნინო ბაქაქურთან ერთად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც სასამართლოში სისტემის პრობლემებზე საჯაროდ საუბარს არ ერიდებიან.

ისინი მხარს უჭერენ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაა. სწორედ გასიტაშვილი და ბაქაქური არ დაეთანხმნენ უზენაესი სასამართლოს პლენუმის ვეტინგის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებას და განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. ამის გამო ისინი კოლეგა მოსამართლეების კრიტიკის სამიზნეებიც გახდნენ.

ბაქაქური და გასიტაშვილი უვადოდ დანიშნულები არ არიან. ბაქაქურს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ზურაბ ძლიერიშვილთან ერთად 2024 წლის ოქტომბერში ამოეწურება. მათ ადგილზე უკვე შეარჩიეს ორი მოსამართლე: ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება. 27 ივნისს არჩეული სამი მოსამართლის ჩათვლით, ამ ინსტანციაში უკვე 27 უვადო მოსამართლეა და 27-ვე „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებთან გასაუბრების დრო ჯერ არ დაუსახელებია. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. სიაში მოხვდება ის, ვისაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს მხარს.

პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა უკვე დაასრულა, თუმცა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის არჩევნებამდე დასრულება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც პარლამენტი სექტემბერში მუშაობას განაახლებს.

2019, 2021 და 2024 წლები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის სამ ციკლს ასახავს. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს კი - 3. ახლა მეოთხე ეტაპია - კონკურსის დასრულების შემდეგ უზენაეს სასამართლოში 28-ვე მოსამართლე უვადოდ იქნება გამწესებული, ყველა „ქართული ოცნების“ მიერ.

ამით იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტთან ერთად, უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი სასამართლო ინსტანციის დაკომპლექტების პროცესს დაასრულებს.

XS
SM
MD
LG