Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციომ პოლიტიკური რეკლამის ტელეეთერში გაშვება აკრძალა - რატომ?


საქმეს განიხილავდა საკონსტიტუციო სასამართლოს I კოლეგია. მათგან ევა გოცირიძე და ვასილ როინიშვილი პარლამენტის პოზიციას ეთანხმებოდნენ, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი კი სახალხო დამცველის პოზიციას იზიარებდნენ.
საქმეს განიხილავდა საკონსტიტუციო სასამართლოს I კოლეგია. მათგან ევა გოცირიძე და ვასილ როინიშვილი პარლამენტის პოზიციას ეთანხმებოდნენ, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი კი სახალხო დამცველის პოზიციას იზიარებდნენ.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეარხები: „მთავარი“, „ფორმულა“, „TV პირველი“ და „კავკასია“ სამართალდამრღვევებად ცნო მამუკა ხაზარაძის წიგნზე რეკლამის განთავსების გამო, რადგან მასში პოლიტიკური შინაარსი დაინახა.

მსგავსი მიზეზით კომისიას ტელევიზიების წინააღმდეგ სანქცია არაერთხელ გამოუყენებია, თუმცა ამჯერად მარეგულირებელს უკვე ზურგს უმაგრებს საკონსტიტუციო სასამართლოში 6 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რის შედეგადაც არასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამა აიკრძალა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებლის ადრინდელი სანქციების გამო სახალხო დამცველმა 18 თვის წინ მიმართა - ომბუდსმენი სარჩელში აღნიშნავდა, რომ პოლიტიკური რეკლამა გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლებაა და კომუნიკაციების კომისია მას უსაფუძვლოდ ზღუდავდა.

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება, როგორც განსაკუთრებულად დაცული უფლება, შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ასეთებად ჩამოთვლილია უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. სხვა შემთხვევაში კი აკრძალვის შესახებ კანონში მკაფიო ჩანაწერი უნდა არსებობდეს. პოლიტიკური რეკლამის არასაარჩევნო პერიოდში ტელეეთერში გაშვების აკრძალვის შესახებ არცერთ კანონში არ არის ჩანაწერი.

სახალხო დამცველის მიზანი იყო, სასამართლოს კომუნიკაციების კომისიისთვის აეხსნა, რომ პოლიტიკური რეკლამის გაშვება/არგაშვების საკითხი მხოლოდ კანონის მკაფიო ჩანაწერით უნდა რეგულირდებოდეს. და თუკი კანონში არაფერი წერია, წესებიც ვერ დაირღვევა.

სახალხო დამცველი ამ საკონსტიტუციო სარჩელით არ ამტკიცებდა, რომ:

  • არ შეიძლება, პოლიტიკური რეკლამის ტელეეთერში გაშვება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში დაიშვებოდეს;
  • არც იმას, რომ მისი სრული აკრძალვა არაკონსტიტუციურია.

ამის მიუხედავად, სასამართლოსა და მოპასუხე მხარის არგუმენტების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.

კონსტიტუცია ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად კანონში მკაფიო ჩანაწერს ითხოვს, თუმცა პარლამენტის წარმომადგენელმა სასამართლოს უთხრა, რომ პოლიტიკური რეკლამის შემთხვევაში „მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმადაც, აკრძალულია ის, რაც არ არის კანონმდებლობით ნებადართული“. საკონსტიტუციო სასამართლოში მსგავს დავებში მოპასუხე ყოველთვის საქართველოს პარლამენტია, რადგან სწორედ ის იღებს კანონებს.

ქართული კანონმდებლობა ინტერნეტსივრცეში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას საერთოდ არ არეგულირებს, თუმცა ამ დრომდე არავის უთქვამს, რომ ეს მის სრულ აკრძალვას ნიშნავს, მათ შორის - არც კომუნიკაციების კომისიას.

ინტერნეტის პოპულარობა საქართველოში დღითი დღე მზარდია. ამის მიუხედავად, პარლამენტის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ „ამომრჩევლის პოლიტიკური ნების თავისუფალ პირობებში ფორმირებისთვის“ მნიშვნელოვანია, არასაარჩევნო პერიოდში არ შეიძლებოდეს პოლიტიკური ტელერეკლამის გაშვება.

პარლამენტის პოზიციას დაეთანხმა კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელიც. მარეგულირებლის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლევან მაისურაძემ დამატებით აღნიშნა, რომ თუკი პარტიას ტელერეკლამის დაკვეთა ნებისმიერ დროს შეეძლება, ეს შეიძლება იქცეს დაფინანსების ფორმად, რაც აკრძალულია მაუწყებლობის შესახებ კანონით.

მხარეების მოსმენის შემდეგ სასამართლომ გაიზიარა პარლამენტისა და მარეგულირებლის პოზიციები და თქვა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური რეკლამა წინასაარჩევნო რეკლამაა და არ აქვს მნიშვნელობა როდის გავა ის:

„[რეკლამის მიზანია] გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე და იმოქმედოს მისი პოლიტიკური ნების, განწყობისა თუ პრეფერენციების ჩამოყალიბებაზე, რაც შემდეგ უშუალოდ ჰპოვებს თავის ასახვას არჩევნების დროს…“

სასამართლო განმარტავს, რომ თუკი შეუზღუდავი ვადით ექნებათ პარტიებს სატელევიზიო რეკლამის ყიდვის შესაძლებლობა, ეს შეზღუდავს საარჩევნო პროგრამების განხილვებში ამომრჩევლის ჩართულობას, არჩევნების შედეგი კი დამოკიდებული გახდება „პოლიტიკურ პროპაგანდასა და ფინანსებზე“.

„ამან შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს: შეიზღუდოს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საჯარო პლურალისტური დებატები, პოლიტიკური საარჩევნო პროგრამების ჯანსაღი და ინკლუზიური განხილვა საზოგადოების ფართო ჩართულობით…“ - განმარტა სასამართლომ.

სასამართლო და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები არასაარჩევნო პერიოდში ტელეეთერით პოლიტიკური რეკლამის გადაცემას მაყურებელზე ზემოქმედების საფრთხედ აღიქვამენ.

„უწყვეტი ინფორმაციულ-პროპაგანდისტული ნაკადისადმი ამომრჩევლის ხანგრძლივად დაქვემდებარება შეიძლება მის ინფორმირებულობას კი არ მოემსახუროს, არამედ გარკვეული მოსაზრებების მისთვის თავსმოხვევას“, - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

არც სასამართლოს, არც მარეგულირებელს არ უმსჯელიათ პროსამთავრობო ტელევიზიების შესახებ. მაგალითად, ტელევიზია POSTV-ზე, რომელშიც წილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ეკუთვნის. არხი ხელისუფლებას მხოლოდ პოზიტიურად, ოპოზიციას კი მხოლოდ ნეგატიურად აშუქებს.

„ფინანსურმა სარგებელმა არ უნდა განაპირობოს, რომ მედიასაშუალება მოევლინოს საზოგადოებას პოლიტიკურად მიკერძოებულ მხარედ და კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდამჭერ ინსტიტუტად“, - ასკვნის კონსტიტუციური სასამართლო.

საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული არხი - „იმედი“ კი 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა იმისთვის, რომ „არ დაეშვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება“.

სახალხო დამცველის სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლეთა 4-წევრიანი კოლეგიის სულ მცირე სამი ხმა იყო საჭირო. ამ საქმეზე დაწერილი განსხვავებული აზრიდან ირკვევა, მოსამართლეები გიორგი თევდორაშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე არ ეთანხმებიან სასამართლოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ფიქრობდნენ, რომ საკმარისი საფუძველი არსებობდა მარეგულირებლის განმარტების არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად. ორივე მოსამართლე სასამართლოში პრეზიდენტის წარდგინებით მუშაობს.

საქმეზე განსხვავებული აზრის არსებობა ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს სახელით დაწერა სხვა ორმა მოსამართლემ: ევა გოცირიძემ და ვასილ როინიშვილმა. გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით მუშაობს საკონსტიტუციოში, როინიშვილი კი უზენაესი სასამართლოს კანდიდატი იყო.

საქმის განმხილველი მოსამართლეები: გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე
საქმის განმხილველი მოსამართლეები: გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე

ჩანს, თევდორაშვილმა და კვერენჩხილაძემ კოლეგები როინიშვილი და გოცირიძე ვერ დაარწმუნეს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკურ გამოსვლებს, დებატებსა და განცხადებების გავრცელებას. მასში მოიაზრება ნებისმიერ ისეთ საკითხზე საჯარო აქტივობა, რომელიც სცდება ერთი ადამიანის ინდივიდუალურ სურვილებს.

„პოლიტიკური ან/და საჯარო მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს რეკლამა წარმოადგენს“, - აღნიშნავენ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები და დასძენენ, რომ კონსტიტუციით განსაკუთრებულად არის დაცული ინფორმაციის გავრცელების უფლება, მისი შეზღუდვა კი „უკიდურესად მწვავე საჭიროების“ შემთხვევაში შეიძლება:

„მივიჩნევთ, რომ გამოხატვის თავისუფლების ფართო უფლების ბირთვს პოლიტიკური ან საჯარო ინტერესის საკითხებზე გამოხატვა მიეკუთვნება…“

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია, მისი შესრულება კი - სავალდებულო. საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის დადგენილი სტანდარტის შეცვლა მხოლოდ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში შეიძლება. კანონის მისაღებად საჭირო ხმები კი ამ პარლამენტში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG