Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ჯარიმები 150 ათას ლარს აღემატება - კიდევ რა ვიცით მათ შესახებ


ე.წ. რობოკოპები რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს. 30 აპრილი, 2024 წელი
ე.წ. რობოკოპები რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს. 30 აპრილი, 2024 წელი

12 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი ქსელი აქვეყნებს მონაცემებს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული მოქალაქეებისა და მათ წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ. მოქალაქეთა ნაწილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება.

17 ივნისისთვის არსებულ მონაცემებს ავრცელებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ერთ-ერთია ამ 12 არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ამ დროის მონაცემებით:

  • წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას 216 ადამიანს ედავებოდნენ;
  • აქციების ორგანიზების წესის დარღვევას - 61 ადამიანს;
  • ავტომობილებით გზის გადაკეტვას - რვა ადამიანს.

ამ საქმეებზე სასამართლოს მოქალაქეებისთვის უკვე დაკისრებული აქვს ჯამში 150 000 ლარზე მეტის ოდენობის ჯარიმები, თუმცა საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.

„ამ დროისთვის განხილული საქმეებიდან 90%-ზე მეტ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სახდელის სახით გამოყენებულია ჯარიმა“, - აცხადებენ საიაში.

"სამართლებრივი დახმარების ცენტრში" სულ შესულია 950-ზე მეტი შეტყობინება, აქედან ორგანიზაციები სამართლებრივად ეხმარებიან 375 ადამიანს. მათგან ნაწილი - 90 ადამიანი - სისხლის სამართლის საქმეებში მოწმის, ბრალდებულისა და დაზარალებულის სტატუსს ატარებს.

ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით მაისში მიიღო „აგენტების კანონი“. თითქმის ორთვიანი აქციების დროს პოლიციამ დააკავა ათეულობით მოქალაქე, მათგან ცხრის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

იმის მიუხედავად, რომ არაერთმა სამართალდამცავმა იძალადა არაერთ მოქალაქეზე, ამ ეტაპზე ძალის გადამეტების გამო დაკავებული პოლიციელების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG