ბაგრატ გალსტანიანი აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე ტავუშის ეპარქიას ხელმძღვანელობს. მან მოახერხა ის, რაც ბევრმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ვერ შეძლო: ფორმა მისცა აზერბაიჯანთან კატასტროფული სამხედრო მარცხების სერიით გამოწვეულ საზოგადოებრივ პროტესტს.
2020-2023 წლებში რამდენიმე სამხედრო შეტევის შემდეგ აზერბაიჯანმა მოახერხა მთიან ყარაბაღზე კონტროლის დაბრუნება, რასაც მოჰყვა ადგილობრივი სომხური ხელმძღვანელობის კაპიტულაცია და 100,000-ზე მეტი ეთნიკური სომეხის გადასახლება.
გალსტანიანმა მოქმედება 19 აპრილის შემდეგ დაიწყო, როდესაც ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანს უფლებას მისცემდა დაებრუნებინა კონტროლი ტავუშის ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთზე, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების შემდეგ აკონტროლებდა.
გალსტანიანის ანტისამთავრობო აქციებმა ერევანში შეკრიბა ყველაზე მეტი ხალხი 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, რამაც თავად ფაშინიანი მოიყვანა ხელისუფლებაში.
ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, რომ გალსტანიანმა საკუთარი რევოლუცია მოახდინოს და ფაშინიანის გადაყენება შეძლოს - საპარლამენტო ოპოზიცია სუსტია. თუმცა, მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ქუჩაში გამოიყვანა მრავალი სომეხი, რომლებსაც ფაშინიანი აღარ უნდათ, მაგრამ კიდევ უფრო უნდობლობით უყურებენ ქვეყნის დანარჩენ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.
პოპულარული მღვდელი
53 წლის მთავარეპისკოპოსმა განათლება დიდ ბრიტანეთსა და კანადაში მიიღო. ის მსახურობდა სომხური სამოციქულო ეკლესიის კანადის ეპარქიის უმაღლეს თანამდებობის პირად.
ბევრი მღვდლისგან განსხვავებით, მას ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის იყო ეკლესიის მედიის განყოფილების პირველი ხელმძღვანელი. ხოლო მას შემდეგ, რაც ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი გახდა, ცნობილი გახდა თავისი სოციალური აქტივობებით, რომელიც ამ რეგიონის აზერბაიჯანთან საზღვრის მიმდებარე თემისკენ იყო მიმართული.
მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა ეპარქიის ბავშვთა გუნდმა Queen-ის სიმღერების შესრულებით გაითქვა სახელი. მათმა სიმღერამ ჯგუფის გიტარისტის, ბრაიან მეის ყურადღებაც კი მიიპყრო, რომელიც სცენაზე ახალგაზრდა მომღერლებთან ერთად გამოვიდა 2022 წლის ფესტივალზე.
თავდაპირველად გალსტანიანი ფაშინიანს მხარს უჭერდა. 2019 წლის ინტერვიუში მან ხავერდოვანი რევოლუციის მონაპოვარი უწოდა ტავუშში საზღვრისპირა ძალადობის შესამჩნევ შემცირებას.
მაგრამ 2020 წლიდან მოყოლებული მისი დამოკიდებულება უფრო ანტაგონისტური გახდა. ის მთიან ყარაბაღში ჩავიდა მაშინ, როდესაც რეგიონს აზერბაიჯანის ძალები უახლოვდებოდნენ და შუშის საკათედრო ტაძარში ილოცა. 2022 წელს მთავარეპისკოპოსი სიტყვით გამოვიდა ოპოზიციური ძალების ჩატარებულ მიტინგზე.
გალსტანიანს ბევრი თანამოაზრე ჰყავს. ფაშინიანის მცდელობებმა, შეემცირებინა ეკლესიის ძალაუფლება სომხეთში, ის არაპოპულარული გახადა რელიგიურ ლიდერებს შორის. 2020 წლის ომში სომხეთის დამარცხების შემდეგ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობამ კი ეკლესიის წინააღმდეგობა გააღრმავა.
„ამჟამად ეკლესიასა და მთავრობას შორის არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. ის უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა გალსტანიანმა Eurasianet-თან 2023 წელს მიცემულ ინტერვიუში. „ეკლესიისთვის მიუღებელია ხელისუფლების მიდგომა კონფლიქტის მოგვარებისადმი, რომელიც მთავრდება არცახის (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება) აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებით“.
აზერბაიჯანისთვის მიწის გადაცემა
გალსტანიანმა თავიდან საპროტესტო აქციები ტავუშში დაიწყო - სოფლებში, რომლებსაც აზერბაიჯანთან დადებული შეთანხმება შეეხებოდა. შემდეგ, მაისის დასაწყისში, ის ექვსდღიანი ლაშქრობით გაემართა ერევნისკენ.
დედაქალაქში მან აქციების სერია ჩაატარა - 9 მაისის დემონსტრაციაზე 30,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ის ხვდებოდა მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფს - მხატვრებს, ექიმებს, სტუდენტებს - რათა თავის მოძრაობაში მეტი ხალხი მოეზიდა.
რა კონკრეტული მოთხოვნები აქვს, ჯერჯერობით ბუნდოვანია. ის ფაშინიანის გადადგომას და „შერიგების მთავრობის“ შექმნას ითხოვს. მიტინგებზე ის მღვდლის კაბით შემოსილი გამოდის და კისერზე დიდი ჯვარი ჰკიდია. მისი მთავარი დევიზია „სომეხი, სომხეთი, სამშობლო, ღმერთი“.
მისმა მოძრაობამ ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. მხარდამჭერებს შორის არიან არა მხოლოდ წინა რეჟიმის წარმომადგენლები და ფაშინიანის მტრები - სერჟ სარგსიანი და რობერტ ქოჩარიანი, არამედ ფაშინიანის პოლიტიკური მენტორი, ექსპრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანიც და მისი ყოფილი მოკავშირე, ედმონ მარუკიანიც. მას პროდასავლური ორგანიზაციებიც ემხრობიან და რუსული მედიაც პოზიტიურად აშუქებს.
რუსეთისა და ყოფილი რეჟიმის მხარდაჭერას მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებები, თითქოს არქიეპისკოპოსი მხოლოდ პაიკი იყოს უფრო დიდ თამაშში. სინამდვილეში, ეს შედარებით ნაკლებად პოპულარული ძალებია, რომლებიც გალსტანიანის მხარდაჭერით ცდილობენ წინსვლას, - თქვა ბენიამინ პოღოსიანმა, ერევანში დაფუძნებული APRI Armenia-ს ანალიტიკური ცენტრის უფროსმა თანამშრომელმა.
გალსტანიანის წარმატება განპირობებულია იმით, რომ "ის არ არის პოლიტიკური ფიგურა", - ამბობს პოღოსიანი და დასძენს, რომ სომხები ყველა სახის პოლიტიკოსებს უნდობლობით უყურებენ. „მას შეუძლია შეასრულოს ამ ნაპერწკლის როლი, რაღაცის მოძრაობა დაიწყოს“.
თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან შეძლოს ფაშინიანის 2018 წლის წარმატების გამეორება და მასობრივი საპროტესტო აქციების მეშვეობით მთავრობის გადაყენება.
გალსტანიანს, როგორც ჩანს, კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, თუნდაც მოკლევადიანი, - თქვა ჰრანტ მიქაელიანმა, ერევანში ბაზირებულმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა. 9 მაისის აქციაზე გალსტანიანმა განაცხადა, რომ ფაშინიანს ერთ საათს აძლევდა გადადგომისათვის. ეს დრო ისე გავიდა, რომ ფაშინიანს არც უპასუხია. ეს იყო მცდარი ნაბიჯი, რომელმაც გამოავლინა გალსტანიანის ძალისხმევის სახელდახელო ბუნება და გამოიწვია ის, რომ აქციებმა "იმპულსი დაკარგა", - თქვა მიქაელიანმა. "არ არსებობდა ალტერნატიული სამოქმედო გეგმა. რა მოხდება, თუ თანამდებობას დატოვებს? რა მოხდება, თუ არ დატოვებს?“
ოპოზიციას ამჟამად არ აქვს ხმები იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად ფაშინიანის წინააღმდეგ. უფრო სავარაუდო სცენარია, რომ გალსტანიანი იქცეს მოძრაობის ლიდერად, რომელიც კენჭს იყრის 2026 წლის არჩევნებში, თქვა პოღოსიანმა. (როგორც კანადისა და სომხეთის ორმაგ მოქალაქეს, მას არ აქვს უფლება თავად გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა მიანიშნა, რომ ამ შეზღუდვის გადალახვას შეეცდება.)
მანამდე კი, თუ მიზანი ხელისუფლების შეცვლაა 2026 წლამდე, ვერ ვხედავ, ამის რეალურ შესაძლებლობას, - თქვა პოღოსიანმა.
ფორუმი