Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გოგია: შეკრების თავისუფლება მოიცავს მშვიდობიან პიკეტირებასაც


გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი
გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი

„ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც გუშინ ღამით რუსთაველზე და მის მიმდებარე ქუჩებზე ხდებოდა“, - Human Rights Watch-ის წარმომადგენელი გიორგი გოგია თავის ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება 1 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის დარბევას და განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების შეზღუდვა კანონიერი და პროპორციული უნდა იყოს. ამასთან, გიორგი გოგიას სიტყვებით, შეკრების თავისუფლება მოიცავს, მათ შორის, პარლამენტის პიკეტირებასაც:

„მიუხედავად იმისა, რომ შეკრების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, ეს შეზღუდვა უნდა იყოს კანონიერი და პროპორციული. უბრალოდ “წადით ახლა სახლებში” არ არის საფუძველი შეკრების თავისუფლების დარღვევის და ძალის გამოყენების.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ პარლამენტის პიკეტირებას ახდენდნენ დემონსტრანტები და ეს იყო მისი დაშლის საფუძველი. არა! შეკრების თავისუფლება მოიცავს მშვიდობიან პიკეტირებასაც და საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ შეფერხებასაც. თუ ხარ პარლამენტარი და იღებ ისეთ კანონს, რასაც საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება, შენ გაქვს თმენის ვალდებულება, მოისმინო ის, თუ რას ფიქრობს შენზე და ამ კანონზე ხალხი, მშვიდობიანად“.

ამასთან, Human Rights Watch-ის წარმომადგენლის შეფასებით, პარლამენტთან საკმარისი რაოდენობით სამართალდამცავი იმყოფებოდა იმისთვის, რომ პარლამენტის წევრების უსაფრთხოდ გაყვანა უზრუნველეყოთ:

„შეეძლოთ გაეკეთებინათ კორდონი და ისე გაეყვანათ პარლამენტარები, თუმცა ეს შეიძლება არ ყოფილიყო სასიამოვნო გაცილება, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო მიტინგის დაშლის ლეგიტიმური საფუძველი“.

რაც შეეხება სამართალდამცავების მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას, გიორგი გოგია წერს:

„საერთოდ, ძალის გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს უკიდურესი აუცილებლობა და ეს გამოყენება უნდა იყოს საფრთხის პროპორციული. არ არსებობს არცერთი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ნორმა, რაც გაამართლებდა ან დასაშვებად ცნობდა სამართალდამცავთა მიერ დემონსტრანტების ცემას!! სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეების დაუნდობელი ცემა. ეს დაუშვებელია და საჭიროებს დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას“.

გოგიას განმარტებით, „რობოკოპების“ მიერ ძალის გადამეტებაზე სამსჯელოდ საჭიროა დადგინდეს ძალის გამოყენების აუცილებლობა:

„რატომ გახდა საჭირო მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებაში ასეთი უხეში ჩარევა? გაფრთხილება, რომ - „დაიშალეთ, თორემ გამოყენებული იქნება სპეცსაშუალებები აქციის დასაშლელად“, არ ამართლებს და ლეგიტიმურს არ ხდის არც შეკრების თავისუფლების აღკვეთას და არც ამ ძალის გამოყენებას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG