Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თემა არ დაიხურება - 47 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს


არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

47 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, „აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები“ და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება.

ერთობლივი განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასე უპასუხეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. 19 მარტს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია“, რომ ის შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპებთან.

„ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად, ასეთი რამ შესაძლოა განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინის, მოლდოვის საქმე იყო, მაგალითად, ამის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები, ამას აქვს მყარი საფუძველიც. მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვაში.

საქართველოში იცით, რომ 2012 წლის შემდგე გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

სასამართლო სისტემაში „ვეტინგი“ არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ეს არ არის სტანდარტული პროცესი და მას ქვეყნები გამოიყენებენ მაშინ, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს. „ვეტინგს“ საქართველოში ეწინააღმდეგებიან სახელისუფლებო პარტიაც და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ნაწილიც.

იმის დასადასტურებლად, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლო დამოუკიდებელია, პრემიერმა ახსენა წინა ხელისუფლების გამოცდილება და თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო გამოიყენებოდა, როგორც რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.

„ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში არ არის შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები. პირიქით, თუ სადმეა ძლიერი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ეს არის სწორედ საქართველო, მათ შორის ეხება ეს საქართველოს“, - ამბობს პრემიერი.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, დღეს სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერებისა და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს.

ამის დამადასტურებელ ერთ-ერთ მაგალითად კი მოჰყავთ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესება რამდენიმე გავლენიანი მოსამართლის მიმართ.

2023 წლის 5 აპრილს აშშ-მ „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის“ გამო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს.

„ჩვენთვის გაურკვეველია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს. ხელისუფლება ამ საკითხის დახურვით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ევროინტეგრაციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებს.

სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების შემოწმება საზოგადოებისთვის ვერ დაკარგავს აქტუალობას იქამდე, ვიდრე არ მიიღწევა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 47 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათი ნაწილი სასამართლო საკითხებზე მუშაობს. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  1. სასამართლოს გუშაგი (Court Watch);
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  3. დემოკრატიის მცველები;
  4. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;
  5. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG);
  6. სამოქალაქო იდეა;
  7. ეკო ცენტრი;
  8. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC);
  9. პრევენცია პროგრესისთვის (PFP);
  10. ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე“;
  11. შშმ ქალთა ალიანსი;
  12. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  13. მედიაომბუდსმენი;
  14. ქალი და განვითარება;
  15. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
  16. ილიას სამართლის სახლი (ილიასი);
  17. საორსა;
  18. ფენიქსი 2009;
  19. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  20. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
  21. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  22. კანონის უზენაესობის ცენტრი;
  23. შავი ზღვის ეკო-აკადემია (BSEA);
  24. მშობელთა კავშირი „ჩვენი შვილები”;
  25. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG);
  26. არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“;
  27. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა;
  28. მრავალეროვანი საქართველო;
  29. საფარი;
  30. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო;
  31. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“;
  32. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია;
  33. პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“;
  34. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN);
  35. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი;
  36. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  37. საუნჯე;
  38. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი;
  39. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise;
  40. ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა;
  41. სოფელ კახათის სათემო განათლების და გაძლიერების ცენტრი;
  42. ღია სივრცე კავკასია (COS);
  43. ნეოგენი;
  44. სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი;
  45. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Mestia);
  46. უფლებები საქართველო;
  47. მწვანე ალტერნატივა.

XS
SM
MD
LG