უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ვეტინგს მხარს მოსამართლეთა ის ჯგუფი უჭერს, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების ეს მექანიზმი არ ეხებათ. იმის გამო, რომ ისინი არც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები არიან, არც იუსტიციის საბჭოს წევრები და არც სამოქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეები, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვეტინგის პროცესი არ უნდა შეეხოთ.
„ისეთი მოსამართლეების მხრიდან ვეტინგის მხარდაჭერა, რომლებიც არ ექვემდებარებიან შემოწმებას, ვფიქრობ, რომ არაკოლეგიალურია. თავიდანვე გაცხადებულია, რომ ეს მათ არ შეეხებათ. უხერხულია, ეჭვქვეშ დააყენო კოლეგების კეთილსინდისიერება და მოითხოვო შემოწმება, როცა თავად არ გეხება“, - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს - ნინო ბაქაქურსა და ეკატერინე გასიტაშვილს გულისხმობს. ეს მოსამართლეები არ დაეთანხმნენ უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებას, სადაც წერია, რომ „ე.წ. ვეტინგი ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი...“.
მათ განსხვავებული პოზიცია პლენუმის ოქმში დააფიქსირეს. ოქმი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
ამასთან, ვეტინგის სისტემას მხარი დაუჭირა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მესხიშვილმა. ის ვეტინგის სამიზნე ჯგუფში არ შედის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზადაა „ამ შემოწმებას თავი დაუქვემდებაროს“.
„არ მინდა, ჩემი ქმედებით, ევროპასთან დაახლოების პროცესს ხელი შევუშალო. ვფიქრობ, კეთილსინდისიერების შემოწმება არის პროცესი, სასამართლოს მიმართ ნდობას გაზრდის და მე მზად ვარ, ამ მოთხოვნას თავი სიამოვნებით დავუქვემდებარო“, - განაცხადა ქეთევან მესხიშვილმა.
ვეტინგის მომხრე მოსამართლეები გააკრიტიკა იუსტიცის საბჭოს ყოფილმა წევრმა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სერგო მეთოფიშვილმა. მოსამართლე დაეყრდნო არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ჩამოწერილია იმ მოსამართლეების 60-კაციანი სია, რომლებსაც ვეტინგის შემთხვევაში შეამოწმებენ. ამ სიაში ბაქაქური და გასიტაშვილი არ არიან.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხოლო ეკა გასიტაშვილს - 2025 წლის ივლისში. ევროკავშირის შეფასებებისა და პირობების შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხოლოდ უვადოდ არჩეული მოსამართლეები დაექვემდებარებიან“, - ნათქვამია „სასამართლოს გუშაგის“ სტატიაში.
ამ ეტაპზე ვეტინგის მხარდამჭერ მოსამართლეთა რიცხვი 10-ია. გასიტაშვილის, ბაქაქურისა და მესხიშვილის გარდა, კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეწინააღმდეგებიან:
- ტყიბულის მაგისტრანტი სასამართლოს მოსამართლე - ციცინო კიკვაძე;
- თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლეები: გიორგი ებანოიძე; თამარ ხაჟომია, ეკა არეშიძე და მადონა მაისურაძე;
- გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ლევან დარბაიძე;
- თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - მამუკა წიკლაური.
მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ფიქრობს, რომ ვეტინგის მხარდამჭერი მოსამართლეების პოზიციები სასამართლოს დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს.
„ის მოსამართლეები (ვეტინგის მომხრეები - რ.თ.) ერთის მხრივ მათი კოლეგების გადამოწმების მოთხოვნას მიესალამებიან, ხოლო მეორეს მხრივ ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოითხოვეს სასამართლო სისტემის მიმართ საკუთარი ტენდენციურობით გამორჩეულმა სუბიექტებმაც კი და შესაბამისად მთელი სასამართლო კორპუსის, უცხოელების ვეტინგის „წნეხის“ ქვეშ გატარებას მოითხოვენ“, - წერს მეთოფიშვილი ფეისბუკში.
მოსამართლე ფიქრობს, რომ ვეტინგის სისტემა სასამართლოში სამართალწარმოებას შეაფერხებს და ისედაც გადატვირთულ სასამართლო კორპუსს კოლაფსამდე მიიყვანს. ამის დასადასტურებლად მოლდოვის მაგალითს იშველიებს. მისი აზრით, ვეტინგის მომხრეთა მიზანი მოსამართლეების დაშინება, დამორჩილება და ანგარიშსწორებაა, „რაც მიიღწევა მოსამართლეთა მასოიბრივი წმენდის განხორციელებით“.
„მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით ე.წ. ვეტინგის შემოღებას საქართველოში, არა იმის გამო, რომ რაიმე სახის შემოწმების გვეშინია... არამედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის და ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავი ეფექტის გამო!“ - წერს სერგო მეთოფიშვილი.
„სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი, ფიქრობს, რომ მოსამართლეების კრიტიკა ვეტინგის მხარდაჭერის გამო, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დაშინებას ემსახურება.
„კრიტიკით ცდილობენ მიანიშნონ სხვა მოსამართლეებს, რომ სჯობს არ ამოიღონ ხმა და სასამართლო სისტემიდან განსხვავებული პოზიციები არ გამოდიოდეს. ერთგვარი პრევენციაა... თუ მოსამართლეები, რომლებსაც ვეტინგი ეხებათ, ფიქრობენ, რომ კეთილსინდისიერები არიან, არ უნდა ეშინოდეთ და უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შემოწმებას გაივლიან. ალბათ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები არ არიან და ეს შიშებიც აქედან გამომდინარეობს“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლებასთან.
ვეტინგის მომხრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკრიტიკა და მათ კეთილსინდისიერება დაუწუნა.
„ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რა განცხადების გაკეთებასაც ვაპირებ სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის დამოუკიდებელი შტო. არც ჩემი და არავის საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„მართლმსაჯულების კოალიციაში“, რომელიც სასამართლო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებითაა დაკომპლექტებული, ფიქრობენ, რომ „ამგვარი პოლიტიკური რიტორიკა არის ზეწოლა კონკრეტულ მოსამართლეებზე“.
„გარდა ამისა, ამ განცხადებებს აქვს მსუსხავი ეფექტი სხვა მოსამართლეებზეც, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ საკითხზე. შესაბამისად, ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებით ხელისუფლება თრგუნავს სასამართლოს შიგნით არსებულ ისედაც მწირ აზრთა სხვადასხვაობას და ლახავს მთლიანად სასამართლოს და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას“, - ნათქვამია განცადებაში, რომელიც 16 მარტს გამოქვეყნდა.
რა არის ვეტინგი
მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა. ამისთვის იშვიათი სისტემის შექმნაა საჭირო, რომელშიც საერთაშორისო სპეციალისტებს გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნებათ.
კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი დროებითი იქნება და სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხება. ესენი არიან:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
- სასამართლოს თავმჯდომარეები.
ასეთი სულ 60 მოსამართლეა. მათი რაოდენობა დაითვალა ორგანიზაციამ „სასამართლოს გუშაგი“.
ევროკავშირში მოსამართლეების შემოწმების ამ ექსტრაორდინარულ მეთოდს ვეტინგის (Vetting) სახელით იცნობენ. მართალია, ეს ტერმინი საქართველოს შესახებ რეკომენდაციებში ნახსენები არაა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა და NGO-ების ნაწილმა კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ ჩანაწერს ვეტინგი დაარქვეს.
ვეტინგი ინგლისური სიტყვაა და თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებას ნიშნავს. ამ სიტყვის წარმოშობის ისტორია ცხენების დოღს უკავშირდება და გულისხმობს მოთხოვნას, რომ რბოლამდე ცხოველის ჯანმრთელობა შემოწმდეს. მოგვიანებით, ტერმინმა ზოგადი მნიშვნელობა შეიძინა და „შეფასების“ სინონიმი გახდა.
მართლმსაჯულების კონტექსტში ვეტინგი არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ის საგამონაკლისო და არასტანდარტული პროცესია, რომელმაც სასამართლო სისტემა არაკეთილსინდისიერი წევრებისგან უნდა გაწმინდოს.
თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება მძიმე ჩარევაა სასამართლო შტოში და ისეთ დროს გამოიყენება, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს.