Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუსკა - ძაღლი ოჯახიდან, სადაც პატრონმა კიდევ ერთ ძაღლს სასიკვდილოდ სცემა


დუსკა - ძაღლი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანიდან, სადაც პატრონმა თავის ოჯახში მცხოვრებ კიდევ ერთ ძაღლს სასიკვდილოდ სცემა.
დუსკა - ძაღლი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანიდან, სადაც პატრონმა თავის ოჯახში მცხოვრებ კიდევ ერთ ძაღლს სასიკვდილოდ სცემა.

ოჯახიდან, სადაც პატრონმა ერთი ძაღლი ცემით მოკლა, მეორე ძაღლი ცხოველთა დამცველებმა, პოლიციასთან შეთანხმებით, თბილისში წამოიყვანეს. ქართული ნაგაზი, სახელად დუსკა - ტასო ლოსაბერიძემ და მისმა დედამ, სოფო ლოსაბერიძემ შეიფარეს.

ძაღლი თავიდან იმდენად აგრესიული იყო, რომ მანქანიდან გადმოსაყვანად, ოჯახს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დახმარება დასჭირდა. დუსკა თანდათან სულ უფრო მეგობრული ხდება, მაგრამ ტასოსა და სოფოს გარდა, ჯერ მეტს არავის იკარებს.

დუსკამ, დიდი ალბათობით, თავისი თვალით ნახა, როგორ სცემდა პატრონი მეორე ძაღლს. გავრცელებულ ვიდეოში ისმის ძაღლის ყეფა, ხოლო როგორც ტასო ლოსაბერიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დუსკა ზუსტად იმ ტერიტორიაზე იყო დაბმული, სადაც - სისასტიკის ამსახველი ვიდეოა გადაღებული.

"როდემდე დარჩება თქვენთან?" - ამ შეკითხვაზე ტასოს პასუხი არა აქვს. ამბობს, რომ, ძაღლის ხასიათების გათვალისწინებით, მისი გაჩუქება იოლი არ იქნება, თუმცა იმასაც ამატებს, რომ - ალბათ, ვერც შეელევა.

6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა საკუთარ ძაღლს - ქართულ ნაგაზს. ცხოველი მოკვდა. ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, სოციალურ ქსელში, 8 იანვარს გავრცელდა. კაცი დაკავებულია. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. სასჯელად განსაზღვრულია ჯარიმა, შინაპატიმრობა - ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავსუფლების აღკვეთა - ერთიდან ოთხ წლამდე. ცხოველთა დამცველები მაქსიმალურ სასჯელს მოითხოვენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG