„დღეს დასრულდა სივრცე ყველანაირი სპეკულაციებისთვის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, დაბრუნება რატომ სჭირდებოდა?“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 30 დეკემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განმარტებით, რჩევების მიცემა არაფორმალურ მმართველობას არ ნიშნავს.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში დაბრუნების განაცხადით, მომავალი არჩევნებისთვის, მმართველ პარტიას „მოუხსნა ჩრდილოვანი მმართველობის თემა - როგორც კომპრომატი“; თორემ „საზოგადოებაში საერთოდ არ არის განცდა იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან ოდესმე წავიდა“.
„წასული იყო სადმე და დაბრუნდა? არსად არ იყო წასული პოლიტიკიდან. უბრალოდ ახლა მოხდა მისი რეალური სტატუსის ფორმალიზება“, - ეუბნება გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ პოლიტიკაში კვლავ დაბრუნების განაცხადი გარკვეულწილად დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ დისკუსიებს უკავშირდება. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკომისიის 9 დათქმაში, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილია და „დეოლიგარქიზაცია“ „დებიძინიზაციის“ სინონიმია. ახლახან, საქართველოს ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
„ქართული ოცნებისთვის“ ასეთი ფორმულირება მიუღებელია. მმართველი პარტიის ლიდერები ხშირად იმეორებდნენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს შეეხებათ.
კონსულტაციები გრძელდებოდა - წასვლის შემდეგაც
ბიძინა ივანიშვილმა თავისი გამოსვლისას, 30 დეკემბერს, თქვა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, „პარტიის 2-3 ლიდერთან ჰქონდა კომუნიკაცია“ და ეს რომ არ გაეკეთებინა, „პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“.
„პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება“, - თქვა ივანიშვილმა, რომელიც სამი წლის წინ, პოლიტიკიდან მეორედ წასვლის დეკლარირებისას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მხოლოდ პირადი ხასიათის კომუნიკაციასა და დაბადების დღეების მილოცვის შესაძლებლობაზე ლაპარაკობდა.
„მე სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყოველგვარი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე. პირადი, ახლა ადამიანები ვართ და შეიძლება, კითხვებიც დაისვას და დაბადების დღეც შეიძლება მივულოცოთ. ძალიან კარგი ხალხი დავტოვე გუნდში, ძალიან საყვარელი და მეგობრული“, - განაცხადა ივანიშვილმა 2021 წლის იანვარში, „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამჟამინდელი დაბრუნების კონტექსტში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი“ და „ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება“ ახლა მისი მხრიდან „ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“.
პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ დაბრუნების გადაწყვეტილება 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გამოცხადდა. ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.