Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვა ივანიშვილმა პოლიტიკაში ისევ დაბრუნების შემდეგ


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შეცდომებისა და ცდუნებების დაზღვევის საჭიროებამ დააბრუნა.

რა აქცენტები დასვა პოლიტიკაში უკვე მეორედ დაბრუნებულმა ივანიშვილმა?

პირველი დაბრუნება [2018 წელს] - პარტია ნადგურდებოდა

პოლიტიკაში პირველად დაბრუნების მიზეზების ახსნისას, ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა ევროკავშირის მაშინდელი ელჩის სიტყვები - „ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო“ და დასძინა, რომ „ეს მართლაც ასე იყო“.

„მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მეორედ გავედი პოლიტიკიდან“, - ივანიშვილმა ახსენა საპენსიო ასაკიც, როგორც მაშინ პოლიტიკიდან წასვლის „კიდევ ერთი საპატიო მიზეზი“.

კონსულტაციები გრძელდებოდა - წასვლის შემდეგაც

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 3 წლის წინ, პოლიტიკიდან წასვლის დროს, ერთადერთი რამ ვერ გათვალა - „ეს იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი“, რაშიც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ადანაშაულებს.

ივანიშვილი ამბობს, რომ ამ ფონზე, მაშინ მმართველ გუნდს კონსულტაციებით რომ არ დახმარებოდა, „პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“.

ივანიშვილი აკონკრეტებს, რომ მას შემდეგ „პარტიის 2-3 ლიდერთან ჰქონდა კომუნიკაცია“, „რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს“ და რომ ეს სავსებით ნორმალურია:

„პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება“.

ამჟამინდელი დაბრუნების კონტექსტში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი“ და „ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება“ ახლა მისი მხრიდან „ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“.

რა არის დაბრუნების მიზეზი ახლა?

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანები გართულდა და მმართველი პარტიის ხელისუფლების „მცირე შეცდომაც კი“„ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს“.

შეცდომების გარდა, ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ ცდუნებების, (მათ შორის - კორუფციის) დაზღვევის საჭიროებას ხედავს და ამბობს, რომ ეს საჭიროება ოპოზიციის „სრულად განადგურებამ“ გააჩინა.

„ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „სიმძიმის ცენტრის მისიის“ შესრულებას გეგმავს:

„მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია“.

„მთავარი მრჩეველი“ - ასე წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს თავისი როლი - პარტიის საპატიო თავმჯდომარის რანგში. ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს მისი „პოლიტიკურ და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე“ დაფუძნებული რჩევები ესაჭიროება.

გეგმები 2030 წლამდე აქვს

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიზნებზე 7-წლიანი პერსპექტივით ლაპარაკობს.

„საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ“, - აღნიშნა მან. ამოცანებს შორის ასევე დაასახელა: „ეროვნული თვითმყოფადობის“ „ბოლომდე დაცვა“ და სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „სრულად აღდგენა“.

ბიძინა ივანიშვილს გამოსვლა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ტაშით რამდენიმეჯერ შეაწყვეტინეს. „ვღელავ და თქვენი ტაში კიდევ უფრო ემოციებს მიმატებს“, - მიმართა მან დარბაზს.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება პირველად, პრემიერ-მინისტრის რანგში, 2013 წლის ბოლოს გამოაცხადა; რის შემდეგაც ის 2018 წელს პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს - როცა „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერდა მხარს. 3 წლის წინ, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის; ხოლო 2023 წლის 30 დეკემბერს გაირკვა, რომ ის კიდევ ერთხელ დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG