„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ მელიასთან არჩევნებისთვის ძალებიც გააერთიანონ და პოლიტიკური ერთობის შემთხვევაში ახალ, ერთიან სახელზეც იფიქრონ.
ექსპერტების შეფასებით, „ლელო“ და მელიას გუნდი ეფექტიან ალიანსს შექმნიდა, თუმცა რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს, ხაზარაძის განცხადებებამდე, ამ საკითხებზე არც კი უსაუბრიათ.
ამ ეტაპისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების უმრავლესობა არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებს გასვლას. ძალების გაერთიანების შეთანხმება ბოლო დროს მხოლოდ ორ შემთხვევაში მოხერხდა.
თებერვალში, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას გეგმავს „მთავარი არხის“ ყოფილი დირექტორი - ნიკა გვარამია, რომელიც, როგორც თავად ამბობს, შეთავაზებების მიუხედავად - არ შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ლელო“ და მელია
„თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ, 28 დეკემბერს, „პალიტრანიუსის“ ეთერში, როცა ის ნიკა მელიას ჯერ არშექმნილ პარტიასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკობდა. უკვე 29 დეკემბერს, რადიო თავისუფლებას „ლელოში“ უთხრეს, რომ ამ საკითხებზე სასაუბროდ მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია ნიკა მელიას პოლიტიკურ გუნდთან.
„ამ ეტაპზე ნიკა მელიასთან არავითარი კონკრეტული მოლაპარაკებები არ არსებობს. ეს შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთთანხვედრა საკვანძო საკითხებზე მასთან. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება [ნიკა მელიასთან] 2021 წლის არჩევნებზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლელოს“ საგარეო მდივანმა, პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
29 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, ნიკა მელიამ თავის ფეისბუკგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. ის წერს, რომ პატივს სცემს „ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით“, თუმცა აღნიშნავს ასევე, რომ - წარმატებული ერთობა „ხალხის ინტერესის კარნახით, მათი დაკვეთით“ უნდა შეიქმნას.
განცხადების ტექსტში ნახსენები არ არის „ლელო“.
ნიკა მელიას თანაგუნდელმა, ბაჩო დოლიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ - პარტია, რომლის მშენებლობაც ჯერ ისევ მიმდინარეობს, არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.
„ჩვენი დღის წესრიგი ახლა არის ტექნიკური ხასიათის სამუშაოები, რაც სჭირდება ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებას. შერწყმას არცერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვგეგმავთ. ვიქნებით დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც [არჩევნებზე] ექნება ცალკე ნომერი, ცალკე სახელი“, - ბაჩო დოლიძე ასევე აღნიშნავს, რომ მათ მომავალ პარტიას არ ექნება 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა.
5%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი აქვს „ლელოსაც“, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით, Edison Research-ის ახალი, 29 დეკემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 6.7%-იანი მაჩვენებელი აქვს. ამ კვლევის შედეგებით, პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა გაცილებით მეტ პოლიტიკურ პარტიას აქვს, ვიდრე ამას წელს ჩატარებული სხვა კვლევები აჩვენებდა.
Edison Research-ის ახალ რეიტინგებში პროცენტები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 36.6%
- ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21.5%
- საქართველოსთვის - 8.8%
- ლელო - 6.7%
- გირჩი/დროა - 5%
- ლეიბორისტული პარტია - 4.7%
- ხალხისთვის - 3.7%
- ალტ-ინფო - 3%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.9%
- ხალხის ძალა - 2.5%
- მოქალაქეები - 1.7%
- პატრიოტთა ალიანსი - 1.7%
- ევროპული საქართველო - 0.7%
- სხვა - 0.5%
5%-იანი ბარიერის გადალახვაში ეჭვი არ ეპარებათ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში - „საქართველოსთვის“. 29 დეკემბერს რადიო თავისუფლებას კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ პარტია მომავალ არჩევნებზე სრულიად დამოუკიდებლად წარდგება. გახარიას პარტიასთან ძალების გაერთიანების სურვილი არც სხვა პარტიებს გამოუხატავთ.
უკვე შემდგარი კავშირები
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა განხეთქილებისა და პარტიიდან წევრების გადინების ფონზე, „ვივამედში“ მყოფმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახლახან ერთობის კომიტეტის შექმნის ინიციატივა წამოაყენა და „ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების“ მოლოდინზე ილაპარაკა.
„ჩემს ფუნქციას პოლიტიკაში ახალი ხალხისთვის გზის გახსნაში ვხედავდი ყოველთვის, საქართველოშიც და უკრაინაშიც“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც 22 დეკემბერს მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. ექსპრეზიდენტი განმარტავს, რომ არასწორად გაუგეს და „სუპერ პაკის“ შექმნის მისეული იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო სხვა პარტიების გაერთიანებას არ გულისხმობს. თუმცა სააკაშვილი მანამდე არაერთხელ გამოსულა პარტიების მიერ ძალების გაერთიანების იდეით.
ამ დრომდე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალების გაერთიანების სურვილი მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამოხატა და ეს ნაბიჯი გადადგა კიდეც. ეს პარტიები მომავალ არჩევნებზე ერთიანი სიით გავლენ. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს საკუთარ პარტიაზე უარის თქმა მოუწევთ.
მომავალი არჩევნებისთვის შექმნილ კიდევ ერთი პოლიტიკურ ტანდემში ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შედიან. 29 დეკემბერს ამ გაერთიანებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ - ჯერჯერობით არ იმართება მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ ძალებთან.
„გირჩში“ კვლავ გვითხრეს, რომ გამოირიცხება რაიმე კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიასთან - „საქართველოსთვის“.
კიდევ ერთი ახალი პარტია
პარტიის პრეზენტაცია თებერვლისთვის დააანონსა „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომლის თქმითაც - „ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდი“, გააერთიანებს სიახლეზე ორიენტირებულ ადამიანებს - „ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით“.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გვარამიამ განმარტა, რომ მთავარი პრინციპია - სიახლეზე ორიენტირება, „ძველზე ახალი ვერ დაემყნობა“ და აღნიშნა, რომ შესაძლებლობების მიუხედავად, არ მოინდომა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება. „ისინი სხვანაირად ხედავენ მიზნის მიღწევის გზებს... ჩვენი მეთოდოლოგიები დრამატულად განსხვავდება ერთმანეთისგან“, - თქვა გვარამიამ.
საკანონმდებლო ბარიერები
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პარტიებს ბლოკების შექმნა ეკრძალებათ, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილმა კანონმდებლობამ ოპოზიციურ ძალებს ერთმანეთთან ასოცირების თეორიული შესაძლებლობაც წაართვა.
საარჩევნო კოდექსში ოქტომბერში დამტკიცებული ცვლილებების თანახმად:
- ამა თუ იმ პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ზუსტად იმ სახელით, რომელიც მის წესდებაში წერია; ანდა - ამ სახელის შემოკლებული ვერსიით.
- 2024 წლის არჩევნებზე ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია უნდა შედგებოდეს მხოლოდ ამ პარტიის წევრებისგან ან/და იმ პირებისგან, რომლებიც არ არიან სხვა პარტიის წევრები.
თუკი 2024 წლის არჩევნებზე რომელიმე პარტიის ლიდერს ან თუნდაც წევრს სურს, რომ სხვა პარტიის სიით იყაროს კენჭი, მას ექნება ორი არჩევანი - ან უნდა დატოვოს, ან უნდა გააუქმოს თავისი პარტია.