Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის თავსატეხი - რა შეიცვალა კანონში ისეთი, რაც ბევრმა არ იცის?


ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 3 ივლისი, 2022 წელი
ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 3 ივლისი, 2022 წელი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისთვის დიდი გამოწვევა იქნება 5%-იანი ბარიერი და ბლოკების შექმნის აკრძალვა. დამატებით ძალისხმევას მოითხოვს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლებიც ბევრის ყურადღების მიღმა დარჩა.

„ოცნებამ“ ახსნა, რომ პარტიების სახელებსა და სიებთან დაკავშირებული ცვლილებები იმიტომ გახდა საჭირო, რომ ამომრჩევლები არასწორი აღქმებით არ მოტყუვდნენ. ოპოზიციურ პარტიებში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.

პარტიის სახელსა და სიების შემადგენლობასთან დაკავშირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ოქტომბრის მიწურულს შევიდა ძალაში. სხდომათა დარბაზში თუ საკომიტეტო მოსმენების დროს, დიდი დისკუსიები არ გამართულა. პოლიტიკოსთა ნაწილი, და არა მხოლოდ, ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.

რა იცვლება და რა არჩევანი რჩებათ პარტიებს?

ცვლილება #1

  • ამა თუ იმ პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ზუსტად იმ სახელით, რომელიც მის წესდებაში წერია; ანდა - ამ სახელის შემოკლებული ვერსიით. მას უფლება აქვს, რომ სრული სახელიდან ამოიღოს მხოლოდ ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები; მაგრამ სახელს ვერაფერს დაამატებს, ვერც, ვთქვათ - რომელიმე პოლიტიკოსის გვარს ან სლოგანს.

მანამდე მოქმედი ნორმის თანახმად:

წესდებაში მითითებულ სახელწოდებასთან ან/და მის შემოკლებულ დასახელებასთან ერთად, ამა თუ იმ პარტიას შეეძლო, რომ საარჩევნო დასახელებაში მიეთითებინა კიდევ „არაუმეტეს 3 ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი“.

როგორც ცესკოში განმარტეს, 2021 წლის მუნიციპალური არჩევნებისთვის მიღებული ერთჯერადი ნორმის თანახმად, პარტიას შეეძლო, რომ საარჩევნოდ შეერჩია წესდების არაიდენტური სახელიც.

თუკი 2024 წლის არჩევნებისთვის პარტიას ექნება სურვილი, რომ კონკრეტული პოლიტიკოსების სახელები და გვარები ფიგურირებდეს მის სახელწოდებაში, მაშინ მან სახელი წესდებაში უნდა შეიცვალოს და ასე დარეგისტრირდეს.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ პარტიებისთვის, რომლებიც გაერთიანებაზე ფიქრობდნენ.

თუმცა წესდების შეცვლა მოუწევთ დამოუკიდებლად მოქმედ პარტიებსაც, თუკი მათ სურთ, რომ საარჩევნო ბიულეტენში, პარტიის სახელს მაგალითად დაემატოს ძველი ან ახალი ლიდერების გვარებიც.

ცვლილება #2

  • 2024 წლის არჩევნებზე ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია უნდა შედგებოდეს მხოლოდ ამ პარტიის წევრებისგან ან/და იმ პირებისგან, რომლებიც არ არიან სხვა პარტიის წევრები.

მანამდე მოქმედი ნორმის თანახმად:

ერთი პარტიის წევრის მეორე პარტიის სიაში შეყვანა დაშვებული იყო, თუკი ამ პოლიტიკოსის პარტია მონაწილეობას არ იღებდა არჩევნებში.

ანუ, თუკი მომავალი წლის არჩევნებზე რომელიმე პარტიის ლიდერს ან თუნდაც წევრს სურს სხვა პარტიის სიით იყაროს კენჭი, მას აქვს ორი არჩევანი - ან უნდა დატოვოს, ან უნდა გააუქმოს თავისი პარტია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი ჩიხლაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამა თუ იმ პარტიის რიგითი წევრების იდენტიფიცირება იოლი არ იქნება, რადგან საქართველოში იურიდიულად დადასტურებული ასეთი ბაზები არ არსებობს.

და როგორ უნდა დაადგინოს მაშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ - არის თუ არა ესა თუ ის პირი ამა თუ იმ პარტიის წევრი? რამდენად იქნება გარანტირებული, რომ ესა თუ ის პირი ან ვერ იქნება იდენტიფიცირებული, ანდა უსამართლოდ მოიხსნება არჩევნებიდან?

„ამ ეტაპისთვის კონკრეტული რეგულაცია არ არსებობს, თუმც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცესკო იმსჯელებს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებაზე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს“, - პასუხობს რადიო თავისუფლებას გიორგი სანტურიანი - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

რატომ იცვლება?

პარლამენტში განხილვების დროს, მომხსენებელი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წარმომადგენელი, დავით მათიკაშვილი ცვლილებების საჭიროებას ამომრჩეველთა ინტერესებით ხსნიდა.

განმარტავდა, რომ რადგანაც მომავალ, სრულად პროპორციულ არჩევნებზე ბლოკები არ იქნება, „არ უნდა დარჩეს საზოგადოებისგან ისეთი აღქმა, რომ არა კონკრეტულ პარტიას, არამედ ხელოვნურად - ამ პარტიის სახელწოდებაში სხვადასხვა გვარების ან სახელების შემოტანით, აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ ძალასთან აქვს ელექტორატს საქმე“ და, რომ „არ მოხდეს აღრევა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიასა და იმ პირის პოლიტიკურ გემოვნებასა და შეხედულებას შორის, რომელსაც ეს პარტია სახელწოდებაში შეიყვანს“.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომლის პარტიაც ელენე ხოშტარიას „დროასთან“ აერთიანებს ძალებს, ამ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ნაწილობრივ ფლობდა. მაგალითად, მისთვის უცნობი იყო სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები.

ახალი რეგულაციების ლოგიკით, „გირჩი“-„დროას“ პოლიტიკურ წყვილს არჩევნებისთვის სავარაუდოდ მოუწევთ:

  • შესაბამისი წესდებით, საერთო პარტიისა და საერთო სახელის დარეგისტრირება.
  • საერთო სიის შესადგენად, ერთი რომელიმე პარტიის ლიდერებმა უნდა დატოვონ თავიანთი პარტია, ან გააუქმონ ის - თუნდაც დროებით.

ზურაბ ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ ეს მექანიზმი ოპოზიციური პარტიების შეკავშირების, გამსხვილების საწინააღმდეგოდ აამოქმედა.

„5%-იანი ბარიერი ბუნებრივად აჩენს სტიმულს პატარა პარტიებისთვის, რომ გაერთიანდნენ და გავიდნენ ერთიანი სიებით. ცხადია, პარტიებს აქვთ გარკვეული სენტიმენტები თავიანთ სახელწოდებებთან, ნომერთან თუ ფერთან მიმართებით და ა.შ. ეს არის ბუნებრივი. კანონმდებლობაში ეს ჩანაწერები იმისთვის არის, რომ პარტიებს გაუჭირდეთ ერთმანეთთან შეთანხმება... ვის სჯერა, რომ ეს დემოკრატიის ხელშესაწყობად კეთდება?!“, - ეუბნება ზურაბ ჯაფარიძე რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არც გვარის შეცვლას დაერიდა და „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ გახდა, გვეუბნება, რომ გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს და ელენე ხოშტარიას „დროასთან“ საერთო ენას აუცილებლად გამონახავენ. „ბევრ რაღაცაზე შევთანხმდით აქამდე და არც ეს იქნება პრობლემა, დავსხდებით, ცივილიზებულად ვილაპარაკებთ“, - გვეუბნება ჯაფარიძე.

რაც შეეხება სხვა სავარაუდო ნამატს - ზურაბ ჯაფარიძე გვეუბნება, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არავისთან მიმდინარეობს; ხოლო წითელ ხაზებად [როცა გაერთიანებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია] - კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას „საქართველოსთვის“ რჩება.

საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაციები შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალ ერთობასაც. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციების ეშინია, რადგან ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ, ხელისუფლებას სულ კოალიციები ცვლიდა და ასევე კოალიციით მოვიდა ქვეყნის სათავეში თავად „ქართული ოცნება“.

„თავიდან იფიქრეს, მოდი - ბლოკებს ავკრძალავთ, ყველა აითქვიფება ერთ პარტიაში და ჩვენ ვიქნებით სულ ხელისუფლებაშიო. ასე დაინახეს ეს პროცესი, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს, რომ შესაძლოა აკრძალო ბლოკები, მაგრამ ამ სუბიექტებმა სახელში გამოიტანონ თავიანთი ლიდერების სახელები... შემდეგ გაამკაცრეს და ახლა მთლად წესდების ჩარჩოებში კეტავენ პოლიტიკურ სუბიექტებს“, - პაატა მანჯგალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოცემულ სიტუაციაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მომავალ საარჩევნო სახელს უცხოელ კონსულტანტებთან ერთად შეარჩევენ და „საარჩევნო ნომერი, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ [5] დარჩება“, „რადგან წესდების ცვლილება პოლიტიკური სუბიექტის ნომრის შეცვლას არ იწვევს“.

  • ახალი ნორმების თანახმად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს მოუწევთ თავიანთი პარტიის დატოვება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობლივ სიაში მოსახვედრად, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ცალკე პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ოპოზიციურ პარტიებში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რაღაც გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, თუნდაც - დროებითი, მაგრამ ახალი ვითარება აშკარად ართულებს საქმეს, რასაც ისახავდა კიდეც მიზნად „ქართული ოცნება“.

რას ამბობს საერთაშორისო პრაქტიკა, რამდენად შეესაბამება ეს ცვლილებები დამკვიდრებულ სტანდარტს?

„საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია ის, რომ ეს ნორმები მიღებულა ერთი წლით ადრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს [ერთწლიანი ვადა] არის საერთაშირისო კარგი პრაქტიკის შესაბამისი და ვფიქრობ, პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ კანონთან შესაბამისობაში წარმოადგინონ [ცესკოში] არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული განცხადება [სადაც სახელი იქნება მითითებული - რ.თ.] და პარტიული სიები“, - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი სანტურიანი გვეუბნება ასევე, რომ - „არსებითი შემზღუდავი საფუძვლები არ არის, თან იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა საერთოდ ამოღებულია კანონმდებლობიდან“.

სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო ბლოკების შექმნა კანონმდებლობით აკრძალულია, პარტიები ერთმანეთთან ასოცირების სხვა გზებს ეძებდნენ. ძველი ნორმები მათ აძლევდა ამის საშუალებას - მიენიშნებინათ ამომრჩევლებისთვის სხვა ძალებთან ერთიანობის შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG