პოლიტიკის ექსპერტები მიუთითებენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, ცალსახად, ხალხის, ქართული საზოგადოების დამსახურებაა; და ეს დამსახურება, მათი თქმით - ბოლო პერიოდში სწორედ ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან წინააღმდეგობაში გამოიხატებოდა.
ცალკე აღინშნავენ უკრაინის ფაქტორს. საქართველოს ხელისუფლებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი უმაღლესი პირია, რომელიც ხშირად იმეორებს, რომ ევროპულ გზაზე შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას საქართველო უკრაინას უნდა უმადლოდეს.
მზადება ზეიმისთვის
მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოცხადებული რეკომენდაცია დეკემბერში ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. წინასწარი ინფორმაციით, ეს 15 დეკემბერს მოხდება და, დიდი ალბათობით, საქართველო კანდიდატად ოფიციალურად გამოცხადდება.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15-ში მოხდება ეს, 15 დეკემბერს გვინდა გავმართოთ საერთო-სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება − ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე.
ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებს იხსენებენ, ნათქვამს 8 ნოემბერს, გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რომ ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხს თვალებში აყრის ნაცარს“, რადგან „არა მხოლოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა, არამედ საქართველოს ბევრმა მხარდამჭერმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ - სტატუსის მიღება ხალხის დამსახურებაა, ხოლო ხელისუფლებას ბევრი რამ ჯერ ისევ არ გაუკეთებია, რომ სწრაფად მოახდინოს ხალხის სურვილების რეალიზება“.
რა არის ხალხის დამსახურება?
გიორგი მუჩაიძე გვეუბნება, რომ ევროპისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო მასშტაბური აქციები რუსთაველის გამზირზე - 2022 და 2023 წლებში - „როცა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი სურვილი გამოხატა და ძლიერი სულისკვეთებით გააპროტესტა "რუსული კანონი" ["აგენტების შესახებ" კანონი] და იძულებული გახადა მთავრობა, რომ უარი ეთქვა ამ კანონის დამტკიცებაზე“.
„არც ახლა ეთმობათ [ხელისუფლებას] ეს კანონი... ამბობენ, ხალხი მაშინ შეცდომაში შეიყვანეს და ახლა კარგად გამოჩნდა, რამდენად საჭიროა ეს კანონიო. სამოქალაქო საზოგადოების კონტროლისთვის სჭირდებათ ეს კანონი, რადგან სამოქალაქო საზოგადოება არის საკმაოდ თავისუფალი იმისთვის, რომ კრიტიკული აზრი გამოთქვას და რეალობის ადეკვატური შეფასება მიაწოდოს საზოგადოებას“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ეეჭვება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2022 წლის მარტში შეიტანდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, რომ არა ხალხის ქუჩაში გამოსვლა.
„გვახსოვს, ჩაფიქრებული ჰქონდათ ["ქართულ ოცნებას"], რომ ევროკავშირში განაცხადი 2024 წელს უნდა შეეტანა. რომ არა ხალხის ზეწოლა, ისინი ამას თავისი ნებით როდის გააკეთებდნენ, არავინ იცის... საზოგადოების წნეხის შემდეგ, იძულებული ხდებიან, რომ ხალხის აზრი გაითვალისწინონ, რადგან იცინ, რომ ევროპული იდეები პოპულარულია ხალხში და ამას საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ადასტურებს“, -ამბობს კორნელი კაკაჩია.
სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაზე საუბრისას, პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ - საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებმა „უზარმაზარი შრომა ჩადეს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ვალდებულებების, ტექნიკური პარამეტრების შესრულებაში - ეს ხალხი ჩრდილშია, მათზე მარტო სამოქალაქო საზოგადოება ლაპარაკობს", ხოლო „ქულების დაწერას ცდილობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც აგური არ დაუდიათ ამ პროცესში“.
წევრობის განაცხადი უკრაინამ ევროკავშირს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს, წარუდგინა. საქართველომ და მოლდოვამ განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინეს.
მტრების ძიება
უკვე მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივნისში, საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მოკავშირეებმა საერთაშორისო პარტნიორებს შორის მტრების ძებნის პროცესი გაააქტიურეს.
- ანტიდასავლური განწყობით გამორჩეული „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა - „ოცნების“ განაყოფმა ჯგუფმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას „ოცნებასთან“ ერთად ქმნის, აქტიურად დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ „კანდიდატის [სტატუსის მინიჭების] თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს“, ქვეყნის არევისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით. „[კანდიდატის სტატუსს საქართველოს] არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო, ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“, - აცხადებდა „ხალხის ძალა“ - „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების ინიციატორი, რომელთა გატანაშიც მას ღიად და აქტიურად ეხმარებოდა „ქართული ოცნება“.
- 2022 წლის 6 ივლისს, ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში თქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნება ომის დაწყების შემთხვევაში, თუმცა „ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს“ და „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“.
„ქართულ ოცნებაში“ მრავალჯერ გაიმეორეს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არა ევროკავშირი, არამედ საქართველოში არეულობით დაინტერესებული „გლობალური ომის პარტია“ წყვეტდა; ხოლო ადგილზე - მისი მოკავშირეები იყვნენ - ოპოზიცია და პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
2023 წლის ივლისში კობახიძემ „იმედის“ ეთერში თქვა, რომ - „გლობალური ომის პარტია“ კანდიდატის სტატუსს დაბლოკავს, თუკი ის საქართველოში რევოლუციის რეალურ შანსს დაინახავს.
2022 წლის 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე, როცა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში განაცხადის შეტანის გადაწყვეტილება გამოაცხადა, - თითქმის სამჯერ მეტი დრო დაეთმო იმ ეჭვებზე საუბარს, რომ თითქოს ქართული ოპოზიცია, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოს „ომში ჩათრევას“ ცდილობს.
ვიდრე განაცხადთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბევრი ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტის, მისი გარემოცვისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებულ ქმედებებთან დაკავშირებულ ეჭვებზე. თანდათან, ამ მიმართულებით რიტორიკა კიდევ უფრო დამძიმდა.
უკრაინის (იგნორირებული) ფაქტორი
ევროპელი ლიდერები ხშირად იმეორებენ, რომ - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა სწრაფად გაიხსნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს ერთიანი ძალით დაუპირისპირდა და უსაფრთხოების ახალი ხედვა ჩამოუყალიბდა.
მანამდე, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ამ ქვეყნებს არც ევროპული პერსპექტივა ჰქონდათ და არც ამ პერსპექტივის მიღების რეალური იმედი.
„ხომ ჩავდიოდით ევროპაში და გვახსოვს, იმაზე ლაპარაკიც არ უნდოდათ, რომ ევროპული პერსპექტივა მიეცათ ამ სამი ქვეყნისთვის და კანდიდატის სტატუსზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო“, - კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ შესაძლებლობა გამოჩნდა „ძალიან სამწუხარო ამბის“ შემდეგ, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. პოლიტოლოგისთვის ნათელია, რომ უკრაინის ფაქტორს ხელისუფლება „ვიწრო პარტიული ინტერესების გამო“ უკეთებს იგნორირებას.
გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ უკრაინის მიმართ მადლიერება „ქართული ოცნების“ ნარატივში იმის გამოც არ ჯდება, რომ - „ახლა ევროკვშირისკენ გზის გაჭრის დამსახურების მხოლოდ საკუთარ თავზე მიწერას ცდილობენ“.
„უკრაინის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. ყველამ ვიცით, რომ პაპზე მეტი კათოლიკე არავინ იქნება - უკრაინა მტკიცედ დაუდგა რუსეთის შემოტევას, არ დაუთმო დედაქალაქი და უკან დაახევინა ბევრი მიმართულებით... მთელ ამ პროცესში გამოჩნდა, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა და არც მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლით გადაწყდება - თუ როგორი იქნება მომავალი - ჯუნგლების მსგავსად, ძლიერ მხეცებს დარჩებათ ყველაფერი, თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საერთაშორისო სამართალი განსაზღვრავს“, - გვეუბნება მუჩაიძე.
თბილისსა და კიევს შორის მკვეთრად გაციებული ურთიერთობების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი უმაღლესი პირია, რომელიც ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული სვლის დაჩქარება სწორედ უკრაინის გმირული ბრძოლის დამსახურებაა და საქართველო მადლიერი უნდა იყოს.
„უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ჩვენი, ერთობლივი თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, როცა ის, 26 ნოემბერს, ევროპული კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ - ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს ხვდებოდა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 25 ნოემბერს, ჰოლოდომორის 90-ე წლისთავთან დაკავშირებით, X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, რისთვისაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა.
2023 წლის ივნისში, „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აქვს სურვილი და მზად არის ნებისმიერ დროს ჩავიდეს უკრაინაში - მაგრამ მიწვევა არ მიუღია. დაასახელა მიზეზიც - „არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობა [ორი ქვეყნის] სამთავრობო წრეებს შორის“. „ამიტომ, გარკვეული აზრით, მე ამის შედეგებს ვგრძნობ“, - უთხრა მან უკრაინულ მედიას.
- 2023 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დაფუძნებულ უსაფრთხოების ფორუმს - „ყირიმის პლატფორმას“ სალომე ზურაბიშვილი, წინა წლის მსგავსად, ონლაინ ჩაერთო. მანამდე კი, მედიასთან - ჩასვლის მზაობა გამოხატა.
- 2023 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სასტიკი ომის დაწყების წლისთავზე, როცა კიევში მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩავიდნენ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ასეთ დღეს კიევში უნდა ყოფილიყვნენ. მან ასევე თქვა, რომ მიწვევა არ მიუღია.
- ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში ერთხელ ჩავიდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით.
კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც ოპოზიცია თუ ექსპერტები „ქართულ ოცნებას“ ევროპული პერსპექტივის დაზიანებაში ადანაშაულებენ - საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობაა და მით უფრო - ევროპის დედაქალაქებში ვიზიტების გამო. საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ განუმარტეს თბილისს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ გზას.
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე იმის გამო დარჩა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტში, იმპიჩმენტის პროცედურისთვის აუცილებელი მინიმუმ 100 მანდატი ვერ შეაგროვა.