Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2024 წლის მაგივრად ახლა - დააჩქარა თუ არა თბილისის პოლიტიკური განაცხადი კიევის მიერ გახსნილმა შესაძლებლობის ფანჯარამ


აქცია პარლამენტთან. 1 მარტი, 2022 წელი.
აქცია პარლამენტთან. 1 მარტი, 2022 წელი.

მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ევროპეიზაციის შეჩერებას ქალაქების დაბომბვით ცდილობს, კიევმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ახლა მის დაწევას თბილისი, და სავარაუდოდ, კიშინოვიც აპირებენ.

2 მარტს, გვიან საღამოს, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ იმას, რაც 2024 წლისთვის ჰქონდა დაგეგმილი, 2022 წლის 3 მარტს გააკეთებს და შეიტანს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. თუმცა მანამდე, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თითქმის სამჯერ მეტი დრო დაეთმო იმ ეჭვებზე საუბარს, რომ თითქოს ქართული ოპოზიცია, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს და ქვეყნის „ომში ჩათრევას“ ცდილობს.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება ევროკავშირში განაცხადის შეტანის თაობაზე.

ვიდრე 2 მარტს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული ბრიფინგის მიწურულს, განაცხადთან აკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკმაოდ ბევრი ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტის, მისი გარემოცვისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებულ ქმედებებთან დაკავშირებულ ეჭვებზე.

„ქართული ოცნების“ სქემით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა ერთი ეპიზოდია საბოლოო მიზნისა - „საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში“; ხოლო კოორდინაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ზელენსკის „ნდობით აღჭურვილი პირის“ - დავით არახამიასა და ყოფილი გენპროკურორის - ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით ახერხებს.

როდესაც 1 მარტს თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა, უკრაინის პრეზიდენტმა ორი მიზეზი დაასახელა - საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუშალა მოხალისეების ჩასვლას უკრაინაში და არ შეუერთდა რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

„ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს“, - თქვა კობახიძემ.

ევროკავშირში განაცხადის გაგზავნასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის გაკეთება უფრო ეფექტიანი იქნებოდა არა ახლა, არამედ 2024 წელს, რადგან მანამდე საქართველო კიდევ უფრო მეტი რეფორმის გატარებას შეძლებდა.

„2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით.

თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს“, - თქვა კობახიძემ.

მან განმარტა, რომ განაცხადს "დაჩქარებული წესით" უკვე ამზადებს საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

კობახიძეს ერთხელაც არ უხსენებია ქართველი ხალხის ნება

განცხადება ოპოზიციისთვის მოულოდნელად გაკეთდა.

2 მარტს, მთელი დღის მანძილზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მხოლოდ უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული რეზოლუციის შესახებ ლაპარაკობდნენ და იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ტექსტს მაინც დაამტკიცებდნენ, ოპოზიციის მხარდაჭერის მიუხედავად.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ისიც თქვა, რომ რეზოლუციის მიღება ბრიუსელიდან მიღებული „რაღაც სიგნალების“ გამო გადაწყვიტეს. პროექტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ნახსენები საერთოდ არ არის განაცხადის შეტანის საკითხი.

„[პარლამენტი] მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად“, - წერია ამ პროექტის ბოლო, მე-13 პუნქტში.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში განაცხადის შეტანა ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ფონზე გადაწყვიტა. 1 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ მორიგ აქციაზე მონაწილეებმა პრემიერის გადადგომაც მოითხოვეს.

„საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ ადგილი არ არის ხელისუფლებაში“, - განაცხადა, 2 მარტს, დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. თანამოაზრეების სახელით მიმართა ევროკავშირს, რომ გაითვალისწინოს ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ დიდი და ღირსეული ერი და ამიტომ მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი. ქვეყნის მშვიდობის და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - თქვა მელიამ.

ოპოზიციონერი ლიდერი ასევე შეეხო ირაკლი კობახიძის განცხადებებსა და ეჭვებს უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხთან დაკავშირებით:

„ამაზრზენი იყო საყვედურები, რომ ზელენსკის ბელარუსიდან არ გამოუწვევია ელჩი. არ მიკვირს, ბატონ კობახიძეს და მისნაირებს, რომ ჰგონიათ, საქართველოსგან იმავეს მოელიან ჩვენი მეგობრები, რასაც ლუკაშენკას რეჟიმისგან. განსხვავება არის დიდი. საქართველო ითვლებოდა და ითვლება მეგობარ სახელმწიფოდ უკრაინისთვის, განსხვავებით ლუკაშენკოს ბელარუსიდან”.

კობახიძის განცხადება მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ასევე დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს, რომელიც, როგორც ჩანდა, არ იყო ბოლომდე კოორდინირებული მთავრობასთან.

უკრაინას უკვე აქვს ევროპარლამენტარების თანხმობა

28 თებერვალსა და 1 მარტს - სულ რაღაც ორ დღეში ქვეყანამ წევრობაზე განაცხადიც შეიტანა და უკვე ხელში უჭირავს ევროპარლამენტის მხარდაჭერა - მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

1 მარტს ევროპარლამენტში ჩატარებულმა კენჭისყრამ მომხრეთა მნიშვნელოვანი უპირატესობაც გამოავლინა: 637 - მომხრე, 13 - წინააღმდეგი და 26 - თავშეკავება.

ამ დღემდე უკრაინას, საქართველოს მსგავსად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არავინ ჰპირდებოდა - არც ახლო და არც შორეულ პერსპექტივაში. ამ საკითხს ძირითადად თავს არიდებდნენ ევროპელი ლიდერები, ანდა მათ განცხადებებში დამაიმედებელი არაფერი იგრძნობოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაბომბილი კიევიდან დისტანციური ჩართვისას, ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ მისმა ქვეყანამ დაიმსახურა - იგრძნოს თავი თანასწორად ევროკავშირის წევრებს შორის და რომ, მართალია, დაგვიანებითა და დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ ახლა მაინც უნდა შესრულდეს ეს მიზანი.

„მიხარია, რომ დღეს ჩვენ შევძელით გაერთიანება თქვენი - ევროკავშირის ქვეყნების. მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ეს ასეთ ფასად მოხდებოდა... ვთვლი, რომ დღეს ჩვენს საუკეთესო ხალხს ვწირავთ ფასეულობებისთვის, უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.

ევროპარლამენტარები და ევროკავშირის ლიდერები 1 მარტს მას ფეხზე ამდგარი დიდხანს უკრავდნენ ტაშს.

იმისათვის, რომ უკრაინა კანდიდატი ქვეყანა გახდეს, ევროპარლამენტის მოთხოვნას ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა დაუჭიროს - ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი პირების დონეზე; ხოლო შემდეგ, კანდიდატი გაწევრიანებას უნდა დაელოდოს.

წლები თუ დღეები?

თუკი ევროკავშირის პრაქტიკას გადავხედავთ, ვადები არასოდეს იყო ხანმოკლე და თითოეული ეტაპის გადალახვაში ქვეყნებს წლებიც კი სჭირდებათ.

მაგალითად, თურქეთმა კანდიდატის სტატუსი 1999 წელს მიიღო და დღემდე არ გაწევრიანებულა ევროკავშირში. ალბანეთი გაწევრიანებას ელოდება 2014 წლიდან; მონტენეგრო - 2010 წლიდან, ხოლო სერბეთი - 2012 წლიდან.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუკი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაწერიდან კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, მაგალითად, სერბეთს - 3 წელი, მონტენეგროს - 2; ხოლო ალბანეთს 5 წელი დასჭირდა; უკრაინის შემთხვევაში ეს პროცედურა შესაძლოა ომმა დღეებამდე შეამციროს.

ყველასთვის ნათელია, რომ ეს შანსი რუსეთის მიერ უკრაინისთვის გამოცხადებული სისხლისმღვრელი ომის ფონზე, უკრაინელების თავგანწირვამ და თავად პრეზიდენტ ზელენსკის აქტიურობამ გააჩინა.

კიევში იმედოვნებენ, რომ პროცესი ასევე სწრაფად გაგრძელდება და უკრაინა დიდი ხნის ნატვრას აისრულებს - გახდება ევროკავშირის წევრი.

უკრაინასთან დაკავშირებულმა მძიმე მოვლენებმა შანსი გაუჩინა საქართველოსაც. შესაბამისად, ექსპერტები ბოლო დღეებში რადიო თავისუფლებასთან აქტიურად ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინასთან ერთად, მეტი აქტიურობა უნდა გამოეჩინა.

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელმა, თინათინ ახვლედიანმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ ეთერში თქვა, რომ ევროკავშირის გზაზე წინსვლა საქართველომაც დაიმსახურა და ამაზე უნდა ილაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებამაც.

„მასშტაბებს არ ვადარებ, მაგრამ საქართველოშიც იყო ომი 2008 წელს და თავისი ევროპული არჩევანისთვის საქართველომ ომის ფასიც გადაიხადა. სწორედ ამ ომს უნდა „ვუმადლოდეთ“, რომ დღეს არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა. შენ თუ თავი არ შეახსენე, საქართველოს მთავრობამ თუ არ მოახდინა ამის პოზიციონირება, ევროკავშირი თავისით არ გადმოგვწვდება“, - ამბობდა ბრიუსელში მყოფი თინათინ ახვლედიანი 2 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ონლაინ ჩართვისას.

იმ დროისთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოამზადეს რეზოლუციის პროექტი - „ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“. ოპოზიციისთვის რეზოლუციის გამოჩენაც მოულოდნელი იყო. ტექსტს ისინი "სუსტად" და "არასაკმარისად" მიიჩნევდნენ.

3 მარტს მოსალოდნელია, რომ განაცხადს კიშინოვშიც მოეწერება ხელი. პრეზიდენტმა სანდუმ 2 მარტს თქვა, რომ მოლდოვაც აპირებს განაცხადის გაკეთებას, თუმცა არ დაუკონკრეტებია თარიღი. ექსპერტები ბრიუსელში ფიქრობენ, რომ არა ომი, ასოცირებული ტრიოდან, ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, კანდიდატობას ყველაზე მეტად კიშინოვი იმსახურებდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG