Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა გამაოგნებელი რამ გვითხრა, ზელენსკი გმირია და თქვენ რას აკეთებთო - კობახიძე


ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი. 2018 წლის 4 აგვისტო
ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი. 2018 წლის 4 აგვისტო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას და შალვა პაპუაშვილს „გამაოგნებელი წინადადება“ უთხრა: „აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო“.

პარლამენტში დღეს, 18 ოქტომბერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს განიხილავენ. მომხსენებელმა, პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ თქვა, რომ 2022 წლის 27 ან 28 თებერვალს - რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში - პრეზიდენტმა ის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუმრად მიიპატიჟა.

„შეხვედრა ასე დაიწყო, „რა გინდათო“... ზრდილობა პირად შეხვედრებზეც მაინცდამაინც არ ახასიათებს. ხუმრობით ვუპასუხეთ, ჩვენ რა გვინდა, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა-თქო. და შემდეგი წინადადება იყო გამაოგნებელი: აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„აი, რა იყო მისი დამოკიდებულება. და როდესაც მას ვუკავშირებთ კონკრეტულ ძალებს, ეს ხომ შემთხვევითი არ არის. იქიდან მოყოლებული ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა". ეს პირდაპირი მოწოდებაა - საითკენ, თქვენ იმსჯელეთ“, - თქვა კობახიძემ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერები იმეორებენ ანტიდასავლურ შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმადაც, თითქოს „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც არაერთ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში აკონტროლებს პოლიტიკოსებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს ომში ჩართვა სურს.

„წარმოიდგინეთ, რომ ის ყოფილიყო არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი. მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება, იმ დღეს ის იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში. წარმოუდგენელი რამ არის. ძალიან საშიშია ასეთი ადამიანის პრეზიდენტობა, მაშინაც, როცა მხოლოდ სიმბოლური სტატუსი აქვს მინიჭებული“, - თქვა კობახიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე კვირით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის საკონსტიტუციო წარდგინება 3-4 ოქტომბერს განიხილა სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - 9 მოსამართლემ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 6 მოსამართლის მხარდაჭერა - სასამართლომ ზუსტად ამდენი ხმით დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სამმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და ასევე საგარეო ურთიერთობებში მთავრობისგან თანხმობის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის მიზანი.

ახლა ჯერი პარლამენტზეა. პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტში საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.

თუკი პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მაინც შედგება, მომავალ პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, 18 ოქტომბერს, პარლამენტში განხილვის პარალელურად, „ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგნენ და დარბაზში არ შევიდნენ.

„ჩემი დუმილის დრო დასრულდა", - თქვა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ იგი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. „საკონსტიტუციომ თუკი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია“ - მიმართა მან დღეს პარლამენტს.

XS
SM
MD
LG