Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში: საკონსტიტუციომ თუ თავის სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია


სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 18 ოქტომბერი, 2023 წელი
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 18 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი იმპიჩმენტის განხილვაზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს უთხრა, რომ ამ დარბაზში არა მისი, არამედ მმართველი პარტიის ბედი წყდება. სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ქვეყნის ბედსაც განსაზღვრავს და იმ დეპუტატების მომავალსაც, ვინც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

"საკონსტიტუციომ თუკი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია - კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.

ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა... ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას.... სია შემიძლია გავაგრძელო...

ესენი კი ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა, და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები მის მიმართ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკის იდენტურია.

"მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.

არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში, წყდება ამ ვითომცდა ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე.

აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია!

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ "პატარა კაცებად" მოგიხსენიეთ - დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.

რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ, და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ! ამას გპირდებით!

როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო. ხელი აგიკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მან ევროპელ პარტნიორებს სთხოვა, მიუხედავად "ანტიევროპული იმპიჩმენტისა", არ მიატოვონ საქართველო.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შენიშვნა მისცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, დაეცვათ წესრიგი და თავი შეეკავებინათ ოვაციებისა და ტაშისგან.

სხდომაზე, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, რეგისტრაცია გავლილი აქვს 87 დეპუტატს. იმპიჩმენტის გადაწყვეტას 100 ხმა სჭირდება.

XS
SM
MD
LG