Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე პრეზიდენტზე: "პატარა კაცები" უწოდა დეპუტატებს, რეგულარულად გადის ზრდილობის ზღვარს მიღმა


სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ესწრება თავისი იმპიჩმენტის განხილვას. 18 ოქტომბერი, 2023 წელი
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ესწრება თავისი იმპიჩმენტის განხილვას. 18 ოქტომბერი, 2023 წელი

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას მომხსენებელმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს ზრდილობა დაუწუნა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

"სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებებს, რომელიც არის აბსოლუტურად ზრდილობას გაცდენილი, არც მეტი არც ნაკლები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები „პატარა კაცები“. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვის კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა, ის პატარა კაცი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ. აქ ხომ ჩანს რეალურად, რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად - იქ, სადაც არ შეიძლება ღირსეული ქართველის ყოფნა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ყოფნა, იქ არის ზუსტად სალომე ზურაბიშვილი და ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი. თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე სალომე ზურაბიშვილის საპრომოციო ბილბორდებზე იყო გამოხატული. ირაკლი კობახიძემ დღეს განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილს ის და მისი გუნდი მხარს უჭერდნენ მისი "წინაპრების წარსულის პატივისცემის" და სხვა იმ გარემოებების გამო, რომლებზეც საუბარი არ ისურვა.

კობახიძის ინტერპრეტაციით, ზურაბიშვილი პრეზიდენტი მხოლოდ იმის გამო გახდა, რომ "ხალხს არ უნდოდა ნაციონალი პრეზიდენტი."

"არავის არ უნდოდით პრეზიდენტად - არც პირველ ტურში, არც მეორე ტურში. პიროვნულად, შეიძლება, არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს - ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის - მაგრამ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, დღეს თქვენ ხართ 'ნაცმოძრაობაში'", - თქვა ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარების არგუმენტად მოიყვანა ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი.

ირაკლი კობახიძემ გამოსვლისას განიხილა ის საკითხიც, რა შეიძლება მოხდეს, თუკი პარლამენტი იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. მან თქვა, რომ პრეზიდენტს "ელემენტარული ღირსება" რომ ჰქონდეს, თვითონაც გადადგებოდა.

„რომც არ დასრულდეს წარმატებით ეს პროცედურა - ყველას გვესმის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და შესაბამისად, არ მიიღებს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის გადაყენების თაობაზე, სწორედ მათი იმედით არღვევდა ის საქართველოს კონსტიტუციას - ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის დარჩება მაინც არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. ასეთ პირობებში მის პრეზიდენტობას რა ფასი აქვს, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ.

რაც შეეხება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ისინი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ როგორც აგენტს, რეზიდენტს, ჯაშუშს. მოგეხსენებათ, ეს სტატუსი არ იცვლება - თუ ვინმე იყო ჯაშუში, აგენტი და რეზიდენტი, ის ყოველთვის რჩება ჯაშუშად, აგენტად და რეზიდენტად. თუმცა დღეს სწორედ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს გვიცხადებს ყველაზე პროევროპულ ლიდერად ქართულ პოლიტიკაში. აქ ჩანს, რეალურად, სადამდე არის ეს ალიანის მისული. რა თქმა უნდა, „ნაციონალებსაც“ უწევთ ღირსებაზე უარის თქმა, როცა იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ. უფრო სწორად, მოუწევდათ, ღირსება რომ ჰქონდეთ, მაგრამ რაც არ გაქვს, იმაზე უარსაც ვერ იტყვი“, -
განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება. სხდომაზე, სადაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, რეგისტრაცია გაიარა 87-მა დეპუტატმა. დამსწრე დეპუტატების ნაწილი არ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG