საპარლამენტო განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს ოთხი პოლიტიკური ძალა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "საქართველოსთვის" და "ევროოპტიმისტები." განხილვას ესწრებიან "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები". განხილვაში მონაწილეობენ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ პარტია "ლელო" და "მოქალაქეები." განხილვას ესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატები თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე.
იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეებიდან ცნობილია პარტია "გირჩის" პოზიცია - ის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება გამოსვლები პოლიტიკური განცხადებებით.
განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. სხდომის დაწყებამდე მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სხდომის ფორმატი გააპროტესტა. ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მიეწვია პარტნიორი ქვეყნების ელჩები და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის დარბაზში შესვლისას, ფეხზე მხოლოდ ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი წამოდგა. სხდომის დაწყებამდე რეგისტრაცია გაიარა 87-მა დეპუტატმა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეა.
პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის საკონსტიტუციო წარდგინება 3-4 ოქტომბერს განიხილა სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - 9 მოსამართლემ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 6 მოსამართლის მხარდაჭერა - სასამართლომ ზუსტად ამდენი ხმით დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და დადგენილება პარლამენტში გადაიგზავნა.
პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტში საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს. თუკი პარლამენტში იმპიჩმენტი მაინც შედგება, მომავალ პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, 18 ოქტომბერს, პარლამენტში განხილვის პარალელურად, „ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგნენ და დარბაზში არ შევიდნენ.
„ჩემი დუმილის დრო დასრულდა", - თქვა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ იგი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.