Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი აპროტესტებს, რომ პარლამენტში საიმპიჩმენტო სხდომა „რიგით სამუშაო ფორმატში“ ტარდება


დღეს პარლამენტი გეგმავს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილოს
დღეს პარლამენტი გეგმავს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, მათი მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მიეწვია პარტნიორი ქვეყნების ელჩები და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტი დღეს, 18 ოქტომბერს, განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ეს არის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსი [პროცესი]“.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში განხილვაში მონაწილეობას აპირებს. სპიკერ პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტს ამის შესაძლებლობა ექნება და „გამოვა, როგორც თანამომხსენებელი“.

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

ასე დასრულდა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წამოწყებული დავა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - 9 მოსამართლემ - 3-4 ოქტომბერს განიხილა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 6 მოსამართლის მხარდაჭერა - სასამართლომ ზუსტად ამდენი ხმით დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სამმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და ასევე საგარეო ურთიერთობებში მთავრობისგან თანხმობის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის მიზანი.

ახლა ჯერი პარლამენტზეა. პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტში საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს. თუკი პარლამენტში მისი იმპიჩმენტი მაინც შედგება, მომავალ პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, 18 ოქტომბერს, პარლამენტში განხილვის პარალელურად, „ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგნენ და დარბაზში არ შევიდნენ.

„ჩემი დუმილის დრო დასრულდა", - თქვა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ იგი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

საფრანგეთის საელჩომ განაცხადა, რომ „ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას“.

2023 წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

XS
SM
MD
LG