ბრიუსელში გამართული ყრილობა შეიძლება იქცეს "ერთიანი კავკასიის აღორძინების" დასაწყისად, - თქვა არაღიარებული იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარემ აჰმედ ზაკაევმა:
„დამფუძნებელმა კრებამ შექმნა კავკასიის ხალხთა კონფედერაციის აღდგენის კომიტეტი - გაჩნდა სტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს მას კიდევ უფრო გაზარდოს თავისი ძალები. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა, რომლებიც კოლონიურ დაქვემდებარებაში იმყოფებიან, უნდა გააცნობიერონ, რომ ბრიუსელში გაჩნდა პოლიტიკური პლატფორმა, რომლის საფუძველზეც მათ შეუძლიათ გაერთიანდნენ, რათა გახდნენ თავიანთი მიწის თავისუფალი პატრონები“.
Youtube-არხ Ichkeria News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აჰმად ზაკაევი ამბობს, რომ აუცილებელია კავკასიის ხალხთა კონფედერაციის, მთიელთა იმ რესპუბლიკის აღდგენა, რომელიც 1918 წელს შეიქმნა.
„31 იანვარს ბრიუსელში, ევროპარლამენტში ყოფნისას განვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ დავუბრუნდეთ ამ პროექტს. 7 ნოემბრის ყრილობამ მიიღო დოკუმენტი კავკასიის ხალხთა კონფედერაციის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ. მჯერა რომ საერთო ძალისხმევით მივაღწევთ თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას. კავკასია ყოველთვის იყო ერთიანი და ის ახლაც უნდა იყოს ერთიანი. ხალხები, რომლებიც კავკასიაში ვცხოვრობთ, უნდა ვიყოთ ჩვენი მიწისა და ქვეყნების პატრონები. მხოლოდ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული ხვალინდელ დღეში", - თქვა ზაკაევმა.
იგი დარწმუნებულია, რომ ბრიუსელის ყრილობის შემდეგ, "დღეიდან იხსნება ფურცელი, რომელიც პოლიტიკური მეთოდებით მიიყვანს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობამდე. მე ამის მჯერა. ერთად ჩვენ ძალა ვართ და ერთად ჩვენ ამას შევძლებთ. ერთად გვაქვს მომავალი, რომელიც გვიქადის სტაბილურობას, უსაფრთხოებას არა მხოლოდ კავკასიის ხალხებს, არამედ ჩვენს მეზობლებსაც“.
კავკასიის ხალხთა კონფედერაციის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი ჩერქეზი აქტივისტი აშშ-დან იჰად იაგარი.
საერთო გამარჯვებისთვის კავკასიის ხალხებს შეუძლიათ ერთ მაგიდასთან დასხდნენ და განიხილონ დეკოლონიზაციის საკითხები, ამბობს უკრაინის რადის დეპუტატი ოლეგ დუნდა, რომელიც ყრილობაზე იყო მიწვეული ევროპარლამენტარებთან, რაფაელ გლუკსმანთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან, რადის კიდევ ერთ დეპუტატ იაროსლავ იურჩიშინთან და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ წევრ ილია პონომარევთან ერთად.
„კომიტეტის ხელმძღვანელად ჩერქეზთა წარმომადგენლის არჩევა საერთო საქმისთვის მებრძოლ ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მანიშნებელი მნიშვნელოვანი მომენტია“, - თქვა დუნდამ.
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა III ყრილობის მთავარ მიზნად დელეგატებმა დაასახელეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში „ისეთი ერთიანი საერთოკავკასიური პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც ასახავს რეგიონის ყველა ხალხის ინტერესებს“.
ჩეჩენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მუშაობის გააქტიურების სტიმულად ასახელებენ უკრაინის უმაღლესი რადის გადაწყვეტილებას, აღიაროს ჩეჩნეთი „რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად“.
მთიელთა რესპუბლიკის იმიტაცია?
ბრიუსელში გამართულ ყრილობის მონაწილეთა შორის უმეტესობას ჩერქეზული ორგანიზაციების წევრები წარმოადგენდნენ ჩერქეზთა საერთაშორისო საბჭოდან, იორდანიიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აშშ-სა და იორდანიაში მცხოვრები ჩერქეზების ყოფნა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ყველა ჩერქეზის სახელით ილაპარაკონ, - დაწერა ჩერქეზულმა მედიაპორტალმა Circassian Voice-მა.
თურქეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა არაერთმა ჩერქეზმა კონფერენციის ორგანიზატორები კი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ გვიან შეიტყვეს ღონისძიების გამართვის ამბავი.
ყრილობის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ინგუშეთის, დაღესტნისა და დამოუკიდებელი იჩქერიის წარმომადგენლები.
„ძნელი წარმოსადგენია რომელიმე პარტია, მოძრაობა ან ფონდი, რომელსაც ყველა ჩეჩნის სახელით შეუძლია განცხადებების გაკეთება", - ამბობს იჩქერიის პოლიტიკური მოძრაობის „გაერთიანებული ძალის“ (United Force) წარმომადგენელი საიჰან მუზაევი.
„საერთოდაც, მთიელთა რესპუბლიკის პროექტთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი. ასეთი ცალმხრივი ქმედებები იწვევს გაუგებრობას. მთიელთა რესპუბლიკის პრობლემები კი არა, ნეტა ჩვენს იჩქერიასთან გამკლავება შევძლოთ“, - ამბობს მუზაევი.
„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის აღდგენის კომიტეტის“ მონაწილეები არ აპირებენ მთიელთა რესპუბლიკის იმიტირებას, ამბობს შამილ ალბაკოვი, რომელიც კონფერენციაზე წარმოადგენდა ინგუშეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ ჯგუფს.
"იგულისხმება, რომ საფუძვლად ვიღებთ რესპუბლიკის სამართლებრივ კომპონენტს. სრულიად ღია ვართ სხვა ორგანიზაციებისა და ადამიანების მისაღებად, ჩვენ გამჭვირვალედ წარვმართავთ ჩვენს საქმიანობას ლეგალური, სამართლებრივი ბრძოლისთვის", - დასძინა ალბაკოვმა.
მთიელთა რესპუბლიკა - როგორ იყო?!
მე-20 საუკუნეში, მთიელთა რესპუბლიკის გამოცხადებას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა ერთიანი კავშირი, რომელიც შეიქმნა 1917 წლის 1 მაისს ვლადიკავკაზში გამართულ ყრილობაზე.
კავშირში შედიოდნენ კავკასიის თვალსაჩინო წარმომადგენლები: მთიელთა რესპუბლიკის მომავალი მეთაურები აბდულ-მეჟიდ (ტაპა) ჩერმოევი და ფშემახო კოცევი; დენიკინის [ანტონ დენიკინი 1918-1920 წლებში რუსეთის სამოქალაქო ომის დროს თეთრი მოძრაობის ლიდერი, მონარქისტი, რუსეთის უმაღლესი მმართველის მოადგილე 1919-2020 წლებში] მომხრე ჩეჩნეთის მომავალი მეთაური გენერალი ელისხან ალიევი;
ასევე მახაჩ დახადაევი, რომლის სახელიც მოგვიანებით ეწოდა დაღესტნის დედაქალაქს - მაჰაჩყალას; ნაჟმუდინ გოცინსკი, რომელიც მოგვიანებით ჩრდილოეთ კავკასიის მუფთად გამოაცხადეს; ჰაიდარ ბამატი, მთიელთა რესპუბლიკის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.
დაღესტნელი ისტორიკოსი ჰაჯი-მურატ დონოგო ამბობს, რომ მთიელთა მეორე ყრილობაზე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უზუნ-ჰაჯიმ ყრილობის დელეგატებს შესთავაზა შეექმნათ იმამ შამილის სახელმწიფოს იდენტური „იმამათი“, ხოლო იმამად გამოეცხადებინათ სწავლული თეოლოგი ნაჟმუდინ გოცინსკი, მაგრამ კავშირის წევრები არ დაეთანხმნენ მას, რადგან, მათი თქმით, „უკვე სხვა დრო იყო და დროის შესაბამისად საერო გზას უნდა დასდგომოდნენ“.
1918 წლის მარტ-აპრილში კავშირის ლიდერები მხარდაჭერას ეძებდნენ სამხრეთ კავკასიაში, თურქეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და ბულგარეთში.
1918 წლის მაისში, ბათუმის კონფერენციაზე, მთიელთა კავშირი გადაკეთდა მთიელთა მთავრობად, ხოლო 1919 წელს ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა დელეგაციამ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე სცადა კავშირის დამყარება საფრანგეთთან, ინგლისთან. ამერიკასთან, იტალიასა და იაპონიასთან, მაგრამ წარუმატებლად.
ოსმალეთისა და გერმანიის იმპერიებმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ახალი მთავრობა, ხოლო სხვა ქვეყნებმა (ავსტრია, ბულგარეთი, საქართველო და სხვ.) ეს მხოლოდ სიტყვიერად გააკეთეს.
მთიელთა რესპუბლიკა, რუსეთის სამოქალაქო ომის გავლენით, მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა. 1919-ის მარტში საქართველოს მთავრობამ 3 მილიონი მანეთი გამოუყო სესხად, აზერბაიჯანმა კი 8 მილიონი რუბლი ჯარის საჭიროებისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
1918 წლის მაისიდან 1919 წლის მაისამდე მთიელთა რესპუბლიკამ სამი პრეზიდენტი გამოიცვალა.
პირველი იყო ჩეჩენი აბდულ-მეჯიდ ჩერმოევი, მეორე - ყაბარდოელი ფშემახო კოცევი, მესამე კი დაღესტნელი მიქაილ ხალილოვი.
რესპუბლიკას ასევე ჰქონდა გერბი და დროშა, რომელიც ცნობილი დაღესტნელი მხატვრის ჰალილ-ბეგ მუსაიასულის ესკიზების მიხედვით შეიქმნა. დროშის ორი ვარიანტი არსებობდა: მწვანე ზოლები თეთრ ფონზე და ვარსკვლავები ზედა მარცხენა კუთხეში და წითელი ფონი იმავე ვარსკვლავებით და ზევით ნახევარმთვარე.
დროშის პირველ ვარიანტს დღესაც იყენებენ ჩრდილოკავკასიური დიასპორის წარმომადგენლები.
ზოგიერთი ისტორიკოსი მიუთითებს მთიელთა დროშის მსგავსებაზე ამერიკის დროშასთან.
დაღესტნელი ისტორიკოსი ჰაჯი-მურატ დონოგო ვარაუდობს, რომ დროშის ავტორისთვის ამერიკა ასოცირდებოდა თავისუფლებასთან და, შესაბამისად, შთაგონების წყაროც ამერიკის დროშა იყო.
1919 წლის თებერვლიდან დენიკინის მოხალისეთა არმიამ შეუტია ჩრდილო კავკასიას, წინააღმდეგობისა და მთიელთა თავგანწირვის მიუხედავად, მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახერხა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჩრდილოკავკასიელებს ბოლშევიკთა და დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ეხმარებოდა.
მთიელთა რიგებში იბრძოდა ქართული ლეგიონი ლეო კერესელიძის მეთაურობით. 1919 წელს ლეო კერესელიძე მთიელთა ჯარების მთავარსარდლადაც დაინიშნა.
1919 წლის ოქტომბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს და ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა მთიელთა დახმარების თხოვნით, ნოტაში გეგეჭკორი მოითხოვდა, მოკავშირეებს შეეჩერებინათ დენიკინელთა მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩაღებული სისხლისღვრა.
1919 წლის 24 მაისს გენერალი ხალილოვი იძულებული გახდა ძალაუფლება გადაეცა დენიკინისათვის. ჰაჯი-მურატ დონოგო ამბობს, რომ ამის გამო ხალილოვს დღემდე კიცხავენ, მაგრამ ძალები არათანაბარი იყოო: 1,5 ათასი ცუდად შეიარაღებული მთიელი ვერ გაუმკლავდებოდა დენიკინის 5- ათასიან არმიას.
საბოლოოდ მთიელთა რესპუბლიკა სრულად დაიკავა დენიკინის მოხალისეთა არმიამ. მთიელთა რესპუბლიკის მთავრობამ, ევაკუაციის შემდეგ, თბილისში განაგრძო მუშაობა.
1920 წლის დასაწყისიდან რუსეთის სამოქალაქო ომში უპირატესობა ბოლშევიკებმა მოიპოვეს და დენიკინის მოხალისეთა არმიასთან შეტაკებები უკვე კავკასიაში მიმდინარეობდა. მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორია 1920 წლის ივნისში ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა.