Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა ეს ომი წააგოს“ - დაღესტნელ ხალხთა კონგრესის თავმჯდომარე


ახმად ახმედოვი
ახმად ახმედოვი

ცოტა ხნის წინ უკრაინაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი. ამის შესახებ ცნობა და საიპულაევთან ერთად გადაღებული ვიდეო ვერხოვნა რადის დეპუტატმა ალექსეი ჰონჩარენკომ თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა.

"რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენ დიდი ხნით ადრე, 10-15 წლის წინ დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, რომ ეს ბრძოლა უკრაინაში გავაგრძელოთ. რადგან ის, რაც ჩვენ 100-ზე მეტი წლის წინ შეგვეხო, ახლა უკრაინასაც შეეხო. და გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - აცხადებს ვიდეოში საიპულაევი.

იმამ შამილის სახელობის ბატალიონის შესახებ სხვა ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ მასში გაერთიანდებიან ის დაღესტნელი მოხალისეები, რომლებიც უკრაინაში მოქმედ მოხალისეთა ქვედანაყოფებში არიან მიმოფანტულნი.

მათ შორის არის ახმად ახმედოვი, დაღესტნის ხალხთა სრულიად უკრაინის კონგრესის თავმჯდომარე და კრივისა და კიკბოქსინგის ცნობილი მწვრთნელი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ უკრაინაში დარჩა და მოხალისეთა ბატალიონ „ხორტის“ მებრძოლი გახდა.

„მე მინდა დავიცვა ჩემი დაღესტანი, ჩემი ხალხი იმისაგან, რაც მათ ელოდებათ პუტინის ამ დანაშაულებრივი ომის გამო. ამიტომ მინდა, რომ ხმა მივაწვდინო. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ჩემი აღზრდილებიც არიან. და ბევრმა მათგანმა მიატოვა არმია, პატაკები დაწერეს და არ წავიდნენ საომრად. მე ხომ დღეს უბრალოდ არ ჩამიცვამს სამხედრო ფორმა, არ ამიღია ავტომატი და წავსულვარ საომრად. მე მსურს, რომ ვიხსნა ჩემი ხალხი კრემლის დანაშაულებრივი პოლიტიკისაგან“, - ამბობს ახმად ახმედოვი.

„ეს არის დანაშაულებრივი ომი. პასუხისგებას ვერავინ გაექცევა“

დაღესტანში მწვრთნელად მუშაობის 15 წლის განმავლობაში ახმად ახმედოვმა, როგორც ამბობს, კრივსა და კიკბოქსინგში 16 მსოფლიო ჩემპიონი აღზარდა. სპორტულ დარბაზებში კი, სადაც იგი ვარჯიშებს ატარებდა, ცნობილი მწვრთნელის ხელში ათასობით ახალგაზრდამ გაიარა. ახმად ახმედოვი დარწმუნებულია, რომ მის მოსწავლეებს იგი ახსოვთ, ენდობიან და მის მოწოდებას ყურს დაუგდებენ.

რა ჯიჰადი, როდესაც პუტინის არმიის შემადგენლობაში ისინი სხვა სახელმწიფოს ებრძვიან? მით უფრო, დაღესტნელები. ისინი არასოდეს მონაწილეობდნენ აგრესიულ ომებში...
ახმად ახმედოვი

„ვცდილობ ხმა მივაწვდინო მათ, რათა გაიაზრონ, რომ ეს არის დანაშაულებრივი ომი, რომ რუსეთის მხარეზე მასში მონაწილეობის გამო, ადრე თუ გვიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე მოუწევთ პასუხისგება. ჩვენ ხომ გვესმის, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თითოეული ჯარისკაცი სახეზეა და მათი მოძებნა იოლია. არსებობს საპასპორტო მონაცემები, ბინის მისამართები, ტელეფონის ნომრები“, - ამბობს დაღესტნელი ახმად ახმედოვი, რომელიც დარწმუნებულია, რომ უფრო მეტი დაღესტნელი ახალგაზრდა დაყრიდა იარაღს და არ მიიღებდა მონაწილეობას ამ დანაშაულებრივ ომში, რომ არა კრემლის აგრესიული პროპაგანდა და მუსლიმანი სასულიერო პირები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს „საღვთო ომად“ ნათლავენ.

„სასულიერო პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი სიწმინდისა, ამქვეყნად ჩვენი სწორი საქციელისა და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის შემზადებისთვის, რომლებიც ჩვენთვის მაგალითის მომცემნი უნდა იყვნენ, ნაცვლად ამისა, გაიძახიან „ჯიჰადი! ჯიჰადი! - ეს არის საღვთო ომი ისლამის სახელით, რელიგიის სახელით, მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის. რა ჯიჰადი, როდესაც პუტინის არმიის შემადგენლობაში ისინი სხვა სახელმწიფოს ებრძვიან? მით უფრო, დაღესტნელები. ისინი არასოდეს მონაწილეობდნენ აგრესიულ ომებში. ისინი ყოველთვის თავს იცავდნენ. კავკასიის ომი ზუსტად 101 წელიწადი გრძელდებოდა. 101 წელი ჩვენ თავს ვიცავდით რუსეთისგან. მაგრამ უზარმაზარი რუსეთის რესურსები და შესაძლებლობა და პატარა ჩრდილოეთ კავკასიისა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ომი წავაგეთ. მაგრამ დაღესტნელები არასოდეს მონაწილეობდნენ აგრესიულ ომებში. არ ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს, არ ანადგურებდნენ სახლებსა და ნათესებს, არ იპარავდნენ კომბაინებს, როგორც ისინი იპარავენ აქ უკრაინაში. წარმოუდგენელია, თუ რამდენად დამახინჯდა ჩვენი ხალხის აზროვნება!“, - წუხს დაღესტნელი ახმად ახმედოვი, რომელიც 9 თვეზე მეტია იარაღით ხელში იცავს უკრაინას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

„ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად მივაყენებ ზიანს ამ წყეულ ქვეყანას?“

მაგრამ გადაწყვეტილებამ, იარაღით ხელში ებრძოლა უკრაინის დასაცავად, დიდი პრობლემები შეუქმნა დაღესტანში დარჩენილი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.

„დედა დაღესტანშია. მასთან გასაჩხრეკად მივიდნენ, თითქოს მე მმალავდა. არადა, მშვენივრად იციან, თუ სად ვიმყოფები და რას ვაკეთებ. ჩემი ფოტოსურათი სამხედრო ქრონიკის შემცველ ყველა საიტზე დევს, მათ შორის, რუსეთის სამხედრო საიტებზე. ჩემი ნათესავები, მათ შორის ჩემი და, რამდენიმე საათით ჰყავდათ დაკავებული პოლიციაში. მაგრამ ახლა მე არ მსურს საკუთარ ოჯახზე საუბარი. თითოეულ სიტყვას, რომელსაც აქ გავაჟღერებ, იქ გაიგებენ, ამიტომ არ მინდა ამაზე საუბარი. ჩემი ამოცანაა - გამოვიყვანო ჩემი ოჯახი იქიდან. მსურს, რომ ჩემი ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს უკრაინის სახელმწიფოს გარკვეული გარანტიები“, - ამბობს ახმად ახმედოვი.

გენეტიკას ვერსად გაექცევი. 100 წლის შემდეგაც კი ჩემი შვილთაშვილი ისეთივე იქნება, როგორც მე. ჩვენ რამდენიმე საუკუნე ვიბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ...
ახმად ახმედოვი

მას უჭირს თქმა, რამდენი დაღესტნელი იბრძვის მთლიანობაში უკრაინის მხარეზე. ბევრი მოხალისე ერიდება ღიად საუბარს, მის თანამებრძოლებს, რომლებიც ახმად ახმედოვის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ, სახეზე ნიღბები ეკეთათ.

და ეს ხდება არა საკუთარი თავის, საკუთარი სიცოცხლის შიშის გამო. არამედ რუსეთში დარჩენილი საკუთარი ნათესავებისა და ახლობლების სიცოცხლის შიშის გამო. ამიტომ ზუსტი რაოდენობის თქმა არავის შეუძლია, ამბობს დაღესტნელი მოხალისე და მისი და თავისი თანამებრძოლების უკრაინაში ყოფნას „გენეტიკით“ ხსნის.

„გენეტიკას ვერსად გაექცევი. 100 წლის შემდეგაც კი ჩემი შვილთაშვილი ისეთივე იქნება, როგორც მე. ჩვენ რამდენიმე საუკუნე ვიბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად მივაყენებ ზიანს ამ წყეულ ქვეყანას? ჩემი წინაპრები ყველანი გადასახლებასა და ციხეებში ამოწყვიტეს. ჩვენ სულ ომში ვართ რუსეთთან. ჩვენი ომი პრინციპში არ შეწყვეტილა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთმა ეს ომი წააგოს. საერთოდ, დაღესტნელები, ჩემი ხალხი, ამ ომში უკრაინის გამარჯვებას უკავშირებს თავის იმედებს. ვინაიდან ჩვენ ერთი მტერი გვყავს, დიდი იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებაც ერთი გვექნება. ყოველ შემთხვევაში მე ამ მოლოდინით ვცხოვრობ“, - ამბობს ახმად ახმედოვი.

„მსგავსი კანონის მიღებით ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“

ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ დაღესტნის მკვიდრი ახმად ახმედოვი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტით იბრძვის. რუსეთის პასპორტით გადაადგილდებოდა დაღესტნელი მოხალისე ფრონტის ხაზზე - კიევის ოლქიდან დაწყებული და ლუგანსკის ოლქით დამთავრებული, სადაც 157-ე ბრიგადის შემდგენლობაში მოქმედი მათი მოხალისეთა ბატალიონი ლისიჩანსკის, სევეროდონეცკის, პოპასნაიასა და ორეხოვოს ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას.

რუსეთში საკანონმდებლო დონეზე მიღებულია კანონი, რომლის თანახმად ჩვენ, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის მხარეზე ვიბრძვით, სამუდამო პატიმრობა გვემუქრება...
ახმად ახმედოვი

დაღესტნელი მოხალისე ამბობს, რომ რუსეთის პასპორტი მას სამხედრო ამოცანის შესრულებაში ხელს დიდად არ უშლის. სამხედრო საგუშაგოზე მას დიდი-დიდი ნახევარი საათით აჩერებენ შემოწმების მიზნით და როცა რწმუნდებიან, ვინც არის, თავაზიანად უშვებენ. მაგრამ ახმად ახმედოვს სურს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტოს მისი და მისი მსგავსი სხვა თანამემამულეებისათვის უკრაინის მოქალაქის სტატუსის დაჩქარებული წესით მიცემა. ბრძოლის ველზე ჯარისკაცმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის ტყვედ ჩავარდნა, რაც რუსეთის მოქალაქისათვის „ყველაზე დიდი უბედურებაა“, - ამბობს ახმად ახმედოვი.

„რისი გვეშინია? არა, სიკვდილისა ჩვენ არ გვეშინია, არავითარ შემთხვევაში. ტყვედ ჩავარდნის გვეშინია. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთში საკანონმდებლო დონეზე მიღებულია კანონი, რომლის თანახმად ჩვენ, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის მხარეზე ვიბრძვით, სამუდამო პატიმრობა გვემუქრება. ეს არის დიდი პრობლემა. ამიტომაც ვცდილობთ ჩვენ, რომ მივაწვდინოთ ხმა ვერხოვნა რადას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, იმ ინიციატივით, რომელიც ჩვენთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მიღებას ითვალისწინებს. რუსეთი თავის მოქალაქეებს ტყვეებში არ ცვლის. და რომელიმე ჩვენგანის ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში მათ უბრალოდ გაასამართლებენ, მაგრამ მანამდე მიზანმიმართულად აწამებენ და დაამცირებენ“, - ამბობს ახმად ახმედოვი.

ისინი შეემატებიან რუსეთის ციხეებში მყოფ იმ ათასობით დაღესტნელს, რომლებსაც, ახმად ახმედოვის თქმით, 20 წლამდე და მეტი ვადით პატიმრობა ემუქრებათ შეთითხნილი ბრალდებებით, რომ ვითომცდა მონაწილეობდნენ და აფინანსებდნენ ისეთ საქველმოქმედო ფონდებს, რომლებიც რუსეთში „ტერორისტულად“ ითვლებიან.

„21 ოქტომბერს ვერხოვნა რადამ პირველი წაკითხვით მიიღო კანონი უკრაინის მხარეზე მებრძოლ მოხალისეთათვის მოქალაქეობის გამარტივებული რეჟიმით მიღების შესახებ. მაგრამ რამდენად აისახება მასში ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხი, ეს ვერხოვნა რადის კომისიის მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, ვინც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტიან ჯარისკაცად ვიბრძვი, სხვა ჩვენი ბიჭებისთვისაც, რომლებსაც სურთ უკრაინაში წამოსვლა და ნაციონალური ბატალიონების შევსება. ასეთი ადამიანი ბევრია. მსგავსი კანონის მიღებით ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - ამბობს დაღესტნელი ახმად ახმედოვი.

  • ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი). კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, "ცოფიანი მოდგმა", უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს.
  • ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მილიონი დოლარის ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც სამართალდამცველებს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის ბატალიონების მეთაურების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიაწვდის.
  • რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნით გაკეთებული მოწოდებებისთვის, რაც ისჯება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
  • მაგრამ არც კანონის გამკაცრება და არც მით უმეტეს რამზან კადიროვის მუქარა არ ჭრის თავისუფლებისმოყვარე ჩრდილოეთ კავკასიელებზე. სექტემბერში უკრაინაში მოქმედი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისლამ ბელოკიევმა "კავკაზ.რეალიის" აცნობა. რომ დაღესტნის ტერიტორიაზე სადეოკუპაციო მოქმედებას იწყებს "იმამატის" სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის მეთაურის სახმისია "შამილი".

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG