Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთი პალესტინასთან "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს" განიხილავს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა

რუსეთის მიერ ოკურებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს. ამის შესახებ განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ დე ფაქტო უწყებასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, ამ საკითხზე რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიალოგი მიმდინარეობს.

„მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი, მათ შორის, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. არძინბას თქმით, შეიქმნება ორმხრივი „აფხაზეთ- არაბეთის გაერთიანებული საამიროების“ ბიზნესსაბჭო.

შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის „დელეგაციის“ მინსკში ვიზიტის შედეგებიც განიხილეს. ოკუპირებული აფხაზეთის „სამთავრობო დელეგაცია“ მინსკში ოქტომბრის ბოლოს იმყოფება. არძინბას თქმით, „ვიზიტი ქართველი დიპლომატების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად შედგა“. მან აღნიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები „დაღმავალ ტრაექტორიაზეა“.

პოსტსაბჭოთა სივრცეში საინტრეგრაციო გაერთიანებებზე საუბრისას არძინბამ აღნიშნა, რომ უკრაინის ომის შედეგად „პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესები ახალ ხარისხსა და ფორმებს შეიძენს“. (იგულისხმება დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების იდეა. რედ) ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ნაადრევია ნებისმიერი ტიპის შეხვედრის ჩატარება, რომელიც მიეძღვნება საინტერგაციო გაერთიანებებში აფხაზეთის მონაწილეობის კონკრეტული საკითხების განხილვას, ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეას 1999 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც 2019 წლიდან ეტაპობრივად, ახლებურად გააქტიურდა. 2021 წლის ნოემბერში ლუკაშენკამ და პუტინმა ხელი მოაწერეს სამოკავშირეო სახელმწიფოს დეკრეტს და შეათანხმეს ინტეგრაციის 30-მდე პროგრამა.

„აფხაზეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მსგავს გაერთიანებებში მხოლოდ სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპებით“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედიაცენტრის განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“ არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ რუსეთის „ელჩები“ ოკუპირებულ აფხაზეთა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიხაილ შურგალინი და ოლეგ ბოციევი.

  • ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთმა „თავისი სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დათმოს“. 2022 წლის აგვისტოში მან თქვა, რომ „აფხაზეთი მზადაა, შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა სახელმწიფოების სამოკავშირო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ“. "ინტეგრაციულ პროცესებს" მხარს უჭერს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც.
  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.
  • ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული "აფხაზეთი" და "სამხრეთი ოსეთი".
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
  • 2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა და ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი ეს ნაბიჯი მკაცრად დაგმეს.
  • სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა სურს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. ამის შესახებ რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტის" აგვისტოში განუცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა ვიაჩესლავ გობოზოვმა.
  • ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 2022 წელს, ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ, შეაჩერა რეფერენდუმი „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ. მოსკოვში გაგლოევის გადაწყვეტილებას მაშინ „გონივრული“ უწოდეს.

XS
SM
MD
LG