საქართველოს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, სახელმწიფო საბჭო მართავდა, საბჭოს, ცხადია, თვითონ ედუარდ შევარდნაძე თავმჯდომარეობდა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას კი თენგიზ სიგუა ასრულებდა, თენგიზ კიტოვანი სახელმწიფო საბჭოს წევრი და პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
ამ დროისთვის საქართველო ჯერ გაეროს წევრიც კი არ არის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობასაც არ აქვს დამყარებული მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. სწორედ ასეთ ვითარებაში, 1992 წლის 24 აპრილს, თბილისს ესტუმრა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენელი. საქართველოს მაშინდელი ოფიციალური პრესა წერდა:
„24 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ მიიღო პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასკომის თავმჯდომარის იასირ არაფატის პირადი წარმომადგენელი აბუ ჰალიდ ალაჰამი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძეს გადასცა იასირ არაფატის პირადი წერილი. საუბარმა გულთბილ, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. ედუარდ შევარდნაძემ და აბუ ჰალიდ ალაჰამმა განიხილეს ორივე მხარისათვის საინტერესო მთელი რიგი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საშინაო კონფლიქტების მოწესრიგებას. ედუარდ შევარდნაძემ ბატონ აბუ ჰალიდ ალაჰამს სთხოვა გადაეცა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასკომის თავმჯდომარისათვის მადლობა წერილისა და მასში გამოხატული გრძნობის გამო“.
საქართველო-პალესტინის ურთიერთობების ათვლის წერტილად, როგორც ჩანს, სწორედ ეს შეხვედრა მიიჩნევა, თუმცა როგორც 2008-2016 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ეკა აკობია ამბობს ამ ურთიერთობას ვერანაიარად ვერ დაერქმევა ვერც აღიარება და ვერ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება.
"1993 წელს, როცა არაფატის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, მაშინ არანიარი ურთიერთობა არ დამყარებულა, უბრალოდ ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელშიც ფიგურირებს პალესტინის ხელისუფლება და არა სახელმწიფო. რაღაც სრულფასოვან სახელმწიფოზე მაშინ არც იყო საუბარი. ძალიან არაზუსტი შეფასება იქნება, რომ ამ დოკუმიენტის საფუძველზე ვქვათ, რომ ვაღიარეთ პალესტინა ან დიპლომატიური ურთიერთობა დავამყარეთ. სახელმწიფო არ არსებოდა და შესაბამისად ვერ ვაღიარებდით", - უთხრა ეკა აკობიამ რადიო თავისუფლებას.
პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარის აფატის წარმომადგენლის თბილისში ჩამოსავლამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 1992 წლის 26 მარტს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნო ისრაელმა. 1992 წლის 1 ივნისს თბილისში ისრაელის საელჩო საზეიმოდ გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლორიეს ლევინმა.
ალექსანდრე ჩიკვაიძემ საქინფორმის კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში მაშინ აღნიშნა, რომ ოპტიმიზმით შეჰყურებდა ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობის განმტკიცებას სხვადასხვა დარგში: „საქართველოში არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი, ისრაელთან გვქონდა ურთიერთობა დე-ფაქტო, ახლა ამ ურთიერთობამ ოფიციალური ხასიათი მიიღო და ეს სასიხარულოა“.
ალექსანდრე ჩიკვაიძე (1932-2012), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 1992-1995 წლებში, მოგონებების წიგნში „პოლიტიკური ჭადრაკი“ იხსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან უხდებოდა ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობებში ისრაელის და არაბული ქვეყნების ინტერესებს შორის ლავირება.
„1994 წელს ედუარდ შევარდნაძემ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების დროს, თავისი მრჩევლების კარნახით (მე არაფერი ვიცოდი), ებრაულ მხარეს საქართველოს საელჩოს იერუსალიმში გახსნა შესთავაზა, - წერს ალექსანდრე ჩიკვაიძე, - რა თქმა უნდა, ეს ფრიად გაუაზრებელი იდეა გახლდათ. ვინც ოდნავ მაინც იცნობს ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკას, ალბათ, დამეთანხმება, რომ იერუსალიმში ჩვენი საელჩოს დაარსება ავტომატურად გამოიწვევდა არაბული და, საერთოდ, სამყაროს აშკარა ანტაგონიზმს საქართველოს მიმართ. შევარდნაძის წინადადება ისრაელის პრემიერ-მინისტრისათვის იმდენად სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო, რომ მასპინძლებმა მოლაპარაკებაზე შესვენება გამოაცხადეს, რომლის დროსაც ჩემმა ებრაელმა კოლეგამ აღფრთოვანება გამომიხატა ქართული ინიციატივის გამო და უკვე იმაზე დამიწყო საუბარი, თუ როგორ დაეხმარებოდა ისრაელის მთავრობა იერუსალიმში ქართული საელჩოს რაც შეიძლება მაღალ დონეზე დაფუძნებას. როგორც კი დრო ვიხელთე, პრეზიდენტს მივუახლოვდი: „ბატონო ედუარდ, ჩვენი ინიციატივა იერუსალიმში საელჩოს გახსნაზე სწორი არ გახლავთ იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ახლო აღმოსავლეთის ურთულეს პრობლემატიკაში გაუაზრებელ, სარისკო ჩარევას ნიშნავს. იერუსალიმში სულ ორიოდე, ისიც ლათინური ამერიკის ქვეყნის საელჩოა. მთელ არაბულ სამყაროს მტრად გადავიკიდებთ. არ ვიცი, ვისგან მოდის ეს იდეა, მაგრამ საქართველოს მტრები არ სჭირდება. მოსალოდნელია მკვეთრი დემარში არაბული ქვეყნებიდან. მოდით, ამას ნუ გავაკეთებთ“.
ალექსანდრე ჩიკვაიძე წერს, რომ მეორე დღესვე ისრაელის პრესამ აიტაცა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა. ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა მსოფლიოშიც და ორიოდე დღეში საქართველოს საგარეო უწყებამ მიიღო საკმაოდ განაწყენებული რეაქცია რამდენიმე არაბული ქვეყნიდან. შეცდომის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდა. საქართველოს მთავრობამ მთელი ორი წლით გააჯანჯლა ისრაელში (ცხადია, თელ-ავივში) საელჩოს გახსნა.
„ისრაელში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის პროცესის ორი წლით გაჭიანურებამ მაქსიმალურად შეარბილა ებრაული მხარის პირველი განწყობა და ყველაფერი წარიმართა პოლიტიკური გართულებისა და დაძაბულობის გარეშე“, - წერს ალექსანდრე ჩიკვაიძე.
„პოლიტიკური გართულებისა და დაძაბულობის გამორიცხვა“ - სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ასეთია საქართველოს მიდგომა ახლო აღმოსავლეთის რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონთან, რომელთან ურთიერთობა მაღალი ინტენსივობით არასოდეს გამოირჩეოდა.
"არ გვაქვს აქტიური და პირდაპირი ურთიერთობები. არც ვიზიტები ხორციელდება და არც სხვა სახის აქტივოვები... აზერბაიჯანში, თუ სწორად მახსოვს, პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლობა ფუნქციონირებს, ჩვენთან ასეთი რამ არასოდეს ყოფილა", - ამბობს ეკა აკობია.
საქართველოსა და პალესტინის გზები მორიგ ჯერზე მხოლოდ 2008 წლის 26 აგვისტოს გადაიკვეთა, როცა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა პალესტინურმა „ჰამასმაც“ ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიხედვით, ორგანიზაციის წარმომადგენელმა, აიმან ტაჰამ თქვა, რომ ეს არის „პრეცედენტი იმ ხალხებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლობისა და აღიარებისთვის იბრძვიან“.
2008 წლის 26 აგვისტოსვე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის მხარდაჭერის შესახებ განცხადება გაავრცელა ლიბანურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰეზბოლამაც“.
ორიოდე კვირის წინ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც გაიხსენა პალესტინასთან მეგობრული ურთიერთობის ამბები:
„ჩვენ გვაქვს კარგი დიალოგი პალესტინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთში, გვაქვს კარგი ურთიერთობა პალესტინის ელჩთან რუსეთში. მინდა გითხრათ, რომ სწორედ აშშ-ის წარმომადგენლებმა დაბლოკეს დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთსა და პალესტინას შორის. ამაზე გულწრფელად მელაპარაკნენ პალესტინელი მეგობრები“.
როგორც ჩანს, დიდწილად სწორედ სეპარატისტული რეგიონების აღიარების საფრთხემ განსაზღვრა საქართველოს პოზიცია 2012 წლის 29 ნოემბერს გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც კენჭი ეყარა პალესტინის სტატუსის განახლების საკითხს.
ახალი, უფრო მაღალი საერთაშორისო სტატუსით პალესტინას შესაძლებლობა მიეცა წარმოდგენილი იყოს გაეროს სააგენტოებში და, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც მას ისრაელის წინააღმდეგ მოქმედების შანსიც ექნება. გენერალური ასამბლეის მიერ გადადგმული ნაბიჯი ირიბად ნიშნავდა პალესტინის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, ღაზის სექტორისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ქართულ-ებრაული ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ:
„მე რომ ვყოფილიყავი ისრაელის ელჩი საქართველოში, დაუყოვნებლივ დავტოვებდი თანამდებობას, ვინაიდან ჩავთვლიდი, რომ საქართველოში ჩემი მისია ამოწურულია. იმის ნაცვლად, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილგანწყობა შენარჩუნებულიყო, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა“.
თუმცა ისრაელის მთავრობას მსგავსი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ კი თქვა, რომ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდა, წინ უძღოდა აქტიური კონსულტაციები:
„მიმდინარეობდა ყველა მონაწილე მხარესთან - ევროპულ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან - ინტენსიური კონსულტაციები. გადაწყვეტილება არ იყო თავისთავად იოლი. საქართველო ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ამ რეგიონის მიმართ”.
ექსპერტულ წრეებშიც ითქვა, რომ რეზოლუციაში ისეთი არაფერი ეწერა, რაც საქართველოს აქამდე არ ჰქონდა გაკეთებული ან აღიარებული და, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაღიარების პოლიტიკამ და საქართველოს ურთიერთობებმა არაბულ სამყაროსთან.
„რუსეთის ფედერაციას დიდი ხანია დეკლარირებული აქვს, რომ სურს მიიღოს რაც შეიძლება მეტი აღიარება ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე აზიის კონტინენტზე. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში იყო. არაბული ლიგა, რომელიც პალესტინის რეზოლუციას მხარს უჭერს, ჯამში 22 სახელმწიფოს აერთიანებს (სირიის ჩათვლით). შესაბამისად, საქართველომ ამ ქვეყნებთან არაღიარების პოლიტიკის საწარმოებლად ყველა ღონე უნდა გამოიყენოს. სამწუხაროდ, ეს ის რეგიონია, სადაც არც აშშ-ს და არც ევროკავშირს დიდი გავლენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგებია, რომ საქართველო არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ღიად შეეწინააღმდეგება არაბული ლიგის პოზიციას, განსაკუთრებით იმ თემებზე, სადაც საქართველოს პოზიცია წლების განმავლობაში ემთხვეოდა არაბულ პოზიციას“, - სერგი კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, 2013 წლის 7 იანვარი.
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმითაც, საქართველოს უწევს დაბალანსებული პოლიტიკის გატარება - ერთი მხრივ, არ აწყენინოს ისრაელის სახელმწიფოს, მაგრამ იმავდროულად არ გააღიზიანოს არაბული ქვეყნები, რათა არ დააზიანოს ე.წ. არაღიარების პოლიტიკა.
„საქართველო აღიარებს ორი ქვეყნის პრინციპს, რომ უნდა იყოს დამოუკიდებელი პალესტინა და დამოუკიდებელი ისრაელი, თუმცა ეს არც ერთ მხარეს მოსწონს და არც - მეორეს, მაგრამ ჩვენ, როგორც ჩანს, ამ მიდგომას არ შევცვლით და ეს ასატანი ფორმულაა პრინციპში ყველასთვის. საქართველო ხშირად უჭერს მხარს ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პალესტინას ეხება. ჩვენ ასევე მოგვიწევს მხარი დავუჭიროთ ევროკავშირის განცხადებებს ტერორიზმის წინააღმდეგ. თუ არ დავუჭერთ მხარს, ეს ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის. საუბარია არა პალესტინის, არამედ "ჰამასის" წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე“, - უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.
2012 წლის ნოემბერის შემდეგ საქართველო-პალესტინის ურთიერთობებში რამე სახის არსებითი ცვლილება არ მომხდარა. როგორც ეკა აკობიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, პალესტინელების მხრიდან ბუნებრივია არსებობს სურვილი, რაც შეიძლება მეტი ლეგიტმიაცია მოიპოვონ და მეტ ქვეყანაში გახსნან წარმომადგენლობა, მაგრამ საქართველოს, გასაგები მიზეზების გამო, ფრთხილი პოზიცია უკავია.