Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეძლებულია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი? - რას ჰყვება ირაკლი ღარიბაშვილზე მისი დეკლარაციები


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

​​​​​​​საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო მოხელის დეკლარაცია 9-ჯერ აქვს შევსებული, მათგან უახლესი - 2023 წლის 30 ოქტომბერს. ყველაზე ძველი კი - 2012 წლის დეკემბერს, როცა მან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად დაიწყო მუშაობა.

ბოლო წლებია პრემიერის საკუთარი ოჯახის ძირითად ხარჯებს მისი მშობლების ნაჩუქარი ფული ფარავს. ასე მოხდა გასულ წელსაც. ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ხელფასი 41 ათასი ლარი იყო, მხოლოდ შვილების განათლებაში კი 60 ათას ლარამდე დახარჯა.

რამდენიმე ინფორმაცია მისი დეკლარაციებიდან:

  • თანამდებობაზე დანიშვნამდე უკვე ფლობდა ძვირადღირებულ ქონებას თბილისში;
  • საჯარო სამსახურში ბევრად დაბალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე კერძო კომპანიებში. მაგალითად, 2019 წელს შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობის დროს თვეში 30 ათას ლარს იღებდა, 2021 წელს პრემიერად მუშაობის დროს კი - თვეში 3,5 ათასს;
  • მას ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ლარი (ზოგჯერ 10 და ზოგჯერ 50 ათასი) აქვს ე.წ. ქეშად, ნაღდი ფულის სახით;
  • მას მშობლები ჩუქნიან ათეულობით ათას ლარს მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ მისი შემოსავალი რამდენჯერმე მცირდება.

პირველი დეკლარაცია

რა ქონება და ფინანსური რესურსები ჰქონდა ღარიბაშვილს, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა?

2012 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ თბილისში ფლობდა ქონებას:

  • ორი ბინას ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე (ჯამში 329 კვადრატული მეტრი) და ორ არასაცხოვრებელ ფართს (ჯამში 49 კვადრატული მეტრი) იმავე ქუჩაზე;
  • საბურთალოზე, გაგარინის ქუჩაზე ბინას (122 კვადრატული მეტრი) და ავტოფარეხს (16 კვ/მ).

მის სახელზე იყო რეგისტრირებული ორი ავტომობილი - 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz და 2007 წლის Toyota Corolla.

12 წლის წინაც, ისე, როგორც ახლა, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახში მხოლოდ ის მუშაობს. მისი შემოსავალი 2011 წელს, მინისტრობამდე, 150 ათასი ლარი იყო, ნახევარი „ფონდ ქართუდან” და ნახევარი შპს „ქართული ოცნებიდან”. 20 ათასი ლარი ჰქონდა მას დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ნაღდი ფულით, საბანკო ანგარიშებზე კი - ჯამში 3000 ლარამდე.

სამი წლის შემდეგ

ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი წელი შინაგან საქმეთა მინისტრად და ორი წელი პრემიერ-მინისტრად მუშაობის შემდეგ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, 2015 წლის 23 დეკემბერს, მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა მისი გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა.

„ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, - ამბობდა ის.

ამ დროისთვის მისი ქონება შემცირებულია, დანაზოგი კი თითქმის უცვლელია.

პრემიერს ორი მანქანიდან არცერთი აღარ ეკუთვნის, დანაზოგი ნაღდი ფულის სახით 10 ათას ლარამდე აქვს, საბანკო ანგარიშებზე კი: 3,5 ათასი დოლარი, 3,6 ათასი ევრო და 100 ლარამდე თანხა.

თუკი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობის დროს ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი 150 ათასი ლარი იყო, ამ დეკლარაციით ჩანს, რომ კერძო სექტორიდან სახელმწიფო უწყებებში მუშაობის გაგრძელებით მისი შემოსავალი 3-ჯერ შემცირდა და 51 ათასი ლარი გახდა.

სესხი, ახალი მანქანა და მიწა - ღარიბაშვილის მინისტრად დაბრუნება

2019 წლის სექტემბერში, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო, ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტში დააბრუნეს. თითქმის 1,5 წლით დაიკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. სწორედ თავდაცვის მინისტრად მუშაობის დაწყების შემდეგ განაახლა მან საჯარო მოხელის დეკლარაციების შევსება.

2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ღარიბაშვილის ოჯახს უკვე ახალი ქონება აქვს. თბილისში ბინების გარდა, მინისტრის ოჯახი (ცოლის სახელზე) ფლობდა 76,5 ათას დოლარად დაბა ბაკურიანში 1,5 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. ცოლ-ქმარმა ნუნუ თამაზაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა 2018 წელს იყიდეს ახალი მანქანები RANGE ROVER VELAR (46 ათას ევროდ) და AUDI A8 (75,6 ათას ევროდ ნაყიდი).

გაიზარდა შემოსავლებიც. 2018 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი, სადაც 169 927 ლარი გამოიმუშავა. 2019 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მის ცოლს ბიძინა ივანიშვილის „ბანკ ქართუში” ჰქონდა 134 880 ლარისა და 32 508 დოლარის ოდენობის სესხი. ამავე ბანკში პრემიერის სახელზე იყო 40 406 ლარი და დამატებით, ჯამში 5 ათას ლარამდე თანხა სხვადასხვა ანგარიშზე. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 50 000 ლარი.

ირაკლი ღარიბაშვილის „შეძლებული ოჯახი”

„მე მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი, მე არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული“, თქვა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ და რატომ გამოიყენა მან სახელმწიფო თვითმფრინავი შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის ევროპაში 2023 წლის აგვისტოში წასაყვანად.

სახელმწიფო ბორტით ევროპაში პრემიერის ოჯახის წევრების ხარჯებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, რომლის უწყებაც განაგებს სახელმწიფო ბორტს. მან თქვა, რომ ამ ბორტის დაქირავებაში არა სახელმწიფოს, არამედ კერძო ფულია გადახდილი.

„შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში”, - თქვა ანზორ ჩუბინიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ თანხა გადაიხადა ტარიელ ღარიბაშვილმა - პრემიერის მამამ.

მამა-შვილი ირაკლი და ნიკოლოზ ღარიბაშვილები, ოფიციალურად ბაბუის ხარჯებით აგვისტოში გერმანიაში გაფრინდნენ სამთავრობო ბორტით. თვითმფრინავს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ემსახურება. სწორედ მისმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა პირველმა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავი პრემიერმა პირადი მიზნით გამოიყენა.

„პრემიერ-მინისტრია, თქვენ ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?! ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მხოლოდ თვითმფრინავი, გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა…“ - თქვა ავიკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა.

რა ვიცით ტარიელ ღარიბაშვილზე

საჯარო წყაროებში ტარიელ ღარიბაშვილის ფინანსურ რესურსებზე მწირი ინფორმაციაა, თუმცა მის შესაძლებლობებზე წარმოდგენას ქმნის შვილის შევსებული დეკლარაციები. ტარიელ ღარიბაშვილი საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში პირველად 2015 წლის დეკემბერში გამოჩნდა.

  • 2014 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა მამას აჩუქა მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 9000 დოლარი იყო.

თუკი, 2014-ში შვილი ჩუქნის მამას მანქანას, 2020 და 2021 წლებში პრემიერი იღებდა საჩუქრებს ტარიელ ღარიბაშვილისგან. დეკლარაციების მიხედვით, ორივე წელს პრემიერს მამამ 150-150 ათასი ლარი აჩუქა - 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის ანაზღაურება იყო. პრემიერს მშობლები 180 ათას ლარს ჩუქნიან 2022 წელსაც.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტარიელ ღარიბაშვილი, ფლობს მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს „ქართული ფესვები“) 50-პროცენტიან წილს. პრემიერის მამამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის თებერვალში 200 ათას ლარად იყიდა. რეესტრის მიხედვით, კომპანია ფლობს ვენახებს, აწარმოებს და ყიდის ღვინოს.

სტუდენტობიდან პრემიერ-მინისტრობამდე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლება საფრანგეთში მიიღო. როგორც მისი მამა ტელეკომპანია „ობიექტივისთვის” 2013 წლის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში ამბობს, შვილი სწავლის პარალელურად მუშაობდა და ოჯახს ეხმარებოდა.

„ცხოვრებაში ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს ირაკლისთვის, ბავშვი ისე გაიზარდა, რომ ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს, თვალებს გადავუტრიალებდი, უკვე გრძნობდა, რომ არ უნდა გაეკეთებინა... დღე და ღამე მეცადინეობდა... არაფრის შესაძლებლობა არ მქონდა, მეგობრები დამეხმარნენ, ცოტა ფული შევუგროვეთ და წავიდა ასე საფრანგეთში. მერე დაიწყო იქ მუშაობა [მიმტანად] და ირჩენდა თავს... იქედან გვეხმარებოდა აქეთ”, - ამბობდა ტარიელ ღარიბაშვილი.

ამ ინტერვიუს მიცემის დროს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. ის ამ თანამდებობაზე პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. წარდგენის დღეს, 2013 წლის 3 ნოემბერს, ივანიშვილმა გაამახვილა ყურადღება, როგორ „ირჩენდა თავს” ღარიბაშვილი:

„სტუდენტობის დროს ზოგჯერ ის მიმტანად მუშაობდა, ზოგჯერ დაბალი სხვა არაპოპულარული სამსახური ჰქონდა და ასე ირჩენდა თავს სტუდენტობის დროს და ცხოვრობდა პარიზში. ასე მიიღო ამ კაცმა განათლება და ასე მოახერხა. მან იცის შრომის ფასი…”

საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობის დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციებში და ამის შემდეგ გახდა ის ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრი.

„მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც, მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული. ეს არ არის სიახლე“, - ასე გაიხსენა ირაკლი ღარიბაშვილმა განვლილი კარიერა 28 სექტემბერს.

ბოლო დეკლარაცია

თითქმის 20-მილიარდიანი ბიუჯეტის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბოლო დეკლარაციაში წერს, რომ მისი ანაზღაურება გასულ წელს თვეში საშუალოდ 3417 ლარია, წლის განმავლობაში - ჯამში 41 004 ლარი. 2023 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, წინა წელს მან და მისმა ცოლმა თითქმის 60 ათასი ლარი დახარჯეს შვილების განათლებაში, დამატებით 9 ათას დოლარამდე კი - ოჯახის წევრების მოგზაურობაში.

იმის მიუხედავად, რომ პრემიერის ოჯახის ხარჯები მის ხელფასს ბევრად აღემატება, მან მაინც მოახერხა დანაზოგი ჰქონოდა ნაღდი ფულის სახით 40 ათასი ლარი და დამატებით საბანკო ანგარიშებზე: 10 ათას ლარზე მეტი, 11 ათას დოლარამდე და 7,6 ათას ევრომდე.

ბოლო დეკლარაციიდანაც ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახს ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალი არ ჰყოფნის იმ ხარჯებისთვის, რაც მათ აქვთ. წელსაც, ისე, როგორც წინა წლებში, პრემიერმა ოფიციალურ დოკუმენტში ჩაწერა, რომ ოჯახმა სოლიდური თანხა აჩუქა - ამჟამად, 180 000 ლარი, გასულ წლებთან შედარებით 30 000 ლარით მეტი.

XS
SM
MD
LG