Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს


თამაზ გაიაშვილი
თამაზ გაიაშვილი

საქართველოს ავიახაზების - "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი "TV პირველთან" ამბობს, რომ მისმა კომპანიამ წაიყვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, მიუნხენში. ამის შესახებ გაიაშვილის კომენტარი გავიდა იმ სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა 2023 წლის აგვისტოში პირადი მიზნებისთვის პრემიერის საქართველოდან აშშ-ში ერთი კვირით გაფრენას.

"[ღარიბაშვილზე] არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურეობრივი, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებენ... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა", - ამბობს თამაზ გაიაშვილი.

ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში შვილის სასწავლო წლის დაწყების გამო ჩავიდა, მედიასაშუალებებისთვის ცნობილი გახდა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, რომელიც "ფეისბუკში" გამოაქვეყნა. ის აღნიშნავდა, რომ ეს იყო "ჩარტერული (კომერციული) რეისის".

"პრემიერ-მინისტრია, თქვენ ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?.. ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მხოლოდ თვითმფრინავი, გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა... მე არ მინახავს მთავრობა, მეტსაც გეტყვი, [მიხეილ] სააკაშვილი ცხვირის ოპერაციაზე წავიყვანე ბერლინში..." - თქვა ავიკომპანია "ჯორჯიან ერავეისის" ხელმძღვანელმა.

ნინო გიორგობიანის ფეისბუკპოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში განმარტება გავრცელდა იმ უწყების სახელითაც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს მთავრობაში.

"განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - ეწერა გავრცელებულ განცხადებაში.

"TV პირველმა" თამაზ გაიაშვილთან საუბრის დროს გაარკვია, რომ სამთავრობო თვითმფრინავი იმ დროის განმავლობაში, როცა ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში იყო, გერმანიის აეროპორტში იყო გაჩერებული.

"ჩვენი რეისით პილოტები უკან დავაბრუნეთ, [შემდეგ] ჩვენი რეისით გავუშვით. [პრემიერი წაიყვანეს მიუნხენში] და შემდეგ უკან დავაბრუნეთ, [თვითმფრინავი] დატოვეს იქ ტექმომსახურებაზე. შემდეგ გაფრინდნენ ჩვენი რეისით და წამოიყვანეს პრემიერი..." - ამბობს "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი.

პრემიერის ჩარტერული რეისით გამგზავრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თამაზ გაიაშვილთან დაკავშირება სურდა რადიო თავისუფლებასაც, თუმცა მან არ უპასუხა სატელეფონო ზარებს.

ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა დაუჯდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შვილთან ერთად აშშ-ში მოგზაურობა. ბოლო დეკლარაცია მან 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.

XS
SM
MD
LG