სტრატკომი განმარტავს, რომ არასწორია "თითქოსდა [პრემიერ-მინისტრი] ჩარტერული რეისით გაემგზავრა".
"განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
"ჩარტერული (კომერციული) რეისი" ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის საქართველოდან აშშ-ში გამგზავრების კონტექსტში ახსენა თავად მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა.
"მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - წერდა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში.
2022 წლის 17 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა, რომ მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის.