საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მისი ბოიკოტი მათაც გაიზიარონ.
ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა 20 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:
„მე ვაწესებ ჩემთვის, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ ბოიკოტი „აირზენაზე“, რომელიც არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს. გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე თავს შევიკავებ ამ კომპანიის ბორტის გამოყენებისგან, სანამ ეს იქნება „აირზენას“ ხელში, რომ კიდევ არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ყველაფრისთვის მზად არის“.
10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი". მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა.