Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინები, მანქანები და არადეკლარირებული საათები - რა ქონებით დაბრუნდა ღარიბაშვილი


ქონება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ახლანდელ დეკლარაციაში აქვს მითითებული, განსხვავდება იმ ქონებისგან, რომელიც მას წინა პრემიერობის დროს შევსებულ დეკლარაციაში ჰქონდა. ახალი მანქანები, ახალი მიწის ნაკვეთი და მეტი ნაღდი ფული ანგარიშზე - ეს არის სხვაობა, რომელიც დოკუმენტებშია ასახული.

2013 წელს მან დეკლარაცია პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, 27 დეკემბერს შეავსო. ამ დროს ის ფლობდა:

  • სამ ბინას თბილისში: საბურთალოზე, გაგარინის ქუჩაზე 122 კვ.მ ზომის ბინა 100 ათას ლარად 2009 წელს იყიდა; ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე ორი ბინა, ჯამში 329 კვ.მ ზომის 406 ათას ლარად. მასვე ეკუთვნის 2011 წელს თბილისში მოსაშვილის ქუჩაზე ნაყიდი 2 არასაყოფაცხოვრებო ფართი (49 კვ.მ, ფასი - 26,7 ათასი ლარი); გაგარინის ქუჩაზე ავტოფარეხი (16 კვ.მ, 2009 წელი, ფასი - 10 ათასი ლარი);
  • 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz-ის (ღირებულება და ყიდვის დრო დეკლარაციაში მითითებული არ არის) ავტომობილი;
  • ნაღდი ფული - 10 ათასი ლარი;
  • მისი ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის სახელზე ქონება არ ფიქსირდებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე (2 წელზე მეტი) არსად არ მუშაობს, 2018 წლის 12 თებერვლიდან 2019 წლის პირველ სექტემბრამდე კი ის შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის თანამშრომელია. ამ კომპანიაში მუშაობისას (დაახლოებით 1,6 წელი) ჯამში მისი შემოსავალი თითქმის 411 ათასი ლარია, მისივე მითითებით. ღარიბაშვილი 2019 წლის სექტემბრიდან უკვე მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრად ბრუნდება - თუკი მისი ყოველთვიური ხელფასი კერძო კომპანიაში 30 ათას ლაზე მეტი იყო, საჯარო სამსახურში 5-ჯერ ნაკლებ ხელფასზე, 6,4 ათას ლარზე აგრძელებს მუშაობას.

მან ბოლო დეკლარაცია 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო. მას ახალ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ არ მოუწევს დეკლარაციის ხელახლა შევსება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, თანამდებობაზე გადანიშვნის მიუხედავად, ქონებაზე მონაცემების განახლება მხოლოდ 1 წლის შემდეგ არის სავალდებულო.

ბოლო დეკლარაციის მიხედვით:

  • მან 2019 წელს შეიძინა იმავე წელს გამოშვებული (AUDI A8), რომლის ღირებულებაც 75,6 ევრო იყო;
  • მისმა ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა 2019 წელს იყიდა 1 530 კვ.მ ზომის მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ;
  • გარდა ამისა, 2018 წელს შეიძინა იმავე წელს გამოშვებული მსუბუქი მანქანა (RANGE ROVER VELAR) 46 ათას ევროდ;
  • ღარიბაშვილი აღარ ფლობს 2009 წელს გამოშვებულ Mercedes Benz-ს;
  • მათი დანაზოგი, ნაღდი ფულის სახით, გაოთხმაგდა და 40 ათასი ლარი გახდა.

რადიო თავისუფლების გამოძიების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი ცოლი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.

ღარიბაშვილმა დეკლარაცია 6-ჯერ შეავსო, თუმცა საათების შესახებ ინფორმაცია არცერთ მათგანში არ მოხვდა. კანონმდებლობით, საჯარო მოხელემ დეკლარაციაში ყველა იმ ნივთის შესახებ უნდა ასახოს ინფორმაცია, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება. დეკლარაციაში უნდა აისახოს ყველა იმ საჩუქრის შესახებ ინფორმაციაც, რომლის ღირებულებაც 500 ლარზე მეტია.

რადიო თავისუფლებამ ამ დაუდეკლარირებელ საათებზე ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა, თუმცა მან უპასუხოდ დატოვა.

იმის მიუხედავად, თუ რა თანამდებობა ეკავება ღარიბაშვილს, ახალი დეკლარაციის შევსება მას 2021 წლის ოქტომბერში მოუწევს.

XS
SM
MD
LG