Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ჩარტერულ ფრენაზე: შეძლებული ოჯახი მაქვს, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული


ირაკლი ღარიბაშვილი ვაჟთან და ცოლთან ერთად
ირაკლი ღარიბაშვილი ვაჟთან და ცოლთან ერთად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჰყავს შეძლებული ოჯახი, რომელმაც დააფინანსა მისი შვილის ევროპაში თვითმფრინავის ჩარტერული რეისით ჩაყვანის ხარჯები. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ თემაზე საუბარი არ უნდოდა.

"არ ვთვლიდი საჭიროდ მანამდე ამ თემაზე მესაუბრა, იმდენად პრივატულია. მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არ მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი თუ ოჯახის მგზავრობა იქნება თუ სხვა... მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს იმის საჩვენებლად, რომ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელისუფლების და მეორე უკიდურესობა, რაც იყო გამეფებული 10 წლის წინ...

მე მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი, მე არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული. მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც, მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული. ეს არ არის სიახლე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა, აქცენტი გააკეთონ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფრენის ხარჯებზე.

მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩარტერული რეისი, რომელსაც პრემიერი შვილთან ერთად მიჰყავდა თბილისიდან მიუნხენში, სამთავრობო თვითმფრინავით შესრულდა. მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, ეს იყო კომერციული ჩარტერული რეისი.

„რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, - განმარტა სტრატკომმა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.

12 სექტემბერს კი მხოლოდ ოთხ ტელევიზიას: "რუსთავი 2-ს", "იმედს", "პოსტვ-სა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა შესაძლებლობა, ჩაეწერა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ამ ფრენის ხარჯებზე ილაპარაკა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. ტარიელ ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახელია.
XS
SM
MD
LG