Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ხელშეკრულებები საჯარო გახადოს


ფოტოკოლაჟი: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე (მარცხნივ) და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ფოტოკოლაჟი: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე (მარცხნივ) და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, საჯარო გახადოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მგზავრობასთან დაკავშირებით ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისთან" დადებული ხელშეკრულებები.

სახელმწიფო უწყება იმ ხელშეკრულებებს განასაიდუმლოებს, რომლებიც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის 2010-2012 წლებში მგზავრობას.

თავდაცვის სამინისტრო ამას "საზოგადოების მაღალი ინტერესით" ხსნის. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უსწრებდა "TV პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი ევროპაში ჩარტერული რეისით სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად", - წერია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია 14 მილიონ ლარამდე ხარჯზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან.

რადიო თავისუფლება ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიებას თავდაცვის სამინისტროდან, კომპანია "ჯორჯიან ეარვეისიდან" და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსისგან.

მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩარტერული რეისი, რომელსაც პრემიერი შვილთან ერთად მიჰყავდა თბილისიდან მიუნხენში, სამთავრობო თვითმფრინავით შესრულდა. მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, ეს იყო კომერციული ჩარტერული რეისი.
„რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, - განმარტა სტრატკომმა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.

12 სექტემბერს კი მხოლოდ ოთხ ტელევიზიას: "რუსთავი 2-ს", "იმედს", "პოსტვ-სა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა შესაძლებლობა, ჩაეწერა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ამ ფრენის ხარჯებზე ილაპარაკა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. ტარიელ ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახელია.
XS
SM
MD
LG