მთავრობის სტრატკომი დეზინფორმაციულს უწოდებს "TV პირველის" საგამოძიებო სიუჟეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის ჩარტერული რეისით მგზავრობას უკავშირდება. „ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - აცხადებს სტრატკომი.
განცხადების ტექსტის თანახმად, „რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“.
„თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა“, - განმარტავს მთავრობის სტრატკომი და აღნიშნავს ასევე, რომ რეისის ბიუჯეტიდან დაფინანსება ასევე უარყო „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ.
საქართველოს ავიახაზების - "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი "TV პირველის" საგამოძიებო სიუჟეტში ამბობს, რომ მისმა კომპანიამ წაიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, მიუნხენში. საუბარია პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის მგზავრობაზე აშშ-ს მიმართულებით, როცა, ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერი სასწავლებლად წასულ შვილს აცილებდა.
"[ღარიბაშვილზე] არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურეობრივი, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებენ... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა", - ამბობს თამაზ გაიაშვილი ტვ „პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტში. ის ასევე აღნიშნავს, რომ პრემიერი ამავე თვითმფრინავით დაბრუნდა მიუნხენიდან თბილისში და ჩარტერული რეისის თანხა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გადაიხადა. თანხის ოდენობას გაიაშვილი არ აკონკრეტებს. "მათ [მთავრობას] შეეკითხე", - ეუბნება გაიაშვილი ჟურნალისტს.
მთავრობის სტრატკომი არც რეისისთვის გადახდილ კონკრეტულ თანხას ასახელებს და არც თამაზ გაიაშვილს ახსენებს.