Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩარტერის სკანდალი": ოპოზიციაში ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვენ


ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად
ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად

„ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. ინიციატივა ეყრდნობა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის ჩარტერული რეისით მგზავრობას უკავშირდება. ოპოზიციაში ამ ფაქტს "ჩარტერის სკანდალად" მოიხსენიებენ.

„ვიხილეთ უკვე დადასტურებული ფაქტი აღვირახსნილი ქმედებისა, რასაც ჰქვია საქართველოს მთავრობის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის მიერ პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების საკუთარი სურვილისამებრ, საკუთარი ინტერესებით გამოყენება. ეს არის პირდაპირ სისიხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. საქმე გვაქვს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან“, - აცხადებს „ლელოს“ წარმომადგენელი, იურისტი ლევან სამუშია.

მანამდე, მსგავსი ინიციატივით, „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე გამოვიდა.

„თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!“, - წერს ხაზარაძე ფეისბუკზე.

„ლელო“ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს, შეუერთდნენ იმპიჩმენტის პროცედურებს.

საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი ითვალისწინებს მათ შორის - მთავრობის წევრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას „კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით“.

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს [50 დეპუტატი]. ამის შემდეგ, საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და "პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში".

  • თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს იმპიჩმენტის საფუძველს, დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
  • მთავრობის წევრი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [სულ მცირე 76 დეპუტატი].
  • საპარლამენტო ოპოზიცია ამჟამად სულ 56 დეპუტატს ითვლის.

საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

„შვილი სპეცრეისით უნდა წაიყვანო - აბა ახლა ჩვეულებრივ თვითმფირანავში ხომ არ ჩაჯდება პრემიერ-მინისტრის შვილი, ხომ არ ეკადრება. ეს არის სწორედ რუსული სტანდარტი, როცა ხალხი არის უბედურებაში, ხოლო ელიტა არის ზემდიდარი... ინამუსე და წადი, გეყოფა, რაც ძარცვე ეს ქვეყანა. წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს“, - მიმართავს ვაშაძე ღარიბაშვილს და ამატებს, რომ ასე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის დაკავებული უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ხელისუფლებას ციხეში ჰყავს მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი, რომელმაც ჰილარი კლინტონს რომ "რედ ბული" უყიდა, ვარცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი რომ მიიტანა და 2 პიჯაკი შეიძინა - თურმე, რითაც ოფიციალურ ვიზიტებში დადიოდა. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრებს მოვუწოდებ, " რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს ავიახაზების - "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი "TV პირველის" საგამოძიებო სიუჟეტში ამბობს, რომ მისმა კომპანიამ წაიყვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, მიუნხენში. საუბარია პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის მგზავრობაზე აშშ-ს მიმართულებით, როცა, ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერი სასწავლებლად წასულ შვილს აცილებდა.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ „საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით“ და „კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

"[ღარიბაშვილზე] არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურეობრივი, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებენ... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა", - ამბობს თამაზ გაიაშვილი ტვ „პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტში. ის ასევე აღნიშნავს, რომ პრემიერი ამავე თვითმფრინავით დაბრუნდა მიუნხენიდან თბილისში და ჩარტერული რეისის თანხა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გადაიხადა. თანხის ოდენობას გაიაშვილი არ აკონკრეტებს.

XS
SM
MD
LG