Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერს ჩარტერული ფრენის საფასური ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა - ჩუბინიძე


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. ჩუბინიძის ამ კომენტარის ჩაწერის შესაძლებლობა ჰქონდათ "რუსთავი 2-ს", "იმედს", "პოს ტვ-სა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ტარიელ ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახელია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, ფლობს მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს "ქართული ფესვები") 50-პროცენტიან წილს. პრემიერის მამამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის თებერვალში 200 ათას ლარად იყიდა.

რეესტრის მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროებია: მევენახეობა, ღვინის წარმოება და რეალიზაცია (და სხვა). კომპანიის დირექტორი ნათია ლობჟანიძეა. მან რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრა, რომ ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებული, შემოსავლებსა და სხვა დეტალებზე საუბარი კი არ ისურვა.

"შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია, იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც", - ამბობს ჩუბინიძე.

ანზორ ჩუბინიძის ამ კომენტარში არ არის ახსნილი, რა დაუჯდა პრემიერს შვილთან ერთად გერმანიიდან აშშ-ში ჩასვლა.

მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან გაემგზავრა ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო იქიდან რეგულარული რეისით - აშშ-ის მიმართულებით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.

ბოლო დეკლარაცია პრემიერმა 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.

XS
SM
MD
LG