Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

180 ათასი საჩუქრად - ირაკლი ღარიბაშვილის ახალი დეკლარაცია გამოქვეყნდა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო პრემიერ-მინისტრი

საქართველო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გასულ, 2022 წელს, 180 ათასი ლარი აჩუქეს. ამის შესახებ ის წერს უახლეს დეკლარაციაში, რომელიც 2023 წლის 30 ოქტომბერს შეავსო - დოკუმენტი დღეს, 1 ნოემბერს, გამოქვეყნდა.

თითქმის 20-მილიარდიანი ბიუჯეტის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი 2022 წელს ჯამში 41 004 ლარი იყო, რაც თვეში საშუალოდ 3417 ლარია. უახლესი დეკლარაციის მიხედვით, ის ისევ ერთადერთი დასაქმებული ადამიანია ოჯახში.

2023 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, წინა წელს მან და მისმა ცოლმა თითქმის 60 ათასი ლარი დახარჯეს შვილების განათლებაში, დამატებით 9 ათას დოლარამდე კი - ოჯახის წევრების მოგზაურობაში.

იმის მიუხედავად, რომ პრემიერის ოჯახის ხარჯები მის ხელფასს ბევრად აღემატება, მან მაინც მოახერხა, დანაზოგი ჰქონოდა - ნაღდი ფულის სახით 40 ათასი ლარი, დამატებით საბანკო ანგარიშებზე კი 10 ათას ლარზე მეტი, 11 ათას დოლარსა და 7,6 ათას ევრომდე.

ბოლო დეკლარაციიდანაც ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახს ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალი არ ჰყოფნის იმ ხარჯებისთვის, რაც აქვს. წელსაც, ისე როგორც წინა წლებში, პრემიერმა ოფიციალურ დოკუმენტში ჩაწერა, რომ მშობლებმა სოლიდური თანხა აჩუქეს - ამჟამად 180 000 ლარი, გასული წლებთან შედარებით 30 000 ლარით მეტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოლო სამი წელია დეკლარაციაში წერს, რომ მშობლები თანხას ჩუქნიან - 2021 და 2022 წლებში შევსებული დოკუმენტების მიხედვით, მას მიღებული აქვს 150-150 ათასი ლარი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, ფლობს მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს "ქართული ფესვები") 50-პროცენტიან წილს. პრემიერის მამამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის თებერვალში 200 ათას ლარად იყიდა. რეესტრის მიხედვით, კომპანია ფლობს ვენახებს, აწარმოებს და ყიდის ღვინოს.

ირაკლი ღარიბაშვილის უახლესი დეკლარაცია არ ასახავს შვილის გერმანიაში სამთავრობო ბორტით ჩაყვანის ხარჯებს. საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო მოხელე ყოველი წლის ერთსა და იმავე თვეში ასახავს გასული წლის ხარჯებსა და შემოსავალს - რადგან ღარიბაშვილმა შვილი ჩარტერული რეისით 2023 წლის აგვისტოში ჩაიყვანა, ეს მონაცემები შემდეგ წელს უნდა გამოჩნდეს.

XS
SM
MD
LG